რატომ გაგვიზიარა ჯოან როულინგმა სექსუალური ძალადობის პირადი გამოცდილება?

J.K. Rowling, photo via Facebook

ჯოან როულინგმა, ფართო საზოგადოების მხრიდან ტრანსფობიაში დადანაშაულების საპასუხოდ, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბლოგი გამოაქვეყნა. კრიტიკას მან სექსუალური ძალადობის პირადი გამოცდილების გაზიარებით უპასუხა.

„ჰარი პოტერის“ ავტორი საკუთარ თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლს ღიად უწოდებს და აღნიშნავს, რომ ძალადობრივ ქორწინებაზე საჯაროდ საუბრის ახლა დაწყების მიზეზი სირცხვილი ან თანაგრძნობის ძიება კი არა, იმის ახსნაა, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა, შესაძლოა, ფიზიკური საფრთხე შეუქმნან მათ, ვინც „ბიოლოგიურად დაიბადა ქალად“. ამით სოლიდარობას იმ ქალებს უცხადებს, რომლებსაც ძალადობის მსგავსი ისტორიები აქვთ.

კამათი გასულ კვირას დაიწყო, როცა როულინგმა საჯაროდ გამოაქვეყნა ონლაინსტატია სახელწოდებით „ადამიანები, რომლებსაც აქვთ მენსტრუაცია“. შემდეგ კი კრიტიკას “ტვიტერზე” უპასუხა – „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებისთვის რაიმე სახელი უნდა არსებობდეს“. კრიტიკოსებმა ამ კომენტარს ტრანსფობიური უწოდეს. ავტორი კი ამტკიცებს, რომ მისი პოსტის მიზანი ქალების უსაფრთხოების დაცვა იყო და არა სიძულვილი.

„მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსი ადამიანები, მაგრამ სქესის კონცეპტის წაშლა მრავალ ადამიანს ხელს შეუშლის საკუთარ ცხოვრებაზე საუბარისას. ჩემს ცხოვრებას ქალად ყოფნა განსაზღვრავს. მე არ მჯერა, რომ ამის თქმა სიძულვილის გამოხატვაა.“

წინა წლის დეკემბერში მწერალმა მხარი დაუჭირა სამსახურიდან გათავისუფლებულ მკვლევარს, რომელიც ტვიტერზე აქტიურად ამტკიცებდა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ შეიცვლიან მათ ბიოლოგიურ სქესს.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ბლოგში ავტორი აღნიშნავს: „ტრანსგენდერულ საკითხებზე ყურადღების გამახვილების მიზეზი ის არის, რომ საზოგადოება სულ უფრო ქალთმოძულე ხდება“. ჯოანს ჯერ კიდევ 80-იან წლებში სჯეროდა, რომ მისი ქალიშვილები უკეთეს სამყაროში იცხოვრებდნენ, თუმცა არასოდეს უნახავს ქალების ისეთი დამცირება და დეჰუმანიზება, როგორც ახლა.

მწერლის მოსაზრებებს „ჰარი პოტერის“ მსახიობებიც აღშფოთებით შეხვდნენ. როულინგი გააკრიტიკეს მთავარი როლის შემსრულებლებმა – დენილ რედკლიფმა და ემა უოტსონმა. ავტორს გამოეხმაურა „ჯადოსნური ცხოველების“ ვარსკვლავი, ედი რედმეინიც, რომლის მიხედვითაც, ის და მისი ტრანსგენდერი მეგობრები დაიღალნენ „საკუთარი იდენტობის მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით“. რედმეინი, რომელიც ტრანსგენდერ ქალს თამაშობდა 2015 წლის ფილმში „დანიელი გოგონა“, აღნიშნავს, რომ „ტრანსი ქალები არიან ქალები, ტრანსი კაცები არიან კაცები და არაბინარული იდენტობები მართებულია“.