ისტორიული მოვლენა: ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირველი რეისი შესრულდა

1 სექტემბერს, ისრაელის დროით 09:45 საათზე აფრინდა ისტორიაში პირველი თვითმფრინავი ისრაელიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით. აღნიშნული მოვლენა ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობას.

Photo Credits to Israel Ministry of Foreign Affairs

ისრაელის El Al ავიახაზების მიერ განხორციელებული 3 საათიანი რეისით ისრაელისა და ამერიკის ოფიციალური დელეგაციის წევრებმა ისარგებლეს.

რეისი განხორციელდა საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გავლით, რომლის გადაკვეთის უფლებაც ისრაელს აქამდე არ ჰქონია.

არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მესამე არაბული ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რომელმაც აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა. გასულ შაბათს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოხსნა ისრაელზე 1972 წელს დაწესებული ბოიკოტი, ხოლო თვის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის პირველი სატელეფონო ხაზი ამუშავდა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მიღწეული შეთანხმება, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, 13 აგვისტოს შედგა.