მრავალწლიანი სასაზღვრო დავის დასასრულებლად, ისრაელი და ლიბანი მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან. ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის საკამათო საზღვარი სხვადასხვა დროს მრავალი კონფლიქტის მიზეზი გამხდარა.
საზღვაო და სახმელეთო საზღვარი უკვე ათწლეულებია, რაც დავის ობიექტს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლიბანისათვის კი ის ტერიტორიაა, სადაც სამი ლიბანური ოფშორული ენერგობლოკი მდებარეობს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ოფიციალური ვაშინგტონი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცდილობს.
ლიბანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, მოლაპარაკებების ფორმატი შეთანხმებულია, თუმცა ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია. მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გაეროს ეგიდით გაიმართება, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ორივე მხარის მიერ მოთხოვნილი მედიატორი და ფასილიტატორია. აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმაც დაადასტურა.
ლიბანის მიერ პოზიციის შეცვლა უკავშირდება იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ქვეყანა ამჟამად იმყოფება. საზღვაო ზოლის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოსათვის, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე განიხილება ბუნებრივი რესურსების არსებობის შესაძლებლობა.