უფლებადამცველი ტოლეკან ისმაილოვა ყირგიზეთის პატრიარქალური კულტურის წინააღმდეგ

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა ყირგიზეთს წყლის მწირი რესურსები გააჩნია. ქვეყანაში 80-მდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთა საერთო რაოდენობა 6.5 მილიონს შეადგენს. რადგანაც მოსახლეობის 75%-ის ძირითადი საქმიანობა ფერმერული მეურნეობაა, წყლის რესურსი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2021 წლის აპრილში ყირგიზეთ-ტაჯიკეთს შორის ოთხდღიანი სასაზღვრო კონფლიქტი სწორედ წყლის გამო დაიწყო. როგორც ყირგიზეთის მთავრობა აცხადებს, სამხედრო მოქმედებების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 156 დაშავდა, 40,000-ზე მეტი კი ტერიტორიიდან იქნა ევაკუირებული. წყლის პრობლემას სხვა რიგი გამოწვევებიც ემატება. მათ შორის ყველაზე მწვავეა ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური წყობილება, კლანური მმართველობა, კორუფცია, ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობა.

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარი. წყარო: TASS

სიტუაციის მონიტორინგსა და განმუხტვაში აქტიურ მონაწილეობას Bir Duino Kyrgyzstan (BDK)-ის დირექტორი, ტოლეკან ისმაილოვა იღებს, რომელიც ტრაგედიით დაზარალებულ ადამიანებს იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს. გარდა ამისა, ისმაილოვა ქალთა, შრომით და მიწის საკუთრების უფლებებსაც იცავს. როგორც თავად აღნიშნავს, იგი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ტაჯიკეთის ხელისუფლების აგრესიული მოქმედებების აღრიცხვას აწარმოებს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას.

ისმაილოვას განცხადებით, ნარკოტიკების კონტრაბანდა ავღანეთიდან ტაჯიკეთში ხდება. ამ მარშრუტის ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი კი სამხრეთ ყირგიზეთია, სადაც ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს მილიონობით სარგებელი აქვთ კრიმინალური საქმიანობიდან  და ისინი ამას წყლის დავით ნიღბავენ. ისმაილოვა კრიტიკულად აფასებს ყირგიზეთის მთავრობის წარუმატებლობას პატარა ქალაქებისა და სოფლებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის მშენებლობის საქმეშიც, რადგან ქვეყნის მოსახლეობას ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. ამასთანავე, გაუმართავია გზები და სატრანსპორტო საშუალებებიც. სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები მამაკაცები უმუშევრობის მაღალი დონის გამო, იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციაში ეძებონ დასაქმების შესაძლებლობები და თავიანთ ოჯახებს დაეხმარონ, რომლებიც ნარკოტიკებით მოვაჭრეთა მიერ ოკუპირებულ სოფლებში ცხოვრობენ. ისმაილოვას თქმით, როდესაც მესაზღვრეები და თანამდებობის პირები დიდ შემოსავალს იღებენ კრიმინალური საქმიანობიდან, დანარჩენი მოსახლეობა არანაირი სოციალურ მხარდაჭერით არ არის უზრუნველყოფილი.

ტოლეკან ისმაილოვა. წყარო: Women’s Learning Partnership

ისმაილოვას განცხადებით, ორ ერს, ტაჯიკებსა და ყირგიზებს შორის მტრობის საფუძველი არ არსებობს. კონფლიქტი მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როდესაც ნარკომოვაჭრეები საზღვარს კვეთენ და ამ დროს სამხედრო და თანამდებობის პირები წილის ასაღებად ჩნდებიან. უფრო მეტიც, ტაჯიკებსა და ყირგიზებს მეგობრული, ძმური ურთიერთობა აკავშირებთ. უამრავი ყირგიზელი მკურნალობის მიზნით კვეთს ტაჯიკეთის საზღვარს. აღნიშნული დაზარალებულების გამოკითხვითაც დასტურდება, რომლებიც აცხადებენ, რომ სასაზღვრო სოფლებში პოლიტიკოსები ქალებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ეწევიან. როგორც ისმაილოვა აცხადებს, მას უკვე მოეპოვება ფაქტის დამამტკიცებელი ვიდეო მასალა და დოკუმენტები.

ბრძოლა ქალთა უფლებებისათვის

სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა და დაშინება ყირგიზეთის მთავრობისათვის უცხო არ არის. ნიღბიანები თავს ხშირად ესხმიან შეკრებებსა და ღონისძიებებს, როგორც ეს 2021 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოხდა.

ტოლეკან ისმაილოვა 1996 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყირგიზეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ორგანიზაციამ ხელი შეუწყო 1999 წლის პირველი კანონის მიღებას. მოგვიანებით, ისმაილოვამ დააარსა „დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების“ კოალიცია, რომელსაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პროცესის მონიტორინგი უნდა ეწარმოებინა. აღნიშნული საქმიანობის გამო, ადგილობრივმა მთავრობამ ისმაილოვასა და მის კოლეგებს „უცხო ქვეყნის აგენტები და ჯაშუშები“ უწოდა და მათი დევნა დაიწყო. 2007 წლის დეკემბერში ისმაილოვა სხვა ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად დააპატიმრეს. ისინი კამპანიას სახელწოდებით „მე არ მჯერა“-ს აწარმოებდნენ და 16 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებს აპროტესტებდნენ, რომელიც ყირგიზეთის ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც დაგმო.

ქალთა უფლებების დასაცავად გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა. ბიშკეკი, 2020 წლის 8 მარტი. წყარო: City News Everywhere

საბოლოოდ, ტოლეკან ისმაილოვამ ყირგიზეთში 98,000 აქტივისტისგან შემდგარი ქსელის ჩამოყალიბება შეძლო. მათ კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ადამიანის უფლებათა მოძრაობა, Bir Duino Kyrgyzstan (BDK) დააარსეს. აღნიშნული ორგანიზაცია დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსაც აფინანსებს, რომელიც პლატფორმას ქმნის ახალგაზრდა კინორეჟისორებისა და აქტივისტებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან. 2012 წელს ფესტივალზე დოკუმენტური ფილმის, „მე გეი ვარ, მე მუსულმანი ვარ“ ჩვენების შემდეგ, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ისმაილოვასა და მის ოჯახს „ექსტრემისტები, ეთნიკურ და რელიგიათაშორისი კონფლიქტების მაპროვოცირებლები“ უწოდეს.

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა, ისმაილოვა და კიდევ ერთი აქტივისტი, აზიზა აბდირასულოვა, უცხოური საიდუმლო სამსახურების მხარდაჭერასა და მისი მთავრობის დამხობაზე მუშაობაში დაადანაშაულა. მათი „პატივისა და ღირსების“ შეურაცხყოფის გამო, ისმაილოვამ და აბდირასულოვამ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს და ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ისმაილოვას მოძრაობა ანგარიშვალდებულებას ითხოვს უფლებადამცველის, აზიმჟან ასკაროვის გარდაცვალების ფაქტზეც. ასკაროვი ეთნიკურად უზბეკი იყო და თავის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „Vozdukh“-თან ერთად პოლიციელთა მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. ასკაროვი დააპატიმრეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2010 წლის სამხრეთ ყირგიზეთის ეთნიკური შეტაკებების გადაღებისთვის, რომლის შედეგადაც 400 უზბეკი მოქალაქე დაიღუპა. დაპატიმრების შემდეგ ასკაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და იგი გასულ ივლისს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

BDK-მა ღია საჩივრით მიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჯაფაროვს და ასკაროვის ოჯახის, უფლებადამცველებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით მოითხოვა „კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის აღდგენა“ და ასკაროვის ოჯახისათვის კომპენსაციის გადახდა. საჩივარში ნათქვამი იყო, რომ ასკაროვის უდანაშაულოდ ცნობა ყირგიზეთს დაუბრუნებდა შელახულ საერთაშორისო იმიჯს და წარმოაჩენდა მას ქვეყნად, რომელიც ერთგულია უნივერსალური ღირებულებების, ჰუმანურობისა და სამართლიანობისადმი, პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებებს, იბრძვის დაუსჯელობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას.

ტოლეკა ისმაილოვა თანამებრძოლ აზიზა აბდირასულოვასთან ერთად. წყარო: Respublica

მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ისმაილოვა ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს 33 წლის აიდა კასიმალიევასთან, ყირგიზეთის ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარ ქალთან და ყოფილ ჟურნალისტთან, რომელიც ქალთა საკითხებს, კერძოდ, არასრულწლოვან გოგონათა იძულებით ქორწინებისა და მოტაცების შემთხვევებს აშუქებდა. როდესაც კასიმალიევამ ამ საკითხების პარლამენტის სხდომაზე განხილვა გადაწყვიტა, შეხვედრა მამაკაცმა კოლეგებმა დატოვეს.

ბრძოლა პატრიარქალური ნორმების წინააღმდეგ

ტოლეკან ისმაილოვა ისიქ-ქოლის ტბის სანაპიროზე, ტიან-შანის მთებში, აღმოსავლეთ ყირგიზეთში დაიბადა. იგი საუბრობს იმაზეც, რომ ოქროს მოპოვების მიზნით, მაღალჩინოსნები აქ უზარმაზარ მყინვარებს ანგრევენ და ამით საფრთხეს უქმნიან გარემოს უსაფრთხოებას. ისმაილოვა ყვება ამ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების ისტორიებსაც, რომელთაც ოჯახები საჭმლის სანაცვლოდ ყიდიან ჩინეთში, სინძიანის რეგიონში.

საბედნიეროდ, ისმაილოვას მამა, რომელიც ყირგიზული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, წინააღმდეგი იყო პატრიარქალური ნორმების და იგი ქალიშვილის განათლებას უჭერდა მხარს. ისმაილოვამ უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა და ძმების გარემოცვაში თანასწორად აღიზარდა. მისი მეუღლე, ჟურნალისტი ასილბეკ ისმაილოვიც ასევე მხარს უჭერდა ისმაილოვას საქმიანობას. წყვილმა პატრიარქალური საზოგადოების სტერეოტიპები და სტიგმები ერთად დაანგრია, კორუმპირებული პოლიტიკოსები ამხილა, ხოლო ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას მხარი დაუჭირა. თუმცა აღნიშნულის გამო ისინი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმებისა და შევიწროების სამიზნეები გახდნენ.

ტოლეკან ისმაილოვას მეუღლე 2008 წელს გარდაიცვალა, როდესაც კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისმაილოვა მეუღლის გარდაცვალებაში სისტემას ადანაშაულებს და იგი დარწმუნებულია, რომ მის მეუღლეს სათანადო სამედიცინო დახმარება განგებ არ აღმოუჩინეს. დღეს 67 წლის უფლებადამცველთან ერთად ბრძოლას მისი ადვოკატი ქალიშვილი განაგრძობს, რომელიც ამჟამად ციხის რეფორმებზე მუშაობს. ისმაილოვა საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებს. თუმცა როგორც ამას თავად აღნიშნავს, ეს მისი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, ის ღელავს საკუთარ სიცოცხლეზე, თუმცა მისთვის დაუშვებელია ის პროცესები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და მას ამ ბრძოლაში საკუთარი თანამოაზრეების მხარდაჭერის იმედი აქვს.