ISET-PI: აუცილებელია ძირითადი სასურსათო პროდუქტების ბაზრების დივერსიფიკაცია

Photo by Tom Fisk

მსოფლიოში შექმნილი ვითარება გარკვეულ პრობლემებს უქმნის სასურსათო მიწოდების ჯაჭვს. ჯერ–ჯერობით არ გვაქვს პანიკის საფუძველი, თუმცა გაურკვევლობა მაინც უბიძგებს მთავრობებს გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ მოსახლეობა აუცილებელი პროდუქტებით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 10 მლნ. ლარი გამოყო. ამ თანხით ძირითადი მოხმარების 9 სახეობის პროდუქტზე ფასები დაფიქსირდა მარტის დასაწყისის ნიშნულზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, არსებობს დამატებითი საფრთხეები, რაც დამატებით ანალიზს საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, აისეტის კვლევითმა ინსტიტუტმა ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ჩაატარა კვლევა და აღნიშნული კვლევის საფუძველზე რეკომენდაციებიც შემოგვთავაზა.

კვლევის თანახმად, ხორბლის ბაზარი იმპორტზე დამოკიდებულია თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდა. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ხორბლის 88% რუსეთიდანაა იმპორტირებული, რაც კონცენტრაციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. რაც შეეხება შაქრის ბაზარს, მსგავსად ხორბლის ბაზრისა ისიც იმპორტდამოკიდებულების მაღალი ხარისხით ხასიათდება, თუმცა შეინიშნება დივერსიფიკაცია იმპორტიორი ქვეყნების მხრივ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია რძე და რძის პროდუქტები ამ შემთხვევაში ქვეყანას თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი 81% აქვს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ხილისა და ბოსტნეულის ნაწილში საქართველო როგორც იმპორტიორი, ასევე ექსპორტიორიცაა. იმპორტისა და ექსპორტის ბაზრები არ არის დივერსიფიცირებული და სახეზეა კონცენტრაციის მაღალი ხარისხი. რუსეთი წარმოადგენს საქართველოს ძირითად მომწოდებელს მცენარეული ზეთის ბაზარზეც.

როგორც კვლევიდან ჩანს, საქართველო დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული. სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის საიმპორტო ბაზრების უმეტესობა საკმაოდ კონცენტრირებულია, რაც ზრდის პანდემიის შედეგად გამოწვეულ თანმხლებ რისკებს. ამ პირობებში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააძლიეროს პროგრამები, რომლებიც ეროვნული მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება დივერსიფიკაცია საექსპორტო და საიმპორტო ბაზრებზე, რეკომენდირებულია შემდგომი ინტენსიური დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით იმ სასურსათო პროდუქტებისა, რომლებსაც სასურსათო კალათაში დიდი ადგილი უჭირავთ.

პოტენციური პრობლემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ფერმერული მეურნეობებისათვის მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია. დახმარება შესაძლოა იყოს სუბსიდიის სახის ან პროდუქტის გაყიდვაში დახმარება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.