ISET-PI: საქართველოში მომხმარებლის განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი კვლევის „მომხმარებლის განწყობის ინდექსი-მარტის სიგიჟე“ თანახმად, 2020 წლის მარტში მომხმარებლის განწყობის ინდექი (CCI) 13.6 პუნქტით დაეცა და ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს, მინუს 33.1-ს, მიაღწია.

ასეთი მკვეთრი შემცირება კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მზარდ შფოთვას ასახავს. თუ კვლევის შედეგებს რეგიონების მიხედვით განვიხილავთ, მომხმარებელთა განწყობა დანარჩენ რეგიონებში უფრო გაუარესდა, ვიდრე თბილისში.

გარდა ამისა, ახალგაზრდებთან (35-ზე წელზე ნაკლები) შედარებით, უფრო ნეგატიურად უფროსი მომხმარებლების განწყობა შეიცვალა. მართალია, წინა თვესთან შედარებით ახალგაზრდებიც უფრო პესიმისტურად არიან განწყობილები, მაგრამ პესიმიზმის ზრდა უფრო დიდი შედარებით უფროს მომხმარებლებში (+35წელი) შეინიშნება.

აღსანიშნავია, რომ „მოლოდინების“ მხრივ მომხმარებლების ნეგატიური განწყობის ძირითადი საგანი არა მათი პირადი ფინანსური მდგომარეობა და უმუშევრობაა, არამედ „ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა“. აქედან გამომდინარე, კვლევის თანახმად, მომხმარებლის განწყობის ინდექსის ვარდნაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი სოციალური მედიის მიერ ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ჰქონდეს.

„სწორი იქნება, ვიკითხოთ, არის თუ არა ყველა ეს მიმდინარე ცვლილება დაკავშირებული მხოლოდ ვირუსის პანდემიასთან და აჩვენებს თუ არა მსოფლიო სოციალური მედია ვირუსს იმაზე უარესად, ვიდრე ის რეალურად არის?“ – წერია კვლევაში.