2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და თანმდევ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) მოეწერა ხელი. შეთანხმება განსაზღვრავს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ (Sanitary and Phytosanitary – SPS) ზომებს, სურსათის უვნებლობის სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტს, რაც ევროპის ბაზრებზე წვდომის აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდულია, რასაც, უამრავ სხვა მიზეზთან ერთად, სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასა და სტანდარტებს შორის არსებული შეუსაბამობები განაპირობებს. უნდა ველოდოთ, რომ DCFTA იმოქმედებს საქართველოს ვაჭრობაზე როგორც ევროკავშირის, ისე ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (Central Asia Regional Economic Cooperation –CAREC) ქვეყნებთანაც: ავღანეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა CAREC-ის კვლევითი ორგანიზაციების ქსელის (CAREC Think Tanks Network – CTTN) ფარგლებში ჩაატარა კვლევა SPSQ(Sanitary Phytosanitary and Quality-related Standards) რეგულაციების გავლენის შესახებ CAREC-ის ქვეყნებთან ვაჭრობაზე. კვლევითმა ინსტიტუტმა შედეგები ბლოგზე გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის მიხედვით, ჩამოთვლი ქვეყნებიდან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ჩინეთი. ღვინო და ცოცხალი პირუტყვი არის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო, ხორბალი კი არის მთავარი საიმპორტო საქონელი. საინტერესოა, რომ 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, CAREC-ის ქვეყნებიდან იმპორტი 90%-ით შემცირდა, რაც, მეტწილად, იმან განაპირობა, რომ საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის წილი გაიზარდა.
რაც შეეხება აკრძალვებსა და რეკომენდაციებს, ქვეყანაში არ არსებობს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებს ცოცხალი პირუტყვის ექსპორტს. ექსპორტზე გატანილი პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ იმპორტიორი ქვეყნის საკანონმდებლო მოთხოვნებს. ამგვარად, საკმარისია საექსპორტო საქონელი მხოლოდ მყიდველის მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს SPSQ რეგულაციები, რომლებიც ხორბლითა და ცოცხალი პირუტყვით ვაჭრობას დაარეგულირებდა. თუმცა 2020 წლის თებერვალში დაგეგმილმა ხორბლის რეგლამენტმა შეიძლება გაამკაცროს და გააუმჯობესოს საიმპორტო პროდუქტის ხარისხი და ხელი შეუშალოს დაურეგულირებელ ვაჭრობას. ამ ეტაპზე ცოცხალი პირუტყვის ექსპორტზე ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს (მინიმალური სავალდებულო წონა 200 კგ.), თუმცა არ არსებობს სხვა SPSQ რეგულაციები, რომლებიც ვაჭრობას შეზღუდავდა. რაც შეეხება ღვინოს, შეზღუდვების საზომი ინდექსი გაიზარდა ვაჭრობაზე დაწესებულ SPSQ-ის რეგულაციებზე. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ DCFTA-ის ფარგლებში საქართველომ უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღო. კვლევითი ინსტიტუტის რეკომენდაციით, საქართველომ ღვინო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში უნდა გაიტანოს.