1-ლი ივლისიდან საქართველო პირველ საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს ე.წ. „უსაფრთხო კორიდორის“ ქვეყნებიდან. მთავრობის მიერ თავდაპირველად შემუშავებული პოტენციური უსაფრთხო ქვეყნების სია, რომლებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ასე გამოიყურება: ისრაელი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ავსტრია, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და, დიდი ალბათობით, პოლონეთი და საბერძნეთი.
პანდემიის პირობებში, ტურისტების მოსაზიდად საქართველოს მთავარი უპირატესობა უსაფრთხოებაა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მონაცემებით, საქართველოზე ნაკლები კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ ანდორას, ფარერის კუნძულებს, გიბრალტარს, მალტას, მონაკოს, მონტენეგროსა და სან მარინოს აქვთ. Forbes-მა კი 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქალაქებს შორის თბილისი პირველ, ხოლო ბათუმი მეშვიდე ადგილზე დაასახელა.
ISET-ის კვლევითმა ცენტრმა გააანალიზა საქსტატის მონაცემები შემოსული და ადგილობრივი ვიზიტორების შესახებ. რომლის მიხედვითაც, 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 8,512 მლნ. ლარი დახარჯეს, ქართველებმა კი – 1,843 მლნ. ლარი. გამოთვლების თანახმად 2019 წელს ტურიზმის წილი ეკონომიკაში 14.5% იყო. ამასთან, ISET-ის კვლევითმა ცენტრმა ტურიზმის პოსტკოვიდური ეკონომიკური პოტენციალი 5 შესაძლო სცენარის მიხედვით განსაზღვრა.
1-ლი სცენარი ყველაზე პესიმისტურია, რომლის დადგომის შემთხვევაშიც ქვეყანას არ ეყოლება საერთაშორისო ვიზიტორები, ხოლო ადგილობრივი ვიზიტები სრულად აღდგება. ამ სცენარის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა 2019 წლის მშპ-ის 10.7%-ს დაკარგავს.
მე-2 (მე-3) სცენარების შემთხვევაში, გასული ვიზიტების 50 (100) პროცენტი ადგილობრივი ვიზიტებით ჩანაცვლდება, რაც გულისხმობს ქართველების მიერ უცხოური ტურისტული ადგილების ნაცვლად, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მონახულებას. მე-3 სცენარით, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან გასული ვიზიტების დროს დახარჯული თანხები მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე გადანაწილდება, მშპ-ის დანაკარგი 9.2% იქნება.
მე-4 და მე-5 სცენარებში, რომელებიც შემოსული და გასული ვიზიტების აღდგენას გულისხმობს, უკვე ჩანს „უსაფრთხო“ ქვეყნებისთვის საერთაშორისო საზღვრების გახსნის შედეგი. მე-4 სცენარის დადგომის შემთხვევაში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის 25%-ს მიაღწევს, იგივე მაჩვენებელი მე-5 სცენარის შემთხვევაში კი 50% იქნება. შესაბამისად, საუკეთესო, მე-5 სცენარის მიხედვით, მშპ-ის დანაკარგი მხოლოდ 6.5% იქნება.