ISET-ს კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა COVID-19-ის საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე შესაძლო შედეგების შესახებ.
„COVID-19-მა უკვე იქონია და, მოსალოდნელია, რომ მომავალშიც საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის ბაზრის როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე“ – წერია დოკუმენტში.
მონაცემების თანახმად, 2020 წლის მარტში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით მოხმარება 8%-ით შემცირდა, რაც 2007 წლიდან მოყოლებული ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი წლიური შემცირებაა. მაგრამ ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა მარტის ბოლოს გამოცხადდა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ ასახავს საბოლოო შედეგებს.
კვლევის ავტორების აზრით, შეზღუდვების მოხსნის, მათ შორის კი ტურისტული სექტორის შემზღუდველი რეგულაციების გაუქმების მიუხედავად, წინა წლებთან შედარებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მომდევნო თვეებშიც დაბალი იქნება. ზოგადად ზაფხულის თვეებში უფრო გააქტიურებული ტურიზმისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში გამაგრილებელი ტექნიკის გაზრდილი მოხმარების შედეგად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სხვა სეზონებთან შედარებით უფრო მაღალია ხოლმე. თუმცა წელს მოთხოვნის გაზრდაზე მოქმედი ფაქტორების შეფერხებაა მოსალოდნელი. პირველ რიგში, ნაკლებად სავარაუდოა რომ ტურიზმი სწრაფად აღდგება. თანაც წინა წლებში შესაძლოა მოთხოვნა ნაწილობრივ არარეგისტრირებული ტურისტებისგან მოდიოდა. ამასთანავე, გაუარესებული ეკონომიკური პირობებთან ერთად, მთავრობის მიერ იმ ელექტრომომხმარებლების სუბსიდირება რომლებიც 200 კვტ. სთ-ზე ნაკლებს მოიხმარენ, დამატებით სტიმულს აჩენს ელექტროენერგიის უფრო ეკონომიურად მოხმარებისთვის და შედეგად მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება მიწოდების მხარეს, მსოფლიოში მიმდინარე რეცესიის პირობებში მნიშვნელოვნად გაიაფებულია საწვავისა და გაზის ფასები, უფრო დაბალი ფასების გამო კი საქართველოს მთავრობამ შესაძლოა განახლებადი ენერგიის წყაროების ნაცვლად თბოელექტროსადგურებს მიანიჭოს უპირატესობა. ეს კი საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას შეაფერხებს, ხოლო ვინაიდან განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში ელექტრონერგიის გამომუშავების მთავარი წყარო და ინვესტორებისთვის მიმზიდველი სექტორია, პროექტების პოტენციურმა განმავითარებლებმა შესაძლოა გადახედონ საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე ინვესტიციების განხორციელების გეგმებს. ამის გარდა, ინვესტორებზე არახელსაყრელ გავლენას იქონიებს COVID-19-ის შედეგად შექმნილი ტექნიკურ, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლო სირთულეები.
ამგვარად, პანდემია სავარაუდოდ საინვესტიციო კლიმატის გაუარესებას გამოიწვევს, რასაც გრძელვადიანი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები ექნება, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლის ამ ეტაპზე წინასწარმეტყველება რთულია. ამიტომ, კვლევის ავტორების აზრით, საჭიროა მთავრობამ ელექტროენერგიის ბაზარში მომხდარი ცვლილებები კარგად შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მიზნობრივი ჩარევები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ხელისშემშლელი ფაქტორები და დააჩქაროს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სექტორის აღდგენა.