ISET-PI: მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მომხმარებელთა განწყობის განახლებულ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, 2020 წლის აპრილში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც, ძირითადად, მომავალთან მიმართებით ხალხის მკვეთრად პესიმისტურმა მოლოდინებმა გამოიწვია. ინდექსი 15.2 პუნქტით, -33.1-დან -48.3 პუნქტამდე შემცირდა.

„მომხმარებლები ოფიციალური უწყებების მიერ ჯანდაცვასა და COVID-19-ის პანდემიაზე გავრცელებულ ინფორმაციას ენდობიან, თუმცა დამოკიდებულება ეკონომიკის მომავლისადმი ნეგატიურია“ – წერია კვლევაში.

მონაცემებში ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ თუ მკაცრი კარანტინი მაისის ბოლომდე გაგრძელდება, მათ ოჯახებს არ ექნებათ საკმარისი რესურსები ცხოვრების გასაგრძელებლად.

გამოკითხული მოსახლეობის 24%-მა საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ სრულიად დაკარგა სამსახური. ამასთანავე, თუ დაახლოებით 35% იმედოვნებს, რომ რეგულაციების მოხსნის შემდეგ ნაწილობრივ დაუბრუნდება სამსახურს, 10% ამ შესაძლებლობასაც არ ელის.

ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი იმ ადამიანებისგან შედგება, რომელთაც ჯერ კიდევ კრიზისამდე საკუთარ დანაზოგებზე უწევდათ ცხოვრება. ამ ჯგუფის 23%-ს ახლა ცხოვრების გასაგრძელებლად ვალების აღება უწევს.