ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს ახალ კვლევას COVID-19-ის სტუმართმასპინძლობის სექტორზე გავლენის შესახებ.
კვლევის თანახმად, ამ ეტაპისთვის ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ყველაზე მეტად სტუმართმასპინძლობის სექტორზე აისახება. ვირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომები პირდაპირ აზიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, ტურისტულ მიმართულებებს, კურორტებს, სხვადასხვა გასართობ მომსახურებებსა და შიდა ტურიზმს.
ყველაზე დიდ დარტყმას მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები მიიღებს, სადაც მთლიანი გამოშვების 2.5-დან 3.5%-მდე შემცირებას ვარაუდობენ. მათ მოჰყვებათ გურია, თბილისი, რაჭისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, ხოლო შედარებით დაბალი უარყოფითი ეფექტი კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებშია მოსალოდნელი.
მოკლევადიან პერიოდში, სტუმართმასპინძლობის სექტორის დაზარალებას თან მოჰყვება ბევრ სხვა სექტორზე გარდამავალი ნეგატიური ეფექტები. გამოთვლების თანახმად, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის შემოსავლებზე 1 მლრდ ლარის ოდენობის ჰიპოთეტური შოკი საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებას დამატებით 400 მლნ ლარით შეამცირებს.