ISET-PI: მომხმარებელთა განწყობის ინდექსი უმჯობესდება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მომხმარებელთა განწყობის განახლებულ კვლევას აქვეყნებს.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI-CONSUMER CONFIDENCE INDEX) ზომავს, როგორ აფასებენ ადამიანები მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობას და, ზოგადად, ეკონომიკურ ვითარებას ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აპრილში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც, ძირითადად, მომავალთან მიმართებით ხალხის მკვეთრად პესიმისტურმა მოლოდინებმა გამოიწვია.

განახლებული კვლევის თანახმად კი, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ინდექსის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი კოვიდ-19-ის შიშით იყო გამოწვეული, ხოლო როდესაც ხალხმა გააცნობიერა, რომ მათი უარყოფითი მოლოდინები არ მართლდებოდა და გადალახა გაურკვეველი მომავლის შიში, ინდექსის ზრდა დაფიქსირდა.

ივნისში მომხმარებელთა განწყობის ინდექსმა -36.2-ს მიაღწია. ამასთან, მაისთან შედარებით, შემცირდა ნავარაუდებ (შემდეგი 12 თვე) და წარმოდგენილ (ბოლო 12 თვე) ინდექსებს შორის სხვაობა. თუმცა ნავარაუდები ინდექსი კვლავ უფრო მაღალია, კერძოდ -30.9.

საინტერესოა, რომ რეგიონებისთვის ნავარაუდებ და წარმოდგენილ ინდექსებს შორის სხვაობა გაიზარდა. ივნისის თვეში ინდექსის მცირედ ზრდას არ უნდა გამოეწვია მოლოდინების ასეთი ცვლილება, თუმცა ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, რადგან რეგიონებში მაცხოვრებლები ოპტიმიზმით გამოირჩევიან.

CCI-ის გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ მომხმარებლები განსაკუთრებით პოზიტიურად არიან განწყობილნი მოსალოდნელი უმუშევრობისა და ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის მიმართ. ინფლაცია ასევე ნაკლებად შემაშფოთებელია აპრილთან შედარებით. ცხადია, ლარის გამყარებამ გარკვეული როლი ითამაშა.

ყოველთვიური ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე