მსოფლიოში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების პარალელურად, კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება მითები და ჭორები მასზე.
სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმებზე უკვე მომრავლებულია არაპროფესიონალებისა და, ზოგჯერ, თაღლითების მიერ შექმნილი ბლოგები თუ ვებგვერდები COVID-19-ის შესახებ.
ბუნებრივია, საზოგადოებას სურს, ფლობდეს სანდო და ამომწურავ ინფორმაციას, არ გახდეს ყალბი ამბის მსხვერპლი.
Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს Facebook-ის ერთ-ერთი ყველაზე სანდო გვერდის დამფუძნებელთან, „აიეტის“ კურსდამთავრებულ ექიმ მარინე ისაკაძესთან.
უპირველესად, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორია თქვენი პროფესიული ცხოვრება?
პირველ რიგში, მადლობა ინტერესისთვის. მე გახლავართ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ჩაბარებული მაქვს ამერიკის საექიმო სალიცენზიო გამოცდები (USMLE) და წელს ჩავირიცხე Louisiana State University School of medicine-ის რეზიდენტურაში ნევროლოგიის განხრით.
რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი თემატიკის გვერდის შექმნა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, რით არის ღირებული მკითხველისათვის „COVID-19 ყველაფერი კორონავირუსზე“?
მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, ჩვენ, ექიმებიც ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებსა და სოციალურ ქსელებს, რომლებიც, მეტნაკლებად, ხალხის დამოკიდებულების ანარეკლად შეიძლება აღვიქვათ.
როდესაც ეპიდემია დაიწყო, ვერავინ ივარაუდებდა, თუ რამდენად სწრაფად გავრცელდებოდა კორონავირუსით გამოწვეული უკვე პანდემია მსოფლიოში და რამდენად დიდი ეფექტი ექნებოდა ამ ყველაფერს ადამიანებზე. სოციალურ ქსელში კი საზოგადოება ორ ძირითად ჯგუფად გაიყო: პირველი – რომელიც ქმნიდა პანიკას და მეორე – რომელიც ამბობდა, რომ ეს ერთი უბრალო ვირუსია.
ალბათ, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას არ გავაჟღერებ, თუკი ვიტყვი, რომ ეს ორივე განწყობა მცდარია. გაჩნდა უამრავი ჯგუფი, ათი და ასიათასობით follower-ით და დაიწყო ცრუ ინფორმაციის მასშტაბური გავრცელება სოციალურ ქსელში! ყველას სამედიცინო სფეროში, გაუჩნდა სურვილი, ეს მცდარი ინფორმაცია ჩაენაცვლებინა დადასტურებული და სანდო წყაროებით. ამიტომაც, ექიმებმა დაიწყეს საუბარი იმ პლატფორმებიდან, რომელიც თავად გააჩნიათ.
რამდენიმე ამერიკაში მყოფ ქართველ ექიმთან, მათ შორის, მამუკა მაჩაიძესთან საუბრისას, რომელიც ექიმი ინფექციონისტია ჰოპკინსის უნივერსიტეტში, გამიჩნდა გუნდის კოორდინირების იდეა, რათა საზოგადოებისთვის დაზუსტებული და სანდო ინფორმაცია მიგვეწოდებინა.
პირველი, რაც მოვიმოქმედეთ, ის იყო, რომ მივმართეთ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც საოცარი მზაობა და ინტერესი გამოიჩინეს და ძალიან მცირე დროში (მხოლოდ 8 დღეა, რაც დავიწყეთ) შეიკრა უძლიერესი გუნდი, რომელიც დაუღალავად, ყოველგვარი პირადი თუ სხვა ინტერესის გარეშე, მუშაობს საერთო საქმისთვის.
ჩვენი გუნდის წევრები არიან დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ამჟამინდელი და ყოფილი სტუდენტები – თინათინ სარალიძე, თათა რატიშვილი, მარიამ ჯაში, ალექსანდრე ასათიანი, ლევან გახოკიძე, ლუკა ჩიგოგიძე, საბა ონიანი და კიდევ ბევრი სხვა, თითოეული მათგანის როლი კი კრიტიკულია ამ სამუშაოში.
ინფორმაციებს ვაქვეყნებთ მარტივად გასაგებ ენაზე. გვერდზე გამოქვეყნებული ყველა რჩევა, რეკომენდაცია თუ სტატია არის დაფუძნებული ისეთ სანდო წყაროებზე, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), პაბმედი (PubMed) და სხვა სამეცნიერო მონაცემთა ბაზები.
აღსანიშნავია, რომ, სამეცნიერო თვალსაზრისით, გვერდის მიერ გავრცელებული მასალის სანდოობას ადასტურებს და პროექტს მხარდაჭერას უცხადებს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტიც.
თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, უამრავ ინფორმაციებს ფლობთ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსაც თვალყურს ადევნებთ, განსხვავდება თუ არა ქართველი საზოგადოება დანარჩენი ქვეყნებისგან პანდემიისადმი დამოკიდებულებებით?
რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოება და მისი ქცევა პანდემიის გაკონტროლებაში. ყველა ქვეყანაში დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია და მე იმედს ვიტოვებ, საზოგადოება პროფესიონალების, მათ შორის, ჩვენი დახმარებით, იქნება ინფორმირებული და გაიაზრებს, რამდენად კრიტიკულია ამ დროს სოციალური დისტანცირების აუცილებლობა. ყველას მოვალეობაა, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ამიტომ, დავრჩეთ სახლებში და ხელი შევუშალოთ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას.
როგორი განწყობა აქვს თქვენს მკითხველს, რამდენად მრავალრიცხოვანი და დაინტერესებული აუდიტორია გყავთ?
გვერდის საჭიროება დადასტურდა 24 საათის განმავლობაში 3 400 მოწონებით და მიღებული კითხვების რაოდენობით. შესაბამისად, განწყობა, ჯერჯერობით, დადებითია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, აქტიურად და სწრაფად მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია.