ირანში 500-ზე მეტი ქალთა უფლებადამცველი უსამართლოდაა დაკავებული

2021 წლის 5 აგვისტოს, რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას (CSW) განსახილველად გადასცა სარჩელი ირანში ქალების უფლებადამცველების სისხლის სამართლის დევნის ფაქტებთან დაკავშირებით. მოხსენება ერთობლივად რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა ცენტრმა (RWCHR), საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა (IBAHRI), ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრმა, ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრმა (CHRI), ირანის აბდორაჰმან ბორომანდის ადამიანის უფლებათა ცენტრმა (ABC) და ამერიკის პენცენტრმა PEN America-მ მოამზადეს, რითაც მათ ირანში ქალთა უფლებების დამცველების მძიმე მდგომარეობას მოჰფინეს ნათელი, რაც უდანაშაულოთა დაპატიმრებას, წამებას, პატიმრობის ვადის უკანონოდ გაზრდას და სხვა სამართლებრივ დარღვევებს მოიცავს.

ნასრინ სოტოდეჰის გათავისუფლების მოთხოვნის მიზნით ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების აქცია ჰააგაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 2019 წლის 31 მაისი. წყარო: The Tech Tack

აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებით, დღეს ირანში 500-ზე მეტი ქალი უფლებადამცველი, მათ შორის ადვოკატები, ჟურნალისტები, პედაგოგები, უსამართლო პატიმრობაში იმყოფება.

დაკავებულებს შორის უფლებადამცველები ნასრინ სოტოდეჰი და სოჰეილა ჰეჯაბიც არიან. ნასრინ სოტოდეჰი ადამიანის უფლებების დაუღალავი დამცველია, რომელიც დღეს ყველაზე მეტად იდევნება ირანში რელიგიური უმცირესობებისა და ოპოზიციის ლიდერების მხრიდან.  თავისი საქმიანობის გამო, იგი არაერთხელ დააკავეს უკანონოდ. 2019 წლის 11 მარტს მას შვიდი ბრალდების გამო 33 წლით თავისუფლების აღკვეთა და 148-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს. ბრალდებები მოიცავდა სიკვდილით დასჯის კანონის საწინააღმდეგო ჯგუფში გაწევრიანებას, ინტერვიუების უცხოური მედიისათვის მიცემას, მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობას, გაეროს ოფისთან სიტყვით გამოსვლასა და ჰიჯაბის გარეშე საზოგადოებაში გამოჩენას. 2020 წელს სოტოდეჰს სასჯელი 27 წლამდე შეუმცირდა, ხოლო გამათრახება აღარ შეეხო. რაც შეეხება სოჰეილა ჰეჯაბს, იგი პოლიტიკური და ქალთა უფლებების დაცვის აქტივიზმისთვის დააპატიმრეს და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდითვის, ქალთა უფლებადამცველი დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვის, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანი რეფერენდუმის მოთხოვნისათვის გაასამართლეს. ადამიანის უფლებების დაცვისთვის მას 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

უკანონოდ დაპატიმრებულ ქალებს შორის არიან უფლებადამცველები, ჰოდა ამიდი, ადამიანის უფლებათა ადვოკატი და ნაჯმე ვაჰედი, სოციოლოგი, რომელმაც ქალებს ქორწინებაში თანაბარი უფლებების შესახებ საგანმანათლებლო სემინარები ჩაუტარა. 2020 წლის ოქტომბერში ამიდს რვა წლით, ხოლო ვაჰედის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გამომდინარე იქიდან, რომ მან „მტრულად განწყობილ აშშ-ს მთავრობასთან ითანამშრომლა და ამით შეურაცხყო ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალთა და ოჯახის ფასეულობები“ და „მიზნად მთავრობის დამხობა დაისახა“.

უსამართლოდ თავისუფლებააღკვეთილების სია ძალზე გრძელია. მათ შორის არიან ჟურნალისტები, მარზიე ამირი და სეფიდე ღოლიანიც, რომელთაც ბრალი, აგრეთვე, „შეთქმულების ორგანიზებისა“ და „ანტისახელმწიფოებრივი“ საკითხების გაშუქების გამო წაეყენათ.

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელმა კომისიამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას გარკვეული რეკომენდაციები უკვე წარუდგინა. მათ მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის შექმნილი საფრთხის ბრალდებით ქალი ლიდერებისა და უფლებადამცველების დაპატიმრება, მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება და სასჯელის უკანონოდ გახანგრძლივება.

ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ სიტუაციის შეჩერება მხოლოდ გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიასა და მის დანარჩენ ორგანოებს შეუძლიათ. როგორც ისინი აღნიშნავენ, იქ, სადაც სახელმწიფო უფლებადამცველების წინააღმდეგ რეპრესიებს აწარმოებს, ყველა ადამიანის უფლებებს საფრთხე ემუქრება.