„იფქლი“ ახალი კორონავირუსის გამო პროდუქციის შეფუთვას სრულად ცვლის

კომპანია „იფქლი“ WHO-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა დასახელების პროდუქტის შეფუთვას ცვლის.

კომპანიის დირექტორის არისი ბოჭოიძის განცხადებით, 16 მარტიდან მაღაზიებს „იფქლის“ დასახელების ყველა პროდუქტი სრულად შეფუთული, თავმოკრულ მდგომარეობაში მიეწოდება.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს. ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუფუთავი პურის დაბინძურების რისკი მაღაზიებში მაღალია. ჩვენ ვიზიარებთ მომხმარებლების შიშს და მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად შევფუთოთ ჩვენი წარმოების ის პროდუქტი, რომელიც აქამდე ნახევრად შეფუთული იყიდებოდა ქსელებში.“- განაცხადა ბოჭოიძემ.

კომპანიაში ხაზგასმით განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილებისთვის საჭირო ფინანსურ მხარეს კომპანია თავად უზრუნველყოფს და ამის გამო არც ერთი პროდუქტი არ გაძვირდება.