საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პირველი ქალი ლიდერი

თამარ იოსელიანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინდუსტრიისთვის ყველაზე მძიმე დროს მივიდა, 2011 წელს, მაშინ როცა ევროკომისიამ საქართველოს მეზღვაურების აღიარება გააუქმა, მაშინ როცა ქართული დროშა შავ სიაში იყო. ამ რეალობაში 22 წლის თამარი სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად ინიშნება, გადადის ბათუმში და „ზღვაში დიდი თავგადასავალი“ იწყება. 8 წლის შემდეგ ის უკვე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორია, ოღონდ უწყებაში მანამდე, თითქმის ყველა საფეხური გაიარა. დღეს ამბობს, რომ მთელი მისი გონება და შესაძლებლობები ამ სფეროთია მოცული.

ინდუსტრიას, სადაც მის სიტყვას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იერარქიებითა და დაუწერელი კანონებით თავისებურად კონსერვატიულს და ცოტა ჩაკეტილს უწოდებს, თუმცა თამარმა აქ ნამდვილი გარღვევა მოაწყო! მარტო ის რად ღირს, რომ პირველად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არსებობის ისტორიაში ის პირველი ქალი დირექტორია. არც აქამდე მისვლა იყო მარტივი და არც სექტორის მართვის პირველი დღეები. თავად ამბობს, რომ ეს იყო ყოველდღიური მძიმე შრომა, რათა კაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიას სათანადოდ მიეღო ახალი ინიციატივები. გენდერულ პრობლემას ყველაზე მძაფრად პირველად იურიდიული დეპარტამენტის ხელძღვანელის თანამდებობაზე შეეჩეხა. „თავის დამკვიდრება პრინციპულობისა და შეუპოვრობის ხარჯზე მოვახერხე. ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც, საბედნიეროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა სააგენტოში მივედი, ქალთა ჩართულობა ამ სფეროში მინიმალური იყო, მით უმეტეს, ხელმძღვანელ თანამდებობებზე. თუმცა, დღეს ჩვენთან გენდერული ბალანსი სრულად დაცულია და პროფესიონალ მამაკაცებთან ერთად სააგენტოში გვყავს ქალი მენეჯერები, რომლებიც მართლა მგონია, რომ მთებს დგამენ“. მსგავს შეფასებებს საკუთარ თავზე საუბრისას ერიდება, სამაგიეროდ, თამარზე იგივეს, მისი მონაწილეობით გაკეთებული საქმეები ამბობენ.

ყველაფერი კი ასე იწყება: 2007 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი სტაჟირებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიდის; ამ დროიდან საჯარო სამსახურით იმდენად იხიბლება, რომ კერძო სექტორში წასული, მალევე უკან ბრუნდება, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა დიდ პატივად მიაჩნია და მას ვერანაირ ფინანსურ კეთილდღეობას ვერ ადრის. 2010 წელს შეთავაზებას ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისგან იღებს, სახელმწიფო ტრანსპორტის სექტორის ფართომასშტაბიან რეფორმას იწყებს; თამარი საზღვაო სფეროს იქ არსებული დიდი გამოწვევების გამო ირჩევს და დედაქალაქიდან ბათუმში მიდის, მაშინ პირიქით ხდებოდა, ძირითადად ყველა თბილისისკენ იწევდა. აჭარაში ჩასულს, საზღვაო ადმინისტრაციის შენობაში კომპიუტერიც კი არ დახვდა, ქვეყანას სახელმწიფო რეესტრში არასტანდარტული გემები ჰყავდა, რომელთა უმეტესებოსაც სხვა ქვეყნის პორტებში აკავებდნენ; ქართველი მეზღვაურების ყალბი სერტიფიკატები სირიაში და ეგვიპტეში იბეჭდებოდა, დარგში არ არსებობდა არანაირი პოლიტიკა და სახელმწიფო ხედვა. ახალი ხელმძღვანელობა სააგენტოს თავიდან აკომპლექტებს, ცვლის კანონმდებლობას, ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს, აგვარებს პრობლემებს სასწავლო დაწესებულებებში და ზუსტად 1 წელში ევროკომისიის აუდიტს ითხოვს. 2012 წლის ბოლოს აუდიტი ტარდება და რეკორდულად მოკლე ვადაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო აღიარებას 2013 წელს იბრუნებს. კიდევ ერთი წლის შემდეგ, იგივე გუნდის პირობებში, ქართული დროშა შავი სიიდანაც ამოიღეს.

საქართველოს წილი შავი ზღვა თამარისთვის ეკონომიკურ-პოლიტიკური აქტივია, რომელიც მისი გადასახედიდან უდიდესი პოტენციალის მქონეა და მეტად ასათვისებელია. როცა ამას ამბობს, მაგალითებიც მოჰყავს, ასახელებს ისეთ საქმიანობის სახეებს, როგორებიცაა: გემის ფლობა, ოპერირება გემთმშენებლობა, დამხმარე საზღვაო სერვისები და ა.შ.

ინდუსტრიის მნიშვნელობა მისთვის ციფრებით ასე გამოიყურება: 11 000 მეზღვაური და, ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, დარგიდან ყოველწლიურად ეკონომიკაში შეტანილი 500 მლნ ლარი. „ფაქტიურად აჭარის რეგიონი მეზღვაურების მიერ შემოტანილ
დოვლათზე დგას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათი განათლება, სერტიფიცირება და ღირებული დასაქმება“.

ამ მიზნით უკვე, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობის პირობებში, მეზღვაურთა დასაქმების ვებგვერდი შეიქმნა; სააგენტოს დირექტორმა ჩათვალა, რომ ეს მათი სოციალური პასუხისმგებლობა იყო.

„ჩვენთვის კიდევ ერთი მიღწევა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმია, უმოკლეს დროში შევძელით შეგვექმნა მაღალი დონის პლატფორმა, სადაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის და ქვეყნის საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცა შესაძლებლობა ეწარმოებინათ ღია დიალოგი. ამავდროულად, საქართველომ მოახდინა პოზიციონირება, როგორც წარმატებულმა და რეფორმატორმა საზღვაო ქვეყანამ, განვითარების ახალ საფეხურზე გადავედით და გაჩნდა პერსპექტივა შავ ზღვაზე ლიდერ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ჩვენი ორგანიზებით 2018 წელს ბათუმში უკვე მეორედ გაიმართა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი – GIMF, სადაც 53 ქვეყნის 500-მდე დელეგატს ვუმასპინძლეთ“.

ახლა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის შექმნაზე და ჩვენი ნავსადგურების დიჯიტალიზაციასა და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე მუშაობს, ეს იმიტომ, რომ სურს საქართველომ საზღვაო ინდუსტრიის სრულიად ახალ მოთხოვნებს უპასუხოს და ქვეყანამ გლობალურ სატრანსპორტო სისტემებში ჰარმონიული ინტეგრაცია შეძლოს. თამარი ამბობს, რომ ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა უნდა იყოს. მისი გადმოსახედიდან, ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ნავსადგურებში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ისეთი როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია. ვიდრე ანაკლია რეალობად იქცევა, ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა მზარდია: 2019 წლის 3 კვარტლის განმავლობაში ნაყარი ტვირთების მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-იანი ზრდა შეადგინა, საკონტეინერო ტვირთებში 39%-იანი ზრდა ფიქსირდება, გენერალურ ტვირთებში – 28%-იანი.

როცა სექტორში არსებულ გამოწვევებზე ვეკითხები, თამარი სხვა არაერთ საკითხთან ერთად საზღვაო ინდუსტრიაში ქალების ჩართულობის პრობლემას ასახელებს. „ჩემ ირგვლივ ყოველთვის იყო გარემო, სადაც ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა და მხოლოდ ნიჭი და უნარები გამოარჩევდა ადამიანებს ერთმანეთისგან, თუმცა, ვინაიდან, ჩემი პროფესიული საქმიანობის საკმაოდ დიდი პერიოდი საზღვაო სფეროს დაუკავშირდა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროში, ისევე როგორც ბევრგან სხვაგან, გენდერული ბალანსი გამოწვევაა. საზღვაო სფერო ითხოვს დიდ სულიერ სიძლიერეს და, ჩემი რწმენით, აქ სქესი არაფერ შუაშია. ვფიქრობ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იმსხვრევა არსებული სტერეოტიპები. შევქმნათ კომფორტული გარემო, სადაც ყველა თანაბრად შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას და სამართლიანი შრომითი უფლებებით სარგებლობას. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, საზღვაო სფეროს განვითარებისთვის. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციაც, როცა 2019 წელი საზღვაო ინდუსტრიაში ქალების ჩართულობის და მათი როლის გაძლიერების წლად გამოცხადდა“.

ინდუსტრიაში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, 2016 წელს თამარის ინიცატივით ქალთა საერთაშორისო სავაჭრო და სანაოსნო ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც ინდუსტრიაში ქალის როლის პოპულარიზაციას ემსხურება. ზოგადად, ქალებს ურჩევს, რომ ბოლომდე მისდიონ საკუთარ ოცნებებს და მიზნების მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ. ცხოვრების ამ ეტაპზე სჯერა, რომ საკუთარი თავის რწმენა ეს ის საფუძველია, რაზეც ყველაფრის დაშენებაა შესაძლებელი.

ქალთა როლის გაძლიერების პარალელურად თამარის ყურადღების მიღმა, არც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა – ოკუპაცია – რჩება. საკუთარი წვლილის შეტანას აქაც ცდილობს. როგორ? საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველებისა და აფხაზების დაახლოების მიზნით საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო – აფხაზ ახალგაზრდებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო განათლების მიღება უფასოდ შესთავაზა. წელს უნივერსიტეტს 1 სტუდენტი უკვე ჰყავს. სააგენტოს ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ მსურველთა რაოდენობა გაიზრდება. საზღვაო მიმართულებით განათლება თავადაც მას შემდეგ მიიღო, რაც ამ ინდუსტრიაში მოხვდა, ოღონდ მანამდე, სამართალმცოდნეობა თბილისის შემდეგ, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში შეისწავლა. პრაქტიკამაც დიდი გამოცდილება დაუგროვა, თუმცა 2015 წელს საზღვაო სამართლის, საზღვაო უშიშროებისა და უსაფრთხოების კუთხით, განათლების მიღება გადაწყვიტა. როგორც თვითონ ამბობს, პატივი ერგო და გაეროსა და ერთ-ერთი უმსხვილესი ფილანტროპიული იაპონური ფონდის „ნიპონის“ მკვლევარი გახდა, სამეცნიერო კვლევით საქმიანობას კი, აშშ-ში გაეროს სათაო ოფისში და დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში ეწეოდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფნას კონკრეტული ვადები არ აქვს, საკუთარ მისიას ბოლომდე შესრულებულად მაშინ ჩათვლის, როცა საქართველო საზღვაო სფეროში სრულფასოვანი სერვისების გაწევას შეძლებს და როცა ქვეყანას სუვერენული საზღვაო ფლოტი ეყოლება.

 

ავტორი: სოფო ბერიძე

ფოტო: ხატია-ჯუდა ფსუტური