ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ თანამედროვე ადამიანები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, ამიტომ Apple-ი საკუთარი მომხმარებლების კონფიდენციალობის დაცვის გაძლიერებას გეგმავს.
კომპანიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან აიფონის მომხმარებლები ახალი ოპერაციული სისტემით – iOS 15-ით – ისარგებლებენ. მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გაყიდვად მობილურ ოპერაციულ სისტემას, Apple-ის ცნობით, სპეციალური ფუნქცია დაემატება. მისი საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ გაიგონ, კონკრეტულად რა მონაცემებზე აქვს წვდომა ამა თუ იმ აპლიკაციას. თუკი რომელიმე მათგანს ისეთ კონფიდენციალურ მასალაზე ექნება წვდომა, როგორიცაა, მაგალითად, ფოტოები, კონტაქტების სია ან მიკროფონი, მომხმარებლები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ.
ტიმ ქუქი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი. Brooks Kraft/Apple
ახალი მობილური ოპერაციული სისტემის ფარგლებში აიფონის კამერას ტექსტის ამოცნობის ფუნქციაც დაემატება. აღნიშნული ცვლილება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ხელნაწერი ტექსტის ფოტო ავტომატურად აქციონ ბეჭდურ ტექსტად.
Apple-მა, ასევე, დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაციფრულებას გეგმავს. კომპანია ამჟამად სახლებისა და ოფისების გასაღების ციფრული ვერსიების შექმნაზეც მუშაობს და სექტემბრიდან ამ ტექნოლოგიის ტესტირებასაც აპირებს. ასე რომ, სულ მალე აიფონი, შესაძლოა, გახდეს ერთადერთი ნივთი, რომლის თან წაღებაც დაგჭირდებათ სახლიდან გასვლისას.