2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა იაპონიაში წარსაგზავნი „ოლიმპიური ცეცხლი“ საზეიმოდ უკვე მიიღეს.
„როიტერის“ ცნობით, ათენში ცეცხლის გადაცემის ცერემონიალი, კორონავირუსის პანდემიის გამო, უჩვეულოდ მოკრძალებული ფორმატით ჩატარდა – თითქმის დაცარიელებული 50 000 – კაციანი სტადიონი და რამდენიმე ათეული ოფიციალური პირი. ბუნებრივია, ამან უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვაც გააჩინა და ადამიანებს აინტერესებთ, ნამდვილად გაიმართება თუ არა მრავალ მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტის მქონე გლობალური მოვლენა 24 ივლისს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ექვსდღიანი სადღესასწაულო მარში, რომელიც ათენში ცეცხლის გადაცემის ცერემონიამდე იყო დაგეგმილი, ასევე COVID–19-ის მიერ გამოწვეული მასობრივი იზოლაციების გამო გაუქმდა.
ცნობილია, რომ ცეცხლი თვითმფრინავის სპეციალური რეისით, “Tokyo 2020 Go” – ით იმოგზაურებს და ტოკიომდე პარასკევს ჩააღწევს. მისი ჩამოსვლისთანავე, 26 მარტს, ფუკუშიმას დასახლებიდან (იქ, სადაც 2011 წლის მიწისძვრა მოხდა) დაიწყება ოლიმპიური ცეცხლის საზეიმო „მოგზაურობა“ და მთელ სახელმწიფოში 121 დღის განმავლობაში, ოლიმპიური თამაშების დასაწყისამდე გასტანს.
მსოფლიო მედიაში გავრცელებული უამრავი საპირისპირო ჭორებისა თუ მოსაზრების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და იაპონიის მთავრობამ ერთხმად განაცხადეს, რომ დაგეგმილი ოლიმპიადა ზაფხულში აუცილებლად და, თანაც, შესაბამის ვადებში ჩატარდება.