სიუზენ გრინფილდი – ქალი განსაკუთრებული ხედვით

სიუზენ გრინფილდი მანჰეტენის ლიდერ ბროკერთა ელიტის ნაწილია. 2021 წელს მის მიერ დახურული გაყიდვების საერთო ღირებულება 60 მილიონ დოლარს აჭარბებს. გრინფილდი უკვე 40 წელია მოღვაწეობს უძრავი ქონების ბიზნესში. ის ამჟამად საბროკერო კომპანიის – „ბრაუნ ჰერის სტივენსის“ გუნდის ნაწილია, სადაც ის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს: „რაც უფრო მეტს ვმუშაობ, მით უფრო წარმატებული ვარ“, – ამბობს გრინფილდი.

2022 წელი სიუზენ გრინფილდისთვის განსაკუთრებულია: უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) 72-ე მსოფლიო კონგრესზე, რომელიც ივნისში გაიმართა, ის ორგანიზაციის შემდეგ მსოფლიო პრეზიდენტად დაამტკიცეს.

წლების მანძილზე, სიუზენ გრინფილდმა დიდი წვლილი შეიტანა უძრავი ქონების პროფესიის სასიკეთოდ. ინდუსტრიის მოხალისის სტატუსით მან ბევრ სხვადასხვა ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა.

Francis Hills / Figjam Photo NY

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია 1945 წელს პარიზში დაარსდა. FIABCI დღეს 70-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი. თქვენ უკვე 1980-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად თანამშრომლობთ ამ ორგანიზაციასთან, დღეს კი უკვე მსოფლიო პრეზიდენტი ხართ. იშვიათია, როდესაც ადამიანი ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურება ერთ ორგანიზაციას, თუმცა სწორედ ამისი მაგალითი ხართ თქვენ და FIABCI. რა არის განსაკუთრებული ამ ორგანიზაციის შესახებ?

FIABCI უნიკალური ორგანიზაციაა. ჩვენ ვართ ერთადერთი ფედერაცია, სადაც თავს იყრიან უძრავი ქონების ინდუსტრიის ყველა დისციპლინის, პრაქტიკისა და პროფესიის წარმომადგენლები. იცით რომელიმე სხვა ასეთი ორგანიზაცია? მე არა.

ჩვენი წევრები არიან ასოციაციები და კორპორაციები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მათ შორის დეველოპერები, არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები, სამშენებლო მასალების მომწოდებლები, ბანკირები, ინვესტორები, ფინანსური დაწესებულებები, კონსულტანტები, უძრავი ქონებისა და აქტივების მმართველები, შემფასებლები, იურისტები, ბროკერები, სამთავრობო უწყებები და ქალაქის დამგეგმავები, ასევე უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უძრავი ქონების ფაკულტეტების წევრები. FIABCI ასევე დიდი ხანია თა-ნამშრომლობს გაერთიანებული ერების ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან, სადაც ჩვენ ვასრულებთ საბინაო და მდგრადობის საკითხებზე კონსულტანტის როლს. ჩვენ ამ მისიას 1952 წლიდან ვასრულებთ.

ჩვენი წევრები ყველა ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციასთან ერთად იზიარებენ ნეთვორქინგის ერთიან პლატფორმას ‒ FIABCI-ის პლატფორმას!

თქვენ ამბობთ, რომ FIABCI-მ შეცვალა თქვენი პირადი და პროფესიული ცხოვრება. რას წარმოადგენს FIABCI, და რა არის ამ ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებები?

ჩვენი ძირითადი ღირებულებები მარტივია: ეთიკა, სამართლიანობა, ნდობა და პატივისცემა. როდესაც პირველად გავხდი FIABCI-ის წევრი, ვმუშაობდი Merrill Lynch-ში. 1980-იანების დასაწყისი იყო, და ლონდონში უძრავი ქონების ღონისძიების რეკლამას მოვკარი თვალი. იმ დროს მე ფლორიდის ოფისში ვმუშაობდი. მოვიწვიე Merrill Lynch-ის საფონდო ბროკერები ლონდონში, რათა ჩემს სტენდზე გაეყიდათ უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები. ჩვენი სტენდი მთელ გამოფენაზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ყველას სურდა ჩვენთან მოსვლა და დალაპარაკება. აღნიშნული ღონისძიება FIABCI-ის მიერ იყო ორგანიზებული. ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სახელად რენე ფრანკი, მირჩია FIABCI-ში გაწევრიანება და მითხრა, რომ ეს იყო ერთადერთი საერთაშორისო უძრავი ქონების პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებდა საქმიანობას და ქსელების მართვას. ასე გავხდი FIABCI-ის წევრი და პირველად ჩავერთე ფართოდ საერთაშორისო აქტივობებში. მაშინ დავიწყე აშშ-ის გარეთ სამყაროს აღმოჩენა.

მე გადავწყვიტე, FIABCI-ის კონცეფცია მშობლიურ ქვეყანაში ჩამეტანა და ჩამოვაყალიბე FIABCI-US. ჩემს ირგვლივ დარგის ბევრი პროფესიონალი შევკრიბე და მალე FIABCI-ის საერთაშორისო საბჭოს წევრიც გავხდი. მთელი ეს პერიოდი მე უძრავი ქონების სექტორში ვმუშაობდი. კიდევ ათ წელზე მეტი გავატარე Merrill Lynch-ში, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 480-მდე ოფისს ვმართავდი.

გარდა ამისა, თქვენ მოხალისეობრივ სამუშაოებსაც ასრულებდით.

მოხალისე ინსტრუქტორის როლში აქტიურად ვიყავი ჩართული USAID-ის, მსოფლიო ბანკის და აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფონდის პროექტებში. კომუნისტური წყობის დანგრევის შემდეგ ფონდმა მთხოვა, ბულგარეთსა და რუმინეთში ჩავსულიყავი ინსტრუქტორად. 90-იანების ბოლოს მე იქ ვასწავლიდი ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც უძრავი ქონების ბიზნესში სურდათ კარიერის აწყობა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია „რეალტორთა ეროვნული ასოციაციის“ „რომის ფონდი“, რომელიც FIABCI-ის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონარდ რომის მიერ დაარსდა. ფონდის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით კერძო საკუთრების უფლებების მხარდაჭერა და განვითარებადი ბაზრებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რაღაც დამებრუნებინა სექტორისთვის, რომელმაც კარიერული წინსვლის უზომო პოტენციალი მომცა.

FIABCI ბევრს მუშაობს ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ინიციატივებზე. ეს ამჟამად აქტუალური საკითხია უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს რუსული აგრესიის შედეგად დანგრეული ქალაქების აღდგენას. რამდენად შეუძლია FIABCI-ის აქ თავისი მდიდარი ცოდნითა და ნოუ-ჰაუთი დახმარების გაწევა? თავად FIABCI ხომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა?

უკრაინის ქალაქების აღდგენა არის ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც ჩვენ გვსურს და შეგვიძლია დახმარების გაწევა. ჩვენი წევრები წარმოადგენენ ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს. უნდა შეიქმნას FIABCI-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს რა მიმართულებით შევძლებთ დახმარებას. უკრაინა აუცილებლად აღდგება, და ჩვენ მას ამ პროცესში ყველანაირად დავუჭერთ მხარს.

როგორ ხედავთ ქალების როლს უძრავი ქონების სფეროში და რა გამოწვევები არსებობს დღეს ამ კუთხით?

გამიმართლა, რომ პროფესიად უძრავი ქონება ავირჩიე. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი სფერო, სადაც ქალს შეუძლია ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს.

უძრავი ქონება იდეალური პროფესიაა ქალისთვის, რომელსაც ბიზნესში წარმატების მიღწევა სურს. როდესაც 80-იან წლებში „მერილ ლინჩში“ დავიწყე მუშაობა, „კაცების სამყაროში“ ამოვყავი თავი. ათი წლის მანძილზე მე ერთადერთი ქალი ვიყავი კომპანიის აღმასრულებელ რგოლში და ყველა შესაბამის გამოწვევას წავაწყდი. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ყველაფერი ის, რაზეც სტატიებში კითხულობს ხალხი. თუმცა, წლიდან წლამდე მე ვინარჩუნებდი ჩემს მიზნებზე ფოკუსს: ყოველთვის ვიყავი ჩემი საქმის პროფესიონალი, ვცდილობდი გამეზიარებინა ჩემი წარმატებები და შთამეგონებინა ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები. „მერილ ლინჩის“ შემდეგ მე FIABCI-ის წევრებთან, ჟან-მარკ ლევესა და რენე ფრანკთან ერთად, მანჰეტენში საკუთარი უძრავი ქონების კომპანია შევქმენი. 1996 წელს ჩემი კომპანია შეუერთდა „ბრაუნ ჰერის სტივენსს“, სადაც მე იმ დღიდან მოყოლებული დირექტორის და ბროკერის როლს ვასრულებ. ჩვენი კომპანია განსაკუთრებულია – საუკეთესო მანჰეტენში.

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების სექტორი ქალებისთვის კარგი ადგილია ფინანსური უსაფრთხოების მისაღწევად, ჩვენ მათ სამწუხაროდ იშვიათად ვხედავთ აღმასრულებელ პოზიციებზე. ხშირად ხდება ისე, რომ ქალები სათანადოდ ვერ აფასებენ საკუთარ თავს. თუკი მათ არ გააჩნიათ უმაღლესი სერტიფიკატები, რომლებიც მათი აზრით აუცილებელია წარმატების მისაღწევად, ისინი ხშირად თავშეკავებით მოქმედებენ. მათ უნდა გამოიწვიონ საკუთარი თავი და ყოველთვის წინ უნდა მიიწევდნენ, როგორც ამას კაცები აკეთებენ!

წელს FIABCI-საქართველო პირველად ატარებს ეროვნულ გალა-დაჯილდოებას – Prix d’Excellence Awards. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება მონაწილეებისთვის? რას ნიშნავს ამ კონკურსში გამარჯვება?

კონკურსში ეროვნულ დონეზე გამარჯვება თქვენს დეველოპერებს საშუალებას მისცემს, მსოფლიო დონეზე წარმოადგინონ თავისი ლამაზი ობიექტები. ხალხი მათ საქართველოს გარეთ გაიცნობს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა FIABCI-საქართველოში წევრობის გარეშე. ეს დიდი უპირატესობაა.

როგორც მსოფლიო პრეზიდენტი, როგორ ხედავთ FIABCI-ის შემდგომ განვითარებას და თქვენს წვლილს მის უწყვეტ წარმატებაში?

ყველა ქვეყანა განსხვავებულია და ფედერაციის თითოეული წარმომადგენლობა ასახავს საკუთარი ქვეყნის ბიზნეს-პრაქტიკას. მე მოვუწოდებ ყველა წევრს – როგორც კაცებს, ისე ქალებს, იყვნენ პროაქტიულები და ჩამოყალიბდნენ მომავლის ლიდერებად. ჩვენ გვსურს ახალგაზრდა ადამიანების ჩართულობა. ასევე ვიმედოვნებ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და ჩვენს წევრებს დამატებით აქტივობებს შესთავაზებენ.

ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს გამორჩეული რეპუტაცია უძრავი ქონების სფეროში. მივყვებით ეთიკის კოდექსს და პროფესიულ ბიზნეს-პრაქტიკას, რომელსაც ჩვენი ინდუსტრია უკვე 72 წელია აღიარებს. ასეთი აღიარება ბევრს მეტყველებს ჩვენს წევრებზე, ხელმძღვანელობასა და მემკვიდრეობაზე!