დეტალებია, ის რაც ჩვენს ცხოვრებას ქმნის, სწორად შერჩეული დეტალები კი სრულყოფილ ინტერიერს ანუ ჩვენს საკუთარ კომფორტის ზონას, რომელიც დღევანდელ რეალობაში ასეთი ძვირფასია. დეტალია ისიც, რაც „ინტერიორისმოს“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დამხვდა, ანუ უკრაინის დროშა პროფილის ფოტოდ. უკვე ძალიან კარგია! სწორი ღირებულებებით, როგორც ახლა ამას ისტორიის სწორ მხარეს დგომას ვეძახით, ყველაფერი გამოვა, ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებული ბიზნესიც, მერე რა, რომ ოთხი დამფუძნებლიდან პროფესიით დიზაინერი არც ერთია?
ელენე გუნცაძე, ნინო ჯიბლაძე, თამარ ბაქრაძე და სოფო კალანდარიშვილი – ოთხი მეგობრის რეალობად ქცეული იდეის ვიზუალიზაცია ფარნავაზს მეფის 51-ში გელოდებათ. თანამედროვე ესპანური ტრენდები და კლასიკა, რომელმაც დროს გაუძლო – „ინტერიორისმოს“ შოურუმში დაგხვდებათ, ის, რაც არსად სხვაგან თბილისში. ესპანური ავეჯისა და განათების აქსესუარების თბილისში ჩამოტანის იდეა იბადება მაშინ, როცა მსოფლიო კოვიდპანდემიას ებრძვის, ანუ 2021 წელს.
სოფო კალანდარიშვილი პროფესიით იურისტია და ოჯახთან ერთად მადრიდში ცხოვრობს.
„შოურუმის გახსნამდე რთული გზა გავიარეთ, მაგრამ იდეიდან – განხორციელებამდე წუთი არ ყოფილა, რომ ჩვენს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეგვეტანა. ვთქვით, რომ დავიწყებდით თბილისში ამ ბიზნესს და გავაკეთეთ კიდეც. დღეს ამ გადმოსახედიდან ვერ წარმოგვიდგენია რა იქნებოდა, ეს ჩანაფიქრი რეალობამდე რომ არ მიგვეყვანა“, – სოფო კალანდარიშვილი.
სოფოს მსგავსად მადრიდში ცხოვრობს ელენე გუნცაძეც, როგორც უკვე გითხარით პროფესიით დიზაინერი არც ის არის, ელენე ჟურნალისტია. „ინტერიორისმოს“ დაფუძნების იდეა ესპანელი დიზაინერის პერალტა ვიდავის ხელნაკეთი ჭაღების შემოქმედებას უკავშირდება და ელენე თავად მას გასაოგნებელ სილამაზეს უწოდებს.
„პერალტა ვიდავის ჭაღები ერთ-ერთ რესტორანში ვნახე და დავინტერესდი, ვინ იყო ამ ჭაღების ავტორი. გასაოგნებელ სილამაზეზე ვსაუბრობ – მთელი მწკრივი ამ ულამაზესი ფერადი ხელნაკეთი ჭაღების ისე უხდებოდა სივრცეს, განათების გარდა სხვას ვერაფერს მიაქცევდი ყურადღებას. სწორედ ეს იდეა გავუზიარე გოგოებს, ვანახე პერალტას ინსტაგრამ გვერდი და ისეთი ოვაციები მოჰყვა ამ ჭაღების დანახვას, რომ მაშინვე 100% გადაწყდა ეს საქმეც – აუცილებლად დაგვეფუძნებინა თბილისში კომპანია, რომელიც ქართველ მომხმარებელს განათებებს და ავეჯს შესთავაზებდა“, – ელენე გუნცაძე.
როგორც თამარ ბაქრაძე, პროფესიით სასტუმრო მენეჯმენტისა და რესტორნების ბიზნესის მაგისტრი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვიყვება, ოთხმა მეგობარმა თავშივე გადაწყვიტა, რომ კომპანია სწორებას ხარისხზე გააკეთებდა. „ინტერიორისმოს“ განვითარებაში ისიც მადრიდიდან არის ჩართული. თამუნა ამბობს, რომ მარტივი არ არის, აკეთო ბიზნესი ორ ქვეყანას შორის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მოსალოდნელ სირთულეებს ოთხი პარტნიორი ქალიდან არცერთი შეუშინებია.
„სირთულეები ყველა ბიზნესის დაწყებას ახლავს, განსაკუთრებით ისეთ საქმეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა აწარმოო. ვიცოდით, რომ განსაკუთრებით სიფრთხილე პარტნიორების შერჩევისას უნდა გამოგვეჩინა. რადგან ჩვენ ოჯახით უკვე ბევრი წელია ესპანეთში ვცხოვრობთ, ამ მხრივ არ გაგვჭირვებია. კარგად ვიცნობთ ქართველ მომხმარებელს და გვესმის, რომ მათ განსაკუთრებული გემოვნება აქვს – ამიტომაც აქცენტი თავიდანვე ხარისხზე ავიღეთ“, – თამარ ბაქრაძე.
მიზანს თბილისში ნინო ჯიბლაძე ელოდა, ადგილზე კომპანიას სწორედ ის მართავს. „ინტერიორისმო“ ერთადერთი კომპანია არ არის, სადაც ნინო მმართველ რგოლშია. პროფესიით პიარის სპეციალისტი „გალფის“ მარკეტინგის დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტია, ქალების განვითარებაზე ბიზნესასოციაციის – „ქალები მომავლისთვის“ – სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსიდან ზრუნავს და დრო იმისთვისაც რჩება, რომ ჟურნალ OK! მთავარი რედაქტორი იყოს.
როგორც ნინო ამბობს, როცა რაღაც ძალიან გინდა, ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან. ასე იყო, როცა ოთხი მეგობარი პირველ ნაბიჯებს დგამდა.
„თითქოს ყველა ნაბიჯზე ვიღაცის ჯადოსნური ძალა გვამხნევებდა, წინ გვწევდა, ზურგში ქარს გვიბერავდა და გვაგულიანებდა. ესპანეთში გოგოების საქმე იყო პარტნიორების მოძებნა და მათთან მოლაპარაკებები. აქ თბილისში კი მთავარი იყო – გვეპოვა ფართი, შესაფერისი კადრები და აგვეღო კრედიტი. ერთადერთი ახლა თუ რამეზე გვეფიქრება ის არის, თუ რა ცუდი იქნებოდა ეს ბიზნესი რომ არ წამოგვეწყო“, – ნინო ჯიბლაძე.
ბიზნესის დაწყებამდე მომავალი პარტნიორები თბილისში შეიკრიბნენ. ელენე იხსენებს, რომ ამ შეხვედრაზე ყველა მათგანი ისე საუბრობდა, თითქოს მაღაზია უკვე დიდი ხნის გახსნილი ჰქონდათ. ეს თავდაჯერებულობა საბოლოოდ დიდი სტიმული გამოდგა.
„არც გვიფიქრია მეორე ვერსიაზე – რას ვიზამთ, ხელი რომ შეგვეშალოს? საქმე ისე არ წავიდეს? ვერ ავეწყოთ? ეს კითხვები არცერთს არ გვქონდა. დანამდვილებით ვიცოდით, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა“, – ელენე გუნცაძე.
„ინტერიორისმოს“ შოურუმში მხოლოდ ესპანური ბრენდებისა და ესპანელი დიზაინერების მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის ავეჯსა და განათებას შეხვდებით. ეს ამ ბრენდის უპირატესობა და განმასხვავებელი ნიშანია. სოფო კალანდარიშვილი გვიყვება, რომ ყველა ნივთს, რომელსაც თბილისში ამ კომპანიის მაღაზიაში ნახავთ, მადრიდში პარტნიორი ბრენდების შოურუმებში სათითაოდ არჩევენ და შემდეგ თბილისში ასე განსაკუთრებული წესით შერჩეული იგზავნება.
„საქართველოში ადამიანებს მართლაც რომ ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ, ავეჯის შერჩევისას, მათი სტანდარტიც საკმაოდ მაღალია. ამიტომ სულ ისეთ ავეჯს თუ დეკორაციას ვუტრიალებთ, რასაც საკუთარ სახლებშიც სიამოვნებით დავდგამდით“, – სოფო კალანდარიშვილი.
„ინტერიორისმო“ ესპანურად ინტერიერის დიზაინს ნიშნავს. ამიტომაც შოურუმში ავეჯისა და განათების გარდა, ესპანურ დეკორაციასაც შეხვდებით. ყველაფერი ეს წელიწადში ორჯერ მადრიდის ინტერიერის დიზაინის გამოფენაზეა წარმოდგენილი. „ინტერიორისმოს“ პირველი კოლექცია ოთხმა მეგობარმა სწორედ 2021 წლის სექტემბრის გამოფენაზე შეარჩია. გოგოები განსაკუთრებით ესპანელ დიზაინერთან პერალტა ვიდავისთან ექსკლუზიური თანამშრომლობით ამაყობენ.
„ზუსტად ეს ბრენდია ჩვენი სახე – ვიდავის ხარისხიც და დიზაინიც ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია“, – თამუნა ბაქრაძე.
გოგოები „ინტერიორისმოს“ კონცეფციის შეცვლას არ განიხილავენ. ელენე გვეუბნება, რომ აქ ყოველთვის და მხოლოდ ესპანური ბრენდები და ესპანელი დიზაინერების ნამუშევრები იქნება. პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შოურუმი დაბალანსებული იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილზეა როგორც ძვირფასი მოდელები, ისე ე.წ დემოკრატიული ბრენდების კოლექციები. მაგრამ არ ირღვევა მთავარი პირობა, ხარისხი!
„ჩვენი ავეჯი, განათება და დეკორაციები იქნება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც ჩვენ – ასევე ჩვენი ესპანელი პარტნიორები“, – ელენე გუნცაძე.
მიუხედავად იმისა, რომ „ინტერიორისმო“ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ბიზნესია, სხვებთან შედარებით კონკურენტული უპირატესობა მაინც სახეზეა, ანუ ესპანელი პარტნიორები, რომლებიც არ ჩერდებიან და თანამედროვე მოთხოვნებს ფეხდაფეხ მიჰყვებიან.
„ჩვენი კოლექციებიც ყოველთვის ასე აეწყობა – აუცილებლად იქნება გათვალისწინებული თანამედროვე მოთხოვნები, ტრენდები. მაგრამ არ დავივიწყებთ კლასიკასაც“, – ნინო ჯიბლაძე.
მეგობრების გათვლაა, რომ მათ შოურუმში ნებისმიერი შემოსავლის ადამიანმა საყვარელი ნივთის აღმოჩენა შეძლოს, ეს ალბათ უფრო დეკორაციების ხაზში გამოვა.
„ვფიქრობთ, მოვერგოთ ისეთ სეგმენტს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხის და გემოვნების ერთობლიობა. ჩვენთან ისე არ იქნება, რომ ყველაფერი იყოს უსაშველოდ ძვირი. პირიქით, ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ შემოგვთავაზონ საშუალო ფასები, ისეთი რომელიც საქართველოსთვის მისაღები იქნება“, – თამუნა ბაქრაძე.
როგორც ზემოთ უკვე ვწერდი, ოთხი პარტნიორიდან სამი მადრიდში ცხოვრობს, თბილისში მხოლოდ ნინო ჯიბლაძეა და პრინციპში ბიზნეს როლების გადანაწილება გეოგრაფიის შესაბამისად მოხდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არავინ ამბობს უარს ნებისმიერი საქმის კეთებაზე.
„მადრიდში უმეტესად პარტნიორების მოძებნით და მათთან მოლაპარაკებებით ვართ დაკავებული. აქვე ვარჩევთ კოლექციებს, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. თბილისში ჩვენთან, „ინტერიორისმოში“ ზუსტად ის ნივთები იყიდება, რაზეც აქ, მადრიდში დიდი მოთხოვნაა და ძირითადი მოდელები მალევე ქრება“, – ელენე გუნცაძე.
„ინტერიორისმოს“ დამფუძნებლებს უნდათ, რომ როცა საქმე გემოვნებიანი, ხარისხიანი, დახვეწილი ავეჯისა და განათების შერჩევას შეეხება, მომხმარებლების საყვარელი ადგილი სწორედ მათი შოურუმი იყოს. სოფო კალანდარიშვილი ამბობს, რომ თავად მუდმივად იზრუნებენ იმისთვის, რომ „ინტერიორისიმო“ უფრო და უფრო მიმზიდველი გახდეს. ავეჯის, განათებისა და დეკორაციების გარდა, უკვე ფიქრობენ სხვა მიმართულებაზეც, ჯამში „ინტერიორისმო“ თბილისში ევროპას უნდა გამოხატავდეს.
„გარდა ავეჯის, განათების და დეკორაციების შემოტანისა, ვფიქრობთ სხვა მიმართულებებზეც, რაც ესპანეთში და ზოგადად, ევროპაში ძალიან გავრცელებულია – გვინდა ჩვენი მაღაზიაც ევროპას ჰგავდეს და ბიზნესიც მრავალფეროვანი იყოს“, – სოფო კალანდარიშვილი.
სამომავლო გეგმებს შორისაა ესპანეთიდან საქართველოში იმ ნივთების შემოტანა, რომლებიც სახლებს მეტ კომფორტსა და სილამაზეს შესძენს.
„პირველი ორი წელი ვფიქრობთ, სრულად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და ესპანელ პარტნიორებთან ექსკლუზივებს დავუთმოთ, ვცვალოთ კოლექციები და პირველ რიგში, ჩვენი მომხმარებლის ხმას ვუსმინოთ. რა სურს ჩვენს მომხმარებელს, რას ელოდებიან ჩვენგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, აუცილებლად შევთავაზებთ იმ მიმართულებებს, რაც აქ ესპანეთშია წამყვანი. ვაპირებთ თბილისში შემოვიტანოთ ნივთები, რაც საქართველოში სახლებს მეტ კომფორტს თუ მეტ სილამაზეს შესძენს. შევთავაზოთ მომხმარებელს ისეთი ინოვაციები, რაც აქაც კი ახალია“, – თამუნა ბაქრაძე.
როგორც ელენე გუნცაძე გვიანონსებს, გვიან გაზაფხულზე „ინტერიორისმოს“ შოურუმში შთამბეჭდავი ზაფხულის კოლექცია დაგხვდებათ, გვიან შემოდგომაზე კი პრიორიტეტი ზამთრისთვის საჭირო ნივთებია, მაგრამ წინ ჯერ ზაფხულია.
„ესპანეთში დიდი შესაძლებლობების პარტნიორები გვყავს, რომლებსაც მართლა საოცარი და საოცნებო კოლექციები აქვთ, კონკრეტულად, გარე სივრცეების მოსაწყობად. და ვფიქრობთ, ასე ვიმუშავებთ – გვიან გაზაფხულზე – ზაფხულის პროდუქციას წარვადგენთ, გვიან შემოდგომაზე – მეტად ზამთრის შესაფერის ნივთებზე ავიღებთ ორიენტაციას“, – ელენე გუნცაძე.
გიცნობდეს, უყვარდე და გაფასებდეს – ეს პრაქტიკულად „ინტერიორისმოს“ დევიზად შეიძლება ჩავთვალოთ, ნინო ჯიბლაძე დარწმუნებულია, რომ დახვეწილი, გემოვნებიანი და ხარისხიანი ესპანური ხაზით მომხმარებელთა იმედებს გაამართლებენ.
„ერთადერთი გეგმაა, ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად შევაყვაროთ თავი. დიდი სურვილი გვაქვს მათთვის ყოველთვის გვქონდეს რაღაც ისეთი, რაც გააოცებს და რისი შეძენაც სიხარულს მოჰგვრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – გიცნობდეს, უყვარდე და გაფასებდეს მომხმარებელი. იმედია, გავამართლებთ მათ მოლოდინებს…“ – ნინო ჯიბლაძე.