Intel-მა ოფიციალურად დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია კომპიუტერული უსაფრთხოების ხარვეზთან დაკავშირებით. კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოებული The Intel Thunderbolt port – თავდამსხმელებს საშუალებას აძლევს, მოიპოვოს სრული წვდომა კომპიუტერში არსებულ ინფორმაციასა და მონაცემებზე, მაშინაც კი, როცა ის გამორთულ მდგომარეობაშია.
მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან წარმოებული თითოეული ლეპტოპი თუ პერსონალური კომპიუტერი აღნიშნული პორტით, მართლაც, პოტენციური საფრთხის წინაშე დგას, მომხმარებელთა უმრავლესობას ეს პრობლემა საერთოდ არ შეეხება, რადგან ინფორმაციის მითვისებისთვის აუცილებელია კომპიუტერთან ფიზიკური წვდომა. შესაბამისად, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე იმ ადამიანთა ჯგუფი დგას, რომელთა კომპიუტერებიც ყურადღების მიღმა რჩება ისე, რომ სხვა ინდივიდებს შეუძლიათ ჰქონდეთ მათთან ფარული წვდომა.
ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მილიონობით მომხმარებელი აღნიშნული საფრთხის წინაშე დგას, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეამოწმოთ მიეკუთვნება, თუ არა მათ რიცხვს თქვენი პირადი კომპიუტერი და ამასთან ნახოთ ვიდეო, თუ როგორ მარტივად არის მონაცემთა მოპოვება შესაძლებელი.
Intel ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აგრძელებს უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობას და ამასთან, მადლობას უხდის ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს ინფორმაციის მიწოდებისთვის.