უკან, მომავალში | ინტერვიუ თამუნა ინგოროყვასთან

ტანსაცმლის საკუთარ ხაზს 2002 წლიდან ქმნის. ამ დროიდანვე მისი ხელწერა ‒ იოლად საცნობი ელეგანტურობაა. თამუნა ინგოროყვას მოდის სახლის წარმატება მალევე გასცდა საქართველოს ფარგლებს. მის სამოსს ირჩევენ ლედი გაგა, მოდელები: ჯიჯი ჰადიდი, დოუცენ კრუსი. ფოტომოდელმა ედიტა ვილკევიჩუტემ თამუნას საქორწინო კაბაზე შეაჩერა არჩევანი.

რამდენად რთულია გიცნობდნენ და გირჩევდნენ; განსხვავებული და საინტერესო იყო. რა ხდება იქამდე, ვიდრე კოლექცია ჩვენებაზე გადის; რა გავლენა მოახდინა მსოფლიო მოდაზე ბოლო წლების მთავარმა გამოწვევამ ‒ პანდემიამ. თამუნა ინგოროყვა გვიყვება ამ და სხვა ამბებს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თამუნა, როგორ აისახა პანდემია თქვენს საქმიანობაზე?

პანდემიის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, უფრო ინერციით მივდიოდით. მარტში ვმართავდით შოურუმს პარიზში. იმ დროს იტალიაში უკვე დაწყებული იყო ვირუსის გავრცელება, მაგრამ პარიზში მაინც წავედი. შეიძლება ითქვას, ვერ წარმოვიდგინე იმის მასშტაბი, რაც ხდებოდა, მაგრამ საფრანგეთში უკვე ომის განწყობა იყო: ყოველდღე მოდიოდა ახალ-ახალი მეილი, შოურუმები იკეტებოდა, ბაიერები ავად ხდებოდნენ, ზოგი მილანიდან ვერ ჩამოფრინდა იმიტომ, რომ კარანტინში გადაიყვანეს, ჩინეთიდან საერთოდ ვერ ჩამოვიდნენ და ა. შ. ქაოტური სიტუაცია იყო. მაგრამ დასაწყისში მაინც რთული იყო იმის წარმოდგენა, რასთან გვქონდა საქმე და რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს. რეალობის ასეთი ზუსტი აღქმა არ გვქონდა. ამიტომ შეკვეთები მაინც დაიწერა. მართალია, განახევრდა, მაგრამ ვიმუშავეთ. უფრო რთული აღმოჩნდა შემდეგი სეზონი, სექტემბერი, რადგან იმ დროს უკვე გავაცნობიერეთ, რა ხდებოდა, შევიგრძენით, რომ საფრთხე ძალიან სერიოზული იყო. ბევრი მაღაზია გაკოტრდა, ბევრმა რაოდენობა შეამცირა და მაშინ ჩვენც უფრო მკვეთრად შევეჯახეთ რეალობას. ცოტა ბრძოლა მოგვიწია, შევნელდით. ბოლო ათი წლის განმავლობაში საკუთარ თავს ხშირად ვადარებდი ხოლმე „ტეჟევეს“, ჩქაროსნულ მატარებელს – ვამბობდი, მასავით მივქრი-მეთქი. არაფრის დრო არ მქონდა, სულ ვჩქარობდი, ძალიან სწრაფი ტემპით ვცხოვრობდი. ვერ ვიტყვი, რომ უცებ გავჩერდი ჩემს საქმიანობაში, მაგრამ ტემპი მკვეთრად შენელდა და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. 22 წლიდან ვმუშაობ, ბოლო 10 წელიწადში უამრავი ცვლილება იყო და ეს მომწონდა, მაგრამ ამ იძულებითი შენელების დროს რაღაცები გვერდიდან დავინახე, ბევრი რამ გადავაფასე, როგორც მთელმა მსოფლიომ. რაღაცებზე დავფიქრდი და მექანიკური მოქმედებებიდან უფრო გააზრებულ მოქმედებებზე გადავედი.

რა გადააფასეთ ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად დროის ფასი გავიგე. ახლა მას ძალიან ვუფრთხილდები, სხვანაირად ვანაწილებ. მე არასდროს მეცალა საკუთარი თავისთვის, ამის დრო, უბრალოდ, არ მრჩებოდა. დავიწყე საკუთარი ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების მიქცევა. დავიწყე ვარჯიში, დავინტერესდი სხვადასხვა რამით, რისთვისაც მანამდე არც დრო მქონდა და არც იმას ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მაინტერესებდა. ხარისხი გახდა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი – აბსოლუტურად ყველა ასპექტში. საქმეს რაც შეეხება, დავავიწროვე კოლექციები, აღარ ვაკეთებ იმდენ პროდუქტს, რამდენსაც ვაკეთებდი. ტყუილად აღარ ვხარჯავ არც საკუთარ, არც ჩემი თანამშრომლების დროს. ჩემთვის თითოეული წუთი ძალიან დასაფასებელი გახდა.

აისახა თუ არა პანდემია მსოფლიო მოდაზე? კოლექციების ხასიათს ვგულისხმობ.

ზოგადად, რაც გარშემო ხდება, ყოველთვის აისახება მოდაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე. რთულია იმის თქმა, რომ პანდემიის დროს უცებ და რადიკალურად გარდაიქმნა მსოფლიო მოდა, რადგან ცვლილებები, მათ შორის, მდგრადობის მიმართულებით, კოვიდამდეც დაწყებული იყო. ის, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, რესურსს და გამოვიყენოთ ეკომეგობრული მასალები- ახალი არაა. ეს ყველაფერი დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ძალიან მკაფიოდ გამოიხატა პანდემიის დროს. თითქოს ამისი დრო დადგა. ამაზე მეტი ფიქრის და ლაპარაკის დრო მოვიდა, რადგან დავინახეთ, რომ დიდწილად ისევ ჩვენ ვაზიანებთ საკუთარ თავს ჩვენი წინდაუხედაობით თუ დაუდევრობით.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

წლებია მართავთ საკუთარ მოდის სახლს. პერმანენტული მუშაობა სჭირდება იმას, რომ მიღწეული შეინარჩუნო და განავითარო?

მოდა ისეთი სფეროა, ამ პერმანენტული მუშაობის გარეშე შეუძლებელია. ეს ხომ რეალურად ხელოვნებაა, შემოქმედებითი პროცესი, რაც განსხვავდება იმისგან, რომ ვთქვათ, რაღაც დაზგა გამოიგონე, ის კონკრეტულ პროდუქტს ჭრის და ეს წავა და წავა. შენ, დიზაინერი, ვალდებული ხარ ყოველ სეზონზე წარადგინო ახალი, შენი მომხმარებელი ყოველთვის გყავდეს დაინტერესებული. თან მოდის სფერო ძალიან გაფართოვდა. მსოფლიოს გარშემო მილიონობით დიზაინერია. მოდა ძალიან სპეციფიკური სფეროა. შეიძლება ერთ დღეს ზემოთ ახვიდე, ხვალ უცებ ქვემოთ ჩამოვარდე. კარდიოგრამას ჰგავს ეს პროცესი. ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს. თან ცხოვრება შეიცვალა, ყველაფერი ციფრული გახდა. ამასაც მორგება, მიმართულების შეცვლა სჭირდება. შეიძლება ძალიან მცირე რაღაც შეგეშალოს და მთელი სისტემიდან ამოვარდე. მით უმეტეს, როცა პატარა ბრენდი ხარ და მონსტრ კომპანიას არ წარმოადგენ. საქართველოში ამ საქმის კეთება კიდევ უფრო რთულია. დიდი ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ ბაზარზე დავმკვიდრდეთ.

რა ეტაპზე ვართ საქართველოში მოდის თვალსაზრისით?

ნორმალურ ეტაპზე ვართ. იყო პერიოდი, როცა ქართველი დიზაინერები მოდაში, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოვარდნენ. ახლა ეს ტალღა ცოტა ქვემოთ იწევს და ეს ბუნებრივია, რადგან მოდის სფერო ძალიან ტენდენციურია. ორი-სამი წლის წინ ქართველი დიზაინერები ერთბაშად აქტუალურები გახდნენ. ეს, რა თქმა უნდა, იმანაც განაპირობა, რომ დემნა გვასალია იყო „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, ასევე Mercedes Benz Fashion WEEK აღმოჩნდა ძალიან სერიოზული პლატფორმა ჩვენთვის. ზოგადად, ბევრი კომპონენტის ერთობლიობაა მნიშვნელოვანი ამ სფეროს წინსვლისთვის.

მუშაობისთვის საჭირო განწყობას, შთაგონებას რა გაძლევთ?

ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, თანამედროვე ხელოვნება, არქიტექტურა. ცოტა განწყობის ადამიანი ვარ, თუმცა ისეთ სფეროს ვემსახურები, მხატვარივით ვერ დაველოდები მუზას. ხელოვნების ბევრ სფეროში შეიძლება ნახევარი წელი არაფერი აკეთო და მერე უცებ სასწაული შექმნა, მაგრამ აქ ასე არაა. მოდა – გამოყენებითი ხელოვნებაა. ჩვენ მუდმივად რაღაც კალენდარში ვართ ჩასმული და მე ვერაფრით ავცდები დროს. თუ ავცდი, ამოვვარდები ამ კალენდრიდან და, შესაბამისად, ვერავის დავაინტერესებ ჩემი სამოსით. ჩემი ვალდებულებები მაქვს – თანამშრომლების, კომპანიის წინაშე, რაც მოითხოვს ტვინი სულ აქტიურ ფაზაში მქონდეს. რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როცა საერთოდ არ მინდა კოლექციის კეთება, არც შთაგონება მაქვს, არც ნერვები, გადაღლილი ვარ, მაგრამ თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევ. ხშირად არის, რომ ცოტა ჭირს ხოლმე ძიების პროცესის დაწყება. მით უმეტეს, რაც კოვიდია, ცხოვრება შეიცვალა, ისეთი საინტერესო აღარაა, ერთფეროვნებაა, იმდენს ვეღარ მოგზაურობ. ვცდილობ განწყობა, შთაგონება მივიღო ფილმებიდან, გამოფენებიდან. შეიძლება მეგობრები ვნახო და ის ერთი საღამო ისეთი საინტერესო აღმოჩნდეს ჩემთვის, მეორე დღეს მთელი კოლექცია დავხატო. ხდება ისეც, რომ კარგი ნახატი უცებ მომცემს ინსპირაციას. ამ დროს შიგნიდან რაღაც იმპულსი გეძლევა და მერე უკვე იქიდან მოქმედებ.

რა თვისებები გაქვთ, რაც თქვენს საქმეში გეხმარებათ?

პირველ რიგში, შრომისმოყვარეობა. მართლა ურთულესი საქმეა და საქართველოში კიდევ უფრო რთულია. უცხოეთში დიზაინერს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს, ვისთან ერთადაც ის მუშაობს და რომლებიც თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, იქ ჩარევა არ გიწევს. ვფიქრობ, საქართველოშიც სხვანაირად იქნება მალე, მაგრამ ჯერჯერობით დიზაინერები თვითონ ვაკეთებთ სცენის დიზაინს, თავად ვატარებთ კასტინგს, ჩვენების დროს თვითონ ვაკონტროლებთ ხმას, ყველა დეტალზე გვიწევს ფიქრი. ამას უზარმაზარი დრო და ენერგია მიაქვს და მართლა ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, ქართველი დიზაინერები ნამდვილად გამოვირჩევით იმით, რომ ამდენი რამე შეგვიძლია.

მიყვებით თუ არა ტენდენციებს?

არა, არ მივყვები. წინადადებას: ახლა ყველაფერი მოდაშია – ვერ ვიტან, მაგრამ მართლა ასეა. ცხოვრება უფრო თავისუფალი გახდა, საზღვრები, ჩარჩოები, დიდწილად, მოიშალა. თუ ადრე ყველა ტენდენციებს მიყვებოდა, ზედმეტი ზეგავლენა იყო, ახლა თავისუფლება იმდენად შემოიჭრა ჩვენში, ამას, მგონი, ნაკლები ყურადღება ექცევა. დიდი არჩევანია და თავისას ყველა იპოვის. მაგალითად, ზამთარში აქტუალური გახდება დაბალწელიანი შარვლები, მაგრამ, მე მგონი, ჩვენი ფსიქიკა და აზროვნება მივიდა იმ დონეზე, რომ ტენდენციები უპირობოდ არ ავიტაცოთ. ახლა უფრო მეტად ვაკეთებთ ისე, როგორც ჩვენ გვსიამოვნებს. ამას დიზაინერებიც ითვალისწინებენ და ამიტომ დღეს ბაზარზე ყველანაირი არჩევანია.

როგორი ჩაცმულობა მოგწონთ?

მე მომწონს, როცა ადამიანის ჩაცმულობას ინდივიდუალური ხელწერა ეტყობა და ის ტენდენციების მსხვერპლი არ ხდება. არ მომწონს, როცა ყველანაირ სტილს იცვამენ და ძალიან დიდი გარდერობი აქვთ. ამით, რეალურად, ისინიც თანამონაწილეები არიან მსოფლიოს დანაგვიანების, რადგან ხელს უწყობენ უკონტროლო გაყიდვებს. მე მომწონს რაც შეიძლება შემცირებული გარდერობები. თვითონაც ძალიან ბევრს ვყიდულობდი, ხან რა მეცვა, ხან – რა. მიყვარდა, როცა ბევრი მქონდა, რადგან ეს არჩევანის შესაძლებლობას მაძლევდა, მაგრამ ბოლოს მივედი იმ ეტაპამდე, რომ მივხვდი – ჯობია, რაც შეიძლება კონკრეტული გარდერობი გქონდეს. უნდა იცოდე, მაგალითად, როგორი სტილის ჯინსი გიხდება, რომ რამდენიმე ფერის იმ სტილის ჯინსი გქონდეს. ჩემი აზრით, აუცილებელია რამდენიმე თეთრი პერანგი, რომლებიც ყოველთვის გამოგადგება. ზოგადად, ისეთი ტანსაცმელი უნდა გქონდეს, რომელსაც მოიხმარ. ძალიან ბევრი ქალისგან გამიგია, გავაღე გარდერობი და არაფერი არ მქონდაო. ამ დროს შეიძლება თავზე დაეყაროთ ტანსაცმელი გარდერობის გაღების დროს. იგივეა ფეხსაცმლის შემთხვევაშიც. მე თვითონ დიდი მოყვარული ვიყავი ფეხსაცმლის, ჩემი მეგობრები დღემდე ხუმრობენ ამ თემაზე. შემეძლო მეყიდა ფეხსაცმელი, რომელიც მიჭერდა ან რომელსაც იმდენად მაღალი ქუსლი ჰქონდა, ვერასდროს ჩავიცვამდი. ვიძენდი იმიტომ, რომ მომწონდა და მინდოდა, გარდერობში მქონოდა. ახლა მივედი იმ ეტაპამდე, რომ არაფერს ვყიდულობ ისეთს, რაც არ მჭირდება.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

აქსესუარები გიყვართ?

იყო პერიოდი, ძალიან მომწონდა დიდი, მასიური აქსესუარები, უამრავს ვყიდულობდი, ყოველდღე სხვადასხვა მეკეთა. ახლაც მიყვარს განსხვავებული, ერთმანეთს საერთოდ რომ არ უხდება, ისეთი ბეჭდების გაკეთება. მომწონს ბევრი ყელსაბამი ერთად. ‘სულ მიკეთია აქსესუარები, მაგრამ თვალშისაცემად- არა.

რომელი ფერი გიყვართ?

როგორც კოლექციებში, ისე პირად გარდერობში ჩემთვის ძალიან აქტუალურია წითელი. ძირითადად, პასტელური ტონალობის ფერები მიყვარს, უფრო – რუხი და ხორცისფერი. ასევე ძალიან მიყვარს შავი. ცისფრის ტონალობებიც ხშირად მაქვს ხოლმე – პერიოდს გააჩნია. ყვითელი მიყვარს ძალიან. გამორჩეული ფერია ჩემთვის. შეიძლება ხშირად არ ჩავიცვა, მაგრამ გარდეობში სულ მაქვს და იქ ანათებს.

ფერებში რამდენად მიყვებით ტენდენციებს?

რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ამას არ ვითვალისწინებთ, ეს ტენდენციები ისეთი დოზით მოგვეწოდება, ისე თავისთავად ილექება ჩვენს ტვინში ეს ინფორმაცია, მას მექანიკურად მაინც ვიყენებთ. მარკეტინგი, ინსტრაგრამი, სოციალური ქსელები, მაღაზიის ვიტრინებიც კი, გინდა, არ გინდა, მუშაობს ამ თვალსაზრისით და გააზრებულად სულ რომ ამ ეძებდე, ინფორმაციას მაინც იღებ. მარკეტინგული ჯგუფები ძალიან სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია სწორად მივიღოთ. თუმცა ამ ყველაფერს გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი წლების წინ, როცა ჩემს საქმეს ვიწყებდი. ახლა ასე აღარაა.

ამის ფუფენებას დიზაინერს გამოცდილება აძლევს?

რა თქმა უნდა, გამოცდილება ბევრ შესაძლებლობას გაძლევს. იყო პერიოდი, კოლექციაზე მუშაობას ბევრად მეტ დროს ვანდომებდი. მეტს ვეძებდი. დიზაინერები ნაჭრების გამოფენებზე დავდივართ. ამით წინასწარ ვიგებთ, მომდევნო წლის კოლექციაში რა ქსოვილებს გამოვიყენებთ. იქ ფერები, ფაქტურები დეტალურადაა მოწოდებული. ამ წიგნებს ვიძენთ ან გვეგზავნება. ადრე მათ ზედმიწევნით მივდევდი, კედელზე მინიშნებებს გავიკრავდი ხოლმე, რომ რომელიმე ფერი ან ფაქტურა არ გამომპარვოდა. დღეს ამას ნამდვილად აღარ ვაკეთებ. ალბათ, უკვე ისე მაქვს ტვინი გავარჯიშებული, აღარ მჭირდება ამის ყურება.

საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ?

ძალიან. ყველა კოლექციის მერე ვნანობ, საერთოდ რატომ გავაკეთე ეს კოლექცია. ერთდროულად ბევრი განცდა და ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს ხოლმე: სიცარიელე, სინანული, სიხარული, მოწონება, თვითგვემა… ბევრი ემოცია ტრიალებს ხოლმე. ძირითადად, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, ყოველთვის ვფიქრობ, რომ შემეძლო უკეთესად გამეკეთებინა. შექმნილით ტკბობას არასდროს განვიცდი. კოლექციის ჩვენებიდან მეორე დღესვე ვიწყებ იმის გამოსწორებაზე ფიქრს და მუშაობას, რაც არ მომწონს. ახლა, ბოლო დროს, შედარებით ვისწავლე, რომ საკუთარ თავს ცოტათი მაინც გავუფრთხილდე და დავინდო. ეს, სხვათა შორის, პანდემიამ მასწავლა.

სამი შვილი გყავთ, რამდენად რთულია დროის სწორად განაწილება და როგორ ახერხებდით ამას მაშინ, როცა თქვენი შვილები პატარები იყვნენ?

დროის ფასი გერმანიაში სწავლის პერიოდში ვისწავლე. პირველი სემესტრის ბოლოს ნიშნები რომ მომივიდა, დისციპლინაში ცუდი შეფასება მქონდა. საერთოდ ვერ გავიგე, რას ნიშნავდა დისციპლინაში ცუდი ნიშანი, რადგან საქართველოში ასეთი საგანი არ გვქონდა და ამ მხრივ არ გვაფასებდნენ. 90-იანი წლები იყო, თბილისში ორი საათით ვაგვიანებდით სკოლაში. როცა ვიკითხე, ამიხსნეს, აი, ორშაბათს სამი წუთით დაიგვიანე, ხუთშაბათს – ექვსი წუთით; სამშაბათს სახაზავი ითხოვე მეგობრისგან… ეს ჩემთვის იმხელა გაკვეთილი აღმოჩნდა, როგორც კი მოვისმინე, ზედმიწევნით ორგანიზებული გავხდი და თითოეული წუთის ფასი ვისწავლე. ვფიქრობ, დღემდე ასე ვარ. ზოგჯერ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ ხოლმე, მიკვირს. არცერთი ბავშვის გაჩენის შემდეგ დეკრეტში არ გავსულვარ, ორსულობის ბოლო დღემდე ვმუშაობდი. შუათანა შვილი რომ გავაჩინე და სამშობიაროდან გამოვედი, ჯერ სამსახურში გავიარე, რაღაც საქმე მქონდა, და ისე წავედი სახლში. პირველი შვილი ერთი თვის მყავდა, იტალიაში, კომოში მასთან ერთად წავედი ნაჭრების შესარჩევად, რადგან ბერლინში კოლექცია უნდა გამეკეთებინა და სხვანაირად არ გამოდიოდა. მე მგონი, დღეს ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ფაქტია, რომ ოდესღაც გავაკეთე. ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, ვცდილობდი გადამენაწილებინა დრო და ვახერხებდი რაღაცნაირად. რომ გითხრათ, ჩემს სამსახურს იყვნენ შეწირულები, ასე ნამდვილად არ ყოფილა, მათთვის სხვა დრო მქონდა, სამსახურისთვის- სხვა. არასდროს სამსახურში მე ღამე არ გამითენებია და შაბათ-კვირასაც მხოლოდ მაშინ ვმუშაობდით, როცა ეს მართლა აუცილებელი იყო. დღემდე ასე ვმუშაობ- 10-დან 7 საათამდე. 7 საათიდან ჩემთვის სამსახური აღარ არსებობს.

თქვენს შვილებს მოსწონთ ის, რასაც აკეთებთ?

არ ვიცი. ალბათ, კი. შრომისმოყვარე ბავშვები არიან, უყვართ სწავლა და, შეიძლება, ეს იქიდან გამომდინარეც, რომ მთელი ცხოვრება მიყურებენ – სულ რაღაცას ვაკეთებ და სულ რაღაც ხდება ჩვენთან.

ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

დავიწყე ზამთრის 2023 წლის კოლექციაზე მუშაობა. 2022 წლის ზაფხულის კოლექცია დავასრულე. ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვქონდა Fashion Colors of Caucasus-თან. გამოვიყენეთ ეკომეგობრული აბრეშუმი, რომელიც კავკასიის რეგიონში მოპოვებული ბუნებრივი, მცენარეული საღებავებით შევღებეთ.

სეზონურ კოლექციებზე რამდენი ხნით ადრე იწყებთ მუშაობას?

დიახ, ასეთი სისტემაა. იანვრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე შოურუმებს ვაკეთებთ, ბაიერებს წარვუდგენთ კოლექციებს, მერე ისინი უკვეთავენ და ჩვენ გარკვეული დრო გვაქვს, რომ მათ გამზადებული კოლექციები მივაწოდოთ და გაყიდვა დაიწყონ. ამის გამო ყოველთვის ვუსწრებდი დროს. მიმდინარე წლის ჩაწერა რომ მჭირდებოდა სადმე, ხშირად მეშლებოდა. ვამბობდი, პროფესიული დაავადება ხომ არ არის, ამოვარდნილი ვარ დროიდან და გავრბივარ-მეთქი. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ სწორ დროში და სწორ მომენტში ჩავმჯდარიყავი. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, სულ მომავალზე ფიქრობ. რეალურად, მომავალში ხარ.