საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით აპრილის თვეში ინფლაცია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.9%–ით გაიზარდა. შესაბამისად, მოსახლეობას საშუალოდ 6.9%–ით მეტი თანხის გადახდა უწევს პროდუქტისა თუ მომსახურების მისაღებად. 4.1%–ით გაიზარდა თამბაქოს გარეშე წლიური საბაზრო ინფლაცია.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა სასურსათო და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო ჯგუფმა იქონია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ფასები ამ სასაქონლო ჯგუფში 16.1 პროცენტითაა გაზრდილი, რაც საერთო ინფლაციის დონეზე 5.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე 45.4%–ით. ფასები 23.2% პროცენტითაა გაზრდილი რძის ნაწარმისა და კვერცხის პროდუქტებზე. ასევე გაზრდილია ფასები შაქარსა და ტკბილეულზე(16.9%–ით); ხორცპროდუქტებზე(15.0%–ით); თევზზე(14.9%–ით) ; ბოსტნეულზე(14.1%–ით), ასევე ბოსტნეულსა(14.1%–ით) და პურპროდუქტებზე(8.4%–ით).
ფასები გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვის სასაქონლო ჯგუფზე. ამ ჯგუფში ფასების ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა და 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე. ფასების ზრდა შეინიშნება სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე 8.4 პროცენტით, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებაზე 4.4 პროცენტული პუნქტით.
ქვეყანაში შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ გავლენა იქონია საქსტატის მუშაობის პრინციპებზეც. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ინფლაციის გაანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება ახალი წესების საშუალებით მოხდა.
,,ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქსტატი გადავიდა მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე. კერძოდ, ფასების რეგისტრაციისას მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ინტერვიუერების პირადი ვიზიტი ობიექტებზე, ამის ნაცვლად კი გამოყენებულ იქნა ონლაინ და სატელეფონო გამოკვლევა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდების – სკანერული მონაცემების და ვებ-გვერდიდან მონაცემთა ავტომატური გადმოტვირთვის მეთოდის (web-scraping) დანერგვა.“