თუ ვინმე ფიქრობს, რომ კულტურა ჩაკეტილი სამყაროა, – ცდება!
კულტურა ზღვარდაუდებელია დროსა და სივრცეში. დრო მუდამ ცვლის მის თემატიკას, ფორმას, რიტმს, ცხოვრებასთან დამოკიდებულებას და ახალ-ახალ გამოწვევებს სთავაზობს.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ 2006 წელს სამმა მეგობარმა – ია ხურციძემ, მარინა ბაბუნაშვილმა და თამარ ჩიქოვანმა დააარსეს „ხელოვნების განვითარების ფონდი IMT”.

ისინი პროფესიით მუსიკოსები არიან. მათი მეგობრობა თბილისის კონსერვატორიაში დაიწყო, მოგვიანებით კი საერთო ინტერესებმა და მიზანსწრაფვამ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი.
იამ, მარინამ და თამარმა თავიდანვე გადაწყვიტეს სასარგებლო საქმე არა მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეკეთებინათ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ემოქმედათ. ამიტომ დაისახეს მიზნად მნიშვნელოვანი პროექტები განეხორციელებინათ და ხელოვნების სხვადასხვა დარგი მოეცვათ.
რადგან ფონდის დამფუძნებლები მუსიკოსები იყვნენ, ბუნებრივია, 90-იან წლებში მათი პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სფეროს უკავშირდებოდა. კერძოდ, საზოგადოება „კლასიკასა“ და „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის“ დაარსებას, „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის“, „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის“ და კონსერვატორიის დიდი დარბაზის საახალწლო ფესტივალის „მუსიკალური შეხვედრების“ დაფუძნებას.
ისინი ასევე მონაწილეობდნენ თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის აღდგენა-რეკონსტრუქციაში და წლების მანძილზე უძღვებოდნენ მის საკონცერტო ცხოვრებას.
2006 წლიდან მათი საქმიანობის მასშტაბი უფრო გაფართოვდა.
რა იყო თქვენი ფონდის პირველი პროექტი?
2006 წელს, ანდრია ბალანჩივაძის დაბადებიდან 100 წლისთავი სრულდებოდა. ცოტა თუ მოიძებნება ამ რანგის მუსიკოსი, რომელსაც ასეთი წვლილი აქვს შეტანილი ქართული მუსიკალური კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ის იყო დიდი სიმფონისტი, ქართული ბალეტის და საფორტეპიანო კონცერტის პირველი ავტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
ანდრია ბალანჩივაძე უნიკალური დინასტიის წარმომადგენელი იყო. ის გახლდათ ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი, ამერიკული ბალეტის დამაარსებლის ჯორჯ ბალანჩინის ძმა. სწორად აღნიშნავდა ბიძინა კვერნაძე: „ამ ოჯახის ვალშია არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ხელოვნება…“.
ჩვენმა ფონდმა გადაწყვიტა ამ თარიღის ფართომასშტაბიანი აღნიშვნა, რაც გულისხმობდა კომპოზიტორის თითქმის მთელი შემოქმედების რეტროსპექტივას. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ საგანძურთან შეხება.
იმ წელს აჟღერდა კომპოზიტორის მნიშვნელოვანი სიმფონიური თუ კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომლებიც მრავალი წელი არ შესრულებულა და პრაქტიკულად, ახალ თაობას ცოცხალი შესრულებით არ ჰქონდა მოსმენილი.

კონცერტები გაიმართა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
პირველად დავბეჭდეთ საფორტეპიანო პიესების კრებული „ქართული მელოდიები“, აღვადგინეთ „ოქროს ფონდში“ დაცული ავტორის მიერ შესრულებული ჩანაწერები და გამოვეცით კომპაქტ-დისკი. ასევე, სპეციალურად მომზადდა საიუბილეო ბუკლეტები.
პირველი პროექტის შემდეგ როგორ გააგრძელეთ მუშაობა?
2009-2011 წლებში გამოვეცით „ქართული საგანძურის“ ერთგვარი ანთოლოგია, რომელიც მოიცავს მუსიკალურ ფოლკლორს, პოეზიას და კინო-მუსიკას.
ესაა ხმოვანი ალბომების სერია, რომელშიც ერთდროულად არის მოთავსებული ტექსტი, ფოტო-მასალა და აუდიო-დისკები.
გამოცემაში წარმოდგენილი ყველა მუსიკალური თუ პოეტური ჩანაწერი ავთენტურია და მოძიებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის „ოქროს ფონდში“. რაც შეეხება ფოტო-მასალას, შევეცადეთ შეგვეტანა ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომლებიც შეირჩა მუზეუმების და კერძო კოლექციების არქივებიდან. ანთოლოგიაზე იმუშავეს ჩვენმა ფოლკლორისტებმა ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, მუსიკისმცოდნეებმა ნანა ქავთარაძემ და მანანა კორძაიამ, მუსიკალურმა რედაქტორმა ია საკანდელიძემ, მწერალმა ემზარ კვიტაიშვილმა და კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძემ.
სტატიები გამოცემისთვის სპეციალურად დაწერეს გია ყანჩელმა, აკა მორჩილაძემ, მერაბ კოკოჩაშვილმა და ნესტან მესხმა.
განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პოეტების მიერ წაკითხული ლექსები – აკაკი წერეთლიდან თამაზ ჭილაძის ჩათვლით. სასიამოვნო მოსასმენია უცხოელი პოეტებისა და მთარგმნელების ხმები, რომლებიც განსხვავებულად კითხულობენ ქართულ პოეზიას, მათ შორის ფრაგმენტებს „ვეფხისტყაოსნიდან“.
რამდენადაც ვიცი, „ვეფხისტყაოსნის“ თემა ამით არ ამოწურულა.
დიახ, 2009 წელს გამოვეცით მინიატურული „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მხოლოდ 600 ეგზემპლარი დაიბეჭდა. თითოეულის ყდა ხელით არის გაკეთებული, წიგნებს აბრეშუმის ქსოვილი აქვს გადაკრული, რომლებსაც ქეთი მატაბელის ფოლიანტები ამშვენებს, არც ერთი ყდა არ მეორდება.
„ვეფხისტყაოსანი“ საოცარი მიზიდულობის წიგნია, ვიტყოდით – მისტიური და რაც უფრო ეცნობი მას, მით უფრო გატყვევებს და აღარასოდეს გიშვებს…

ჩვენ მუსიკოსები ვართ და ბუნებრივია, დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ყველაფერს, რაც რუსთაველის სახელს უკავშირდება. ამიტომ, ყოველ ჯერზე ვთანამშრომლობთ მხოლოდ პროფესიონალებთან, ადამიანებთან, ვისთვისაც რუსთაველი მთელი ცხოვრების ნაწილია.
2009 წელს შევქმენით პროექტი „რუსთაველი – XXI საუკუნე“. ჩვენი ინტერესების სფეროა რუსთაველის კავშირები სხვადასხვა სახელოვნებო დარგთან –მუსიკა, თეატრი, კინო, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, დიზაინი და სხვ. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალი თარგმანების შექმნა და აგრეთვე განსაკუთრებულად ღირებული თარგმანების გამოცემა.
2014 წელს აღინიშნებოდა ქართველ და ებრაელ ხალხთა ურთიერთობების 26 საუკუნოვანი იუბილე. ჩვენ შევთავაზეთ სახელმწიფოს ამ თარიღისათვის „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ ენაზე გამოცემა, ვინაიდან ვიცოდით, თუ რა ხარისხის თარგმანი არსებობდა ამ ენაზე.
საქმე ეხებოდა ქ. ქუთაისში მცხოვრები ებრაელი პოეტისა და მთარგმნელის ბორის გაპონოვის თარგმანს, რომელიც სპეციალისტების აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ორიგინალთან გათანაბრებული ნიმუშია.
ბორის გაპონოვმა ადრეულ ასაკში აღმოაჩინა რუსთაველი და მიზნად დაისახა თავის მშობლიურ ენაზე ეთარგმნა. ებრაული მან თვითონ შეისწავლა. როგორც იცით, იმ პერიოდში, შეწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან. იკრძალებოდა ამ ენაზე საუბარი, მიმოწერა, არ არსებობდა არც წიგნები და არც სახელმძღვანელოები. გაპონოვმა თორას მეშვეობით ისწავლა მშობლიური ენა და ოჯახს არჩენდა სინაგოგებისთვის წმინდა წიგნების, კალენდრებისა და ქეთუბების გადაწერით. როგორც მისი ბავშვობის მეგობარი, პროფესორი მიხეილ ფიზიცკი ამბობს: „მისი სიცოცხლე გაგრძელდა იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდებოდა საწადელის მიღწევას – პოემის თარგმნას, მის გამოქვეყნებას და საერთაშორისო აღიარებას“. გაპონოვი სულ ახალგაზრდა, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, აქედან 15 წელი მან „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას მოანდომა.
1965 წელს, პოემის თარგმანის დასრულების შემდეგ, ავტორმა მოახერხა ხელნაწერის მიწოდება ივრითის აკადემიაში. წიგნმა საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი თარგმანი შეეძლო გაეკეთებინა ადამიანს, რომელსაც ცოცხალი ენა არ სმენია. ის აირჩიეს აკადემიის წევრად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო და 1969 წელს ისრაელში გამოსცეს მისი წიგნი. სხვადასხვა ქვეყნის პრესა გამოეხმაურა ამ ამბავს. ყველა ერთხმად აღიარებდა პოემის და მისი მთარგმნელის გენიალურობას.
გაპონოვმა ისრაელში მიიღო არაერთი ლიტერატურული პრემია საუკეთესო თარგმანისთვის. „ვეფხისტყაოსანი“ აღიარებული იქნა წლის წიგნად.
სამწუხაროდ, ჩვენ თავის დროზე ვერ შევაფასეთ ეს თავდადებული, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ის მწერალთა კავშირშიც არ მიიღეს და ელემენტარული ყოფითი პრობლემებიც კი ვერ მოუგვარეს.
გაპონოვი მთელი ცხოვრება ოცნებობდა სამშობლოში ჩასვლაზე. სამწუხაროდ, ის მძიმე სენით დაავადებული, მეტყველებადაკარგული ჩაიყვანეს ისრაელში, სადაც მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა.
დღეს მის სახელს ატარებს ქუჩები რამათ – განში (ისრაელი) და ქუთაისში, სადაც მას სინაგოგის წინ ძეგლიც დაუდგეს. გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ გაპონოვს რუსთაველის პრემიაც მიენიჭა (1989 წ).
დღეს, როდესაც 45 წლის შემდეგ გამოვეცით ეს თარგმანი საქართველოში, საავტორო უფლებები ისრაელში ავიღეთ. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო.
სამუშაო ძალიან რთული იყო, ვინაიდან უნდა მომხდარიყო ორიგინალის გაციფრულება და თავიდან გახმოვანება. მუშაობის პერიოდი დაემთხვა ისრაელში საომარ ვითარებას და ნახევრად ბუნკერში მყოფ ჩვენს ებრაელ პარტნიორებს საოცარი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ დროულად დაესრულებინათ საქმე.
ახალი გამოცემის დასურათება მივანდეთ მხატვარ, ქეთი მატაბელს, რომელმაც შესანიშნავი კოლაჟები შექმნა ე.წ. წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურების გამოყენებით.
ბოლოთქმა ეკუთვნის ცნობილ მკვლევარს და რუსთველოლოგს ზურაბ კიკნაძეს.
სამწუხაროა, რომ დროულად ვერ ვაფასებთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთი სიყვარულითა და რუდუნებით იღწვის ჩვენი ქვეყნისთვის.
მოხარულები ვართ, რომ გვიან, მაგრამ მაინც დაფასდა ამ ადამიანის წვლილი და ჩვენი ქვეყნების მეგობრობის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერა.
როგორ მოხვდა თქვენი პროექტის მიხედვით შექმნილი ვეფხისტყაოსანი გაეროში?
დაახლოებით 25 წლის წინ ჩვენ პირველად აღმოვაჩინეთ გუჯი ამაშუკელი, როდესაც მისი ნამუშევრების კატალოგი ვნახეთ. აქ იყო წარმოდგენილი როგორც სამკაულები, ასევე მცირე ფორმის ქანდაკებები, ხმლები, ლიტურგიული აქსესუარები, ორიგინალურად მოჭედილი წიგნები. ნანახმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.
ბევრი რამ შევიტყვეთ მის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ემიგრაციაში, რა რთული გზა განვლო წარმატებამდე და როგორ დამკვიდრდა საფრანგეთში.
დღეს გუჯი აღიარებული ბრენდია. მისი ნივთები ამშვენებს მსოფლიოს მუზეუმებს, ტაძრებს და კერძო კოლექციებს.
წლების შემდეგ, 2014 წელს ერთმა შემთხვევამ კვლავ ამოატივტივა მისი სახელი. სტუმრად ვიმყოფებოდით ამირ და ია კაკაბაძეების ოჯახში, რომლებიც დავით კაკაბაძის გამოფენის შემდეგ პარიზიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ და სხვა შთაბეჭდილებებთან ერთად, ბევრი რამ გვიამბეს გუჯი ამაშუკელზე, გვაჩვენეს 2012 წელს გამოცემული კატალოგი და ძალიან წუხდნენ, რომ არც ერთი მის მიერ შექმნილი ნივთი არ არსებობდა საქართველოში. იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ და დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ მოგვეხერხებინა გუჯის დაბრუნება საქართველოსთვის.

ამ პერიოდში რუსთაველზე ინტენსიურად ვმუშაობდით და გაგვიჩნდა აზრი, რომ შეგვექმნა ხელნაწერი წიგნი, რომელსაც შეასრულებდნენ ახალგაზრდა კალიგრაფები, ხოლო გარეკანს გუჯი მოჭედავდა.
ეს სინთეზი გვაძლევდა საშუალებას, ერთ ნამუშევარში გაგვეერთიანებინა ქართული სიტყვა, უნიკალური ქართული დამწერლობა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ჭედური ხელოვნება.
ვიფიქრეთ, რომ ეს თანამედროვე არტის უნიკალური ექსპონატი გამოვიდოდა, რომელიც ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა და ჩვენი კულტურის წარდგენის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა საერთაშორისო არენაზე (გაერო, იუნესკო).
ამ პროექტის იდეიდან მის განხორციელებამდე, ძალიან გრძელი, რთული და ეკლიანი გზა გავიარეთ, მაგრამ საბოლოო შედეგი წარმატებული აღმოჩნდა – შეიქმნა უნიკალური ნივთი, რომელიც საქართველოს საკუთრებაა და გაეროს არტ – კოლექციას ამშვენებს ქ. ნიუ-იორკში. აგრეთვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუჯი ამაშუკელი 45 წლის შემდეგ კვლავ შეხვდა თავის სამშობლოს.
ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?
როგორც გითხარით, რუსთაველის თემას ვაგრძელებთ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ რუსთაველის რჩეული აფორიზმების კრებულის ათენოვან გამოცემაზე. ენები შეირჩა, უპირველეს ყოვლისა, იმ მნიშვნელოვანი თარგმანების მიხედვით, რომლებიც უკვე არსებობს და დღემდე ითვლება ორიგინალთან მიახლოებულ ნიმუშებად.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი დაკვეთით პირველად ითარგმნება აფორიზმები ბერძნულ ენაზე, რაც ვფიქრობთ, უაღრესად საჭიროა. ჰომეროსის და ესქილის ენაზე რუსთაველი უნდა არსებობდეს!
ზოგადად, მუშაობის პროცესში, თარგმანის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით. რთულია იმის გაკონტროლება, ვინ და რა ხარისხით თარგმნის შენს ეროვნულ საუნჯეს; რამდენად სათანადოდ იცნობს შენი ქვეყნის ისტორიას და კულტურას. არის შემთხვევები, როდესაც თარგმანები ძალიან ზედაპირულად და უხარისხოდ არის შესრულებული. ასეთი ტიპის თარგმანები, ვფიქრობთ, ზიანის მომტანი უფროა და ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ რეაგირებას.
გეგმაში გვაქვს ხმოვანი ალბომების სერიის გაგრძელება.
ჩვენი მულტი-პროექტი „რუსთაველი-XXI საუკუნე“ მრავალფეროვანია. არის თემები, რომლებიც დღეს, პანდემიის პირობებში რთული განსახორციელებელია. მაგრამ, იმედს არ ვკარგავთ და ვფიქრობთ, მომავალში ვაჩვენოთ „ვეფხისტყაოსნის“ წარმოუდგენლად საინტერესო კავშირები ხელოვნების სხვადასხვა დარგთან.
როგორც ბესიკ ხარანაული ამბობს: „ვეფხისტყაოსანი ზღვაა და სიღრმეშია საშიში, ხოლო ნაპირზე ბავშვსაც შეუძლია თავისუფლად ირბინოს“.
ჩვენ ახლა მხოლოდ ნაპირზე ვართ და არ ვიცით, რამდენად გავბედავთ სიღრმეში შეცურვას. ამას დრო გვიჩვენებს.