წარმატებული და მისაბაძი ადამიანები მსოფლიოს გარშემო ხშირად აჟღერებენ ერთ საიდუმლოს – ცხოვრების მანძილზე ისინი გამუდმებით იტანჯებოდნენ აკვიატებული, მძაფრი შეგრძნებებით, რომ არ არიან საკმარისად კარგები, სათანადოდ კომპეტენტურები და შესაფერისად განათლებულები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ აქვთ ღირსეულობის, ნამდვილობისა და სრულფასოვნების შეგრძნება, რადგან მიიჩნევენ, რომ წარმატებებს „შემთხვევით“ მიაღწიეს.
მართალია, თვითკრიტიკულობა და თავმდაბლობა შესანიშნავი პიროვნული თვისებებია, თუმცა ყველაფერი, რაც ობიექტურობისა და ადეკვატურობის საზღვრებს სცდება იწვევს სერიოზულ მენტალურ თუ სოციალურ დისბალანსს გონებაში და ნელნელა გვინგრევს ყოფიერებას.
მტკიცე რწმენა, რომ ნებისმიერი ჩვენი წინსვლა თუ წარმატება გარემო ფაქტორებით, იღბლითა და შემთხვევითობითაა განპირობებული „თვითმარქვიას სინდრომის“ სახელითაა ცნობილი და იგი პირველად ამერიკელმა ფსიქოლოგმა, პოლინ როუზ კლენსმა აღწერა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში კლენსი დააკვირდა სტუდენტ გოგონებს და შენიშნა, რომ მიუხედავად მათი განსაკუთრებულად მაღალი აკადემიური მოსწრებისა, ზოგიერთ სტუდენტს საკმაოდ დაბალი თვითშეფასება ჰქონდა – მაგალითად, მათ ეშინოდათ ახალი საქმეების წამოწყება მაშინაც კი, როცა დაკისრებულ მოვალეობებს თავს ყოველთვის ღირსეულად ართმევდნენ. ფსიქოლოგმა დაკვირვებები განაგრძო და
საფუძვლად დაუდო თავის ნაშრომს „თვითმარქვიას ფენომენი – დაუმარცხებელი შიში, რომელიც მუდამ თან სდევს წარმატებას.“
მოგვიანებით სოციოლოგებმა, ჯესიკა კოლეტმა და ჯეიდ ეიველისმა, განაცხადეს, რომ „თვითმარქვიას სინდრომით“ ქალები გაცილებით ხშირად სნეულდებიან, ვიდრე მამაკაცები. ამის მიზეზი კი ისტორიულად ჩამოყალიბებული გენდერული შეზღუდვებია. მიუხედავად შესაბამისი მონაცემებისა თუ სურვილისა, წარუმატებლობისა და საზოგადოების მხრიდან მოულოდნელი „მხილების“ შიშით, ქალების დიდი ნაწილი კვლავ გაურბის სამეცნიერო თუ სპორტულ საქმიანობაში ჩართვას.
სოციოლოგთა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანთა წარმატებულობის ხარისხი და „თვითმარქვიას სინდრომის“ სიმწვავე საკმაოდ ძლიერ კორელაციაშია ერთმანეთთან. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელი საკულტო მსახიობი, ჯოდი ფოსტერიც. მართალია ორჯერ შეძლო ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის მოპოვება საუკეთესო მსახიობი ქალის როლისათვის, ფოსტერმა გადაცემაში „60 წუთი“ განაცხადა, რომ ოსკარის მოგების შემდეგ თავს ნამდვილ თვითმარქვია თაღლითად გრძნობდა, რომელსაც უბრალოდ ბედმა გაუღიმა – „დაჯილდოების შემდეგ ყოველდღე ვფიქრობდი, რომ ჟიური მალევე მიხვდებოდა თავის შეცდომას და კარზე მშვიდად მომიკაკუნებდნენ: ჰეი, ჯოდი, შეგვეშალა. ეს ჯილდო უკან უნდა წავიღოთ, დააბრუნე, იგი სხვას ეკუთვნის“.
მსგავსი შინაარსის განცხადებები ხშირად გაუკეთებიათ „Harry Potter“-ის ვარსკვლავ ემა უოტსონსა – „ყოველთვის, როცა რაიმეს წამოვიწყებ, მიძლიერდება შიში, რომ საზოგადოება „მამხელს“ და ჩემს უსუსურობას ფარდა აეხდება, ამაზე გამუდმებით ვშფოთავ“ და ასევე ოსკარის მფლობელსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ნატალი პორტმანს, – „12 წლის შემდეგაც კი, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტი დავასრულე, მჭამს ეჭვები, რომ აქ არ უნდა ვიყო, რაღაც მოვიტყუე და მთელი ჩემი წარმატებების ისტორია დიდი შეცდომაა. ამიტომაც, ყოველთვის, როცა პირს ვაღებ, ვცდილობ დავამტკიცო, რომ საკმარისად ჭკვიანი ვარ.“
დღეისათვის „თვითმარქვიას სინდრომის“ 5 ძირითად ფსიქოტიპს გამოყოფენ.
პერფექციონისტი
პერფექციონიზმი და ეს სინდრომი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. იდეალისტი ადამიანებიც ხომ გადაჭარბებულად მაღალ სტანდარტებს უწესებენ თავს და, თუკი მიზანს ვერ მიაღწევენ, ხელმოცარულობისა და უიმედობის მწარე განცდა ეუფლებათ.
ამავე კატეგორიას მიეკუთვნებიან განსაკუთრებულად ჯიუტი და ახირებული ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი აუცილებლად იდეალურად უნდა შესრულდეს და, რაც მთავარია, უნდა შესრულდეს მათს მიერ!
ამ ქვეტიპის ადამიანებს წარმატება არ ჰგვრით სიამოვნებას, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის უფრო სრულყოფილად, უფრო დროულად, უფრო ხარისხიანად შესრულება. ერთი შეხედვით, ისინი მაქსიმალისტები არიან და ეს მათ პიროვნული ზრდისკენ სწრაფვაზე მეტყველებს, თუმცა ერთადერთი ფაქტობრივი რეალობა დაქვეითებული თვითშეფასება და არასრულფასოვნების კომპლექსია.
სუპერადამიანი
„თვითმარქვიათა“ ამ კატეგორიას მიაჩნია, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვრო უნდა იყოს. შეუძლიათ გადააჭარბონ სამუშაო განაკვეთს და მაინც არ იგრძნონ, რომ „გეგმა კეთილსინდისიერად შეასრულეს“. ისინი მზად არიან იტვირთონ თანამშრომლებთა მისიებიც და ჩათვალონ, რომ ეს მათი ვალდებულება იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ადამიანებს სიმშვიდეს ჰგვრით საკუთარი თავისა და სხვების წინაშე თავიანთი შესაძლებლობების დამტკიცება და არა არსებითად საქმის კეთება.
ბუნებით გენიოსი
ამ ქვეტიპის ადამიანების რწმენით, სისუსტეები სამარცხვინოა. მათი მამოძრავებელი მოტივაცია წარუმატებლობის შემზარავი შიშია და არა წარმატების ჯანსაღი სურვილი. „გენიოსებისთვის“ თავზარდამცემია რეალობა, სადაც რაიმის ასათვისებლად თუნდაც სულ ცოტა მეტი დრო დასჭირდებათ, ვიდრე სხვებს. აღსანიშნავია, რომ ბუნებით გენიოსებს არ უყვართ თავიანთი უფროსები, ფიქრობენ, რომ საქმეს დამოუკიდებლადაც მშვენივრად გაუმკლავდებიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი, „პერფექციონისტების“ მსგავსად, მუდამ დარდობენ, რომ რაღაც უფრო სწრაფად, უფრო ჭკვიანურად, უფრო იოლად შეეძლოთ შეესრულებინათ და ეს ვერ გააკეთეს.
სოლისტი
ასე ეწოდებათ „თვითმარქვიებს“, რომელთაც ჰგონიათ, რომ დახმარების თხოვნა საკუთარი უნიჭობისა და არაპროფესიონალიზმის აღიარებაა. ასეთი ადამიანები დამოუკიდებლობის მანიით მეტისმეტად არიან შეპყრობილნი და სხვებისათვის დახმარების თხოვნას უკაცრიელ ადგილას დაღუპვა ურჩევნიათ.
გულის სიღრმეში ისინი არ არიან ამპარტავნები ან ეგოისტები. უბრალოდ, მუდამ გამალებით ცდილობენ დამალონ შინაგანი „თაღლითობა“. ცხადია, ვერასდროს დაუშვებენ, რომ მათი „ბნელი მხარეების“ შესახებ სხვებმაც შეიტყონ.
„სოლისტს“ ნელ-ნელა უგროვდება წარუმატებლობის შემთხვევები და მათ გასამკლავებლადაც სრულიად მარტოა. ეს ცალსახად განუმტკიცებს მოსაზრებას, რომ სინამდვილეში მართლაც ხელმოცარული უმაქნისია, მტანჯველი არასრულფასოვნების განცდა კი ამ დროს პიკს აღწევს.
ექსპერტი
„ექსპერტები“ ყოველთვის პირადი კომპეტენციის შეფასების პროცესში არიან და ცდილობენ ზუსტად გამოთვალონ, რამდენი რამ იციან და – რამდენად კარგად.
მათი ღრმა რწმენა, რომ საკმარის ცოდნას ვერასდროს შეიძენენ, კვებავს მათსავე შიშს, რომ გარშემომყოფები დღეს თუ ხვალ უსათუოდ ამხელენ, როგორც დილეტანტსა და გაუნათლებენ თანამშრომელს.
ასეთი ადამიანები არასდროს შეავსებენ რაიმე აპლიკაციას, თუკი დაწვრილებით არ გაეცნობიან კადრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და არ დარწმუნდებიან, რომ ყველა დეტალს ზედმიწევნით აკმაყოფილებენ.
„ექსპერტებს“ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები აქვთ, როდესაც მათ აქებენ, რადგანაც თავს ღირსეულად სულაც არ მიიჩნევენ და გარშემომყოფთა კომპლიმენტებიც ირონიულ მინიშნებებად ეჩვენებათ.
გამოყენებული ლიტერატურა: