4 ივნისს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის ორგანიზატორები, პარტნიორები, მოწვეული ინვესტორები და სტუმრები.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა – ისინი 2 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ საკუთარი სტარტაპების განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში გუნდებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.
„Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერატორი მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ადრეულ ეტაპზე მყოფი ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერებას – ფასეული შეთავაზების ჩამოყალიბებით, ბიზნესმოდელის შერჩევით, მომხმარებლის კვლევით, MVP-ს შექმნითა თუ პროდუქტის ვალიდაციით და მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ საინტერესო სტარტაპები სხვადასხვა ინდუსტრიაში.“ – ნინუცა ნანიტაშვილი – ორგანიზატორი, მენტორი.
დემო დღეზე ინვესტორების წინაშე 15 გუნდი წარდგა დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.
ღონისძიების დასასრულს ჰოლანდიის საელჩომ დაასახელა 5 რჩეული სტარტაპი, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ისარგებლებს სამუშაო სივრცით და მიიღებს დამატებით კონსულტაციებს ბიზნესის განსავითარებლად. რჩეულ სტარტაპებს შორის მოხვდნენ:
Edupay
Edupay სწავლის გადახდის ავტომატიზაციის პლატფორმა სკოლებისა და მშობლებისთვის.
Upway
UpWay-ს პლატფორმა გააერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველა სასწავლო კურსს, სპორტულ თუ სამოყვარულო წრეს. აქ მომხმარებელს შეეძლება გაფილტროს და შეადაროს კურსები კატეგორიის, ფასის, ლოკაციის ან შეფასების მიხედვით, დარეგისტრირდეს და შეიძინოს სასურველი კურსი.
Farco
Farco სათბურისა და ფერმის ავტომატიზებული მართვის სისტემაა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მეურნეობაში არსებული კლიმატის შესახებ და მართონ ამ მონაცემებზე დაყრდნობითი სხვადასხვა სისტემა, როგორიცაა: გამათბობელი, მატენიანებელი, გამწოვი, მორწყვისა თუ განათების სისტემა და სხვა.
Wowchy
wowchy სასაჩუქრე ვაუჩერების ონლაინ მაღაზიაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ვაუჩერები, გადაიხადონ ონლაინ და მიიღონ სასურველ მისამართზე, ან პირდაპირ ადრესატს გაუგზავნონ მზა საჩუქრის ფორმით.
Art Inception Georgia
Art Inception Georgia თანამედროვე ონლაინ გალერეაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ, აღმოაჩინოთ და იყიდოთ ან გაყიდოთ ხელოვნების ნიმუშები თქვენი სახლიდან.
პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში.
„Impact Hub Tbilisi-სთვის ეს პირველი პრე-აქსელერატორია ტექ სტარტაპების მიმართულებით და იმდენად კარგი უკუკავშირი გვაქვს მონაწილეებისგან და შედეგებიც იმდენად თვალსაჩინოა, რომ აუცილებლად ვგეგმავთ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. გვინდა, რომ სტარტაპების შემდეგი ნაკადი შემოდგომაზე მივიღოთ. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ – ქეთი ებანოიძე – ორგანიზატორი, მენტორი.
პროგრამის მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, EFSE Entrepreneurship Academy, რედბერის სტარტაპ სტუდია და ჰოლანდიის საელჩო, რომელიც პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში, საუკეთესო მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო სივრცითა და დამატებითი კონსულტაციებით.