IMF 10-დან 9 წევრ ქვეყანაში ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

PHOTO: GOPIXA/ISTOCK BY GETTY IMAGES

აერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა (Word Economic Outlook, April 2020) გამოაქვეყნა. ეს კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ პირველი მიმოხილვაა.

უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.3%-ით უნდა გაზრდილიყო. ახალი პროგნოზით კი 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის დროს 0.8%-იან ეკონომიკურ ვარდნაზე გაცილებით უარესია.

დიდი ალბათობით, 2020 წლის რეცესია 1930-იანების „დიდი დეპრესიის” შემდეგ ყველაზე მძიმე იქნება. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტად შემცირდება ევროზონის ქვეყნების (-7.5%), მექსიკისა (-6.6%) და აშშ-ის (-5.9%) ეკონომიკები.

ჩინეთის ეკონომიკა კი კვლავ გაიზრდება, თუმცა მხოლოდ 1.2%-ით, რაც წინა წლის 6.1%-იან ზრდასთან შედარებით მნიშნელოვანი უკუსვლაა.

განახლდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ეკონომიკური ვარდნაა პროგნოზირებული საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტიორ ქვეყნებშიც: უკრაინა (-7.7%), რუსეთი (-5.5%), თურქეთი (-5%), აზერბაიჯანი (-2.2%), სომხეთი (-1.5%).

გარდა ამისა, IMF ვარაუდობს, რომ 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა ნაწილობრივ აღდება და 5.8%-ით გაიზრდება, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა გლობალური მშპ-ის დონე მაინც ვირუსამდელ ტრენდზე უარესი იქნება. ეს პროგნოზი შედარებით კარგ სცენარს აღწერს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ პანდემია 2020 წლის მეორე ნახევარში უკან დაიხევს და სახელმწიფოები ეკონომიკებს სწორი ფინანსური ზომებით დაეხმარებიან.