საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-მა, შესაძლოა, გენდერული ბალანსის გაუმჯობესების 30-წლიან პროგრესს საფრთხე შეუქმნას.
PHOTO: STR/NURPHOTO/ZUMA
COVID-19-მა ქალებისა და კაცების ეკონომიკურ მდგომარეობაზე არაპროპორციულად იმოქმედა. პანდემია და შემოღებული შეზღუდვები ქალებისთვის გაცილებით დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა. მსგავსი უთანასწორობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ქალების მომსახურების სფეროში მაღალი ჩართულობა სახელდება. პანდემიამ კი სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოახდინა განსაკუთრებულად დიდი გავლენა. ისეთ სექტორებს, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, ტურიზმი და სხვადასხვა მომსახურების სფეროები და რომლებიც პირისპირ ურთიერთობებს საჭიროებენ, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვების შემოღებამ პირდაპირი დარტყმა მიაყენა.
შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით უმუშევრობის დონე ქალებში, კაცებთან შედარებით, ორი პროცენტით მაღალი აღმოჩნდა. მათი სამსახურეობრივი ვალდებულებებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციური მუშაობა სოციალურ სექტორში დასაქმებული ქალების 54 პროცენტისთვის შეუძლებელია. იგივე მაჩვენებელი კი ბრაზილიაში 67%-ს აღწევს. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ 12%-ისთვისაა შესაძლებელი დისტანციურდ მუშაობა.
photo – Tim Mossholder
არაფორმალურ სექტორში დასაქმება მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც პანდემიის პირობებში ქალები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. COVID-19-ის კრიზისმა არაფორმალურ მუშაკებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. კოლუმბიაში ქალთა სიღარიბის დონემ 3.3%-ით აიწია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემია ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 15.9 მილიონით გაზრდის სიღარიბეში მცხოვრები ხალხის რაოდენობას და მთლიანი რაოდენობა 214 მილიონს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ბევრი ქალი და გოგონაც აღმოჩნდება.
ამავდროულად, ქალებს პანდემიის პირობებში საოჯახო საქმიანობის ტვირთიც ემატებათ, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სამსახურში დაბრუნებას ართულებს. სკოლების დროებითი დახურვის გამო ქალებს გაცილებით დიდი დროს უთმობენ შვილებს, რასაც ემატება მზრუნველობა რისკ-ჯგუფში მყოფ ხანშიშესულებზე. ეს ფაქტორები კი აფერხებს ქალების დაბრუნებას სრულგანაკვეთიან სამსახურებში. მაისის მონაცემებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კანადაში ქალების დასაქმების დონე მხოლოდ 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო კაცების 2.4%-ით. ამავდროულად, არსებული მონაცემებით, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებიდან კაცების სამსახურში დაბრუნება 3-ჯერ უფრო სავარაუდოა, ვიდრე ქალების.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ განვითარებად ქვეყანაში კრიზისულ სიტუაციებში გოგონები იძულებულები არიან, დატოვონ სკოლა და იმუშაონ, რათა გაზარდონ ოჯახის შემოსავლის წყარო. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ცვლილებები ადამიანური კაპიტალის დაკარგვას ნიშნავს, რაც, შესაბამისად, ქვეყნის პროდუქტიულობასა და განვითარებაზე უარყოფითად აისახება.