საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, დიდი ოცეულის ფორუმზე წარსადგენად, ახალი კვლევა ჩაატარა. კვლევაზე დაყრდნობით სამომავლო გლობალურ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შემუშავდა. IMF-ის მიმართვაში ყურადღება ინკლუზიური გარემოს შექმნაზეა გამახვილებული. განვითარების გეგმა თანაბრად უნდა ეხმარებოდეს ყველას, განურჩევლად სოციალური სტატუსისა თუ წარმომავლობისა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში სიღარიბის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. ახალი მონაცემების მიხედვით, 100 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოს გარშემო უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება, რაც წყალში ჩაყრის ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მის შესამცირებლად გაიღეს ბოლო სამი წლის განმავლობაში. მეორე მთავარი პრობლემა განათლებას უკავშირდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ნახევარ მილიარდზე მეტმა ბავშვმა დაკარგა წვდომა განათლებასთან და მათი უმრავლესობა მომავალში სრულფასოვანი განათლების მიღებას ვეღარ შეძლებს.
გაცემული რეკომენდაციები სამ ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი:
ფისკალური სტიმულირება – სახელმწიფოს მიერ გადასახების შემცირება და დანახარჯების ზრდა – პირდაპირაა მიმართული ეკონომიკური გაძლიერებისკენ. დაზოგილი თანხის სწორი გამოყენება სამომავლო რისკების თავიდან აცილების გარანტია. რეკომენდაციის მიხედვით, სახელმწიფოებმა ძირითადად ჯანდაცვასა და განათლებაში უნდა დააბანდონ ფული. დაბალი განვითარების ქვეყნებში უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა სუფთა წყალსა და ელემენტალურ სანიტარულ პირობებზე. ასევე, ზოგ სახელმწიფოებს შეუძლიათ, გაზარდონ საჯარო მომსახურების სფეროს ხარისხი, რაც ქალებს მისცემს უფრო მეტ თავისუფალ დროს და, შესაბამისად, შრომით ბაზარზე მათი უფრო მეტი რაოდენობა ჩაერთვება.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად სახელმწიფოების უმეტესობას ვალების აღება მოუწია, მათი მხრიდან დანახარჯების გაზრდა და გადასახადებიდან შემოსული შემოსავლების შემცირება რთული იქნება. ამიტომ სახელმწიფოებისთვის ვალების გადახდის შესამსუბუქებლად დიდმა ოცეულმა ორმხრივ შეთანხმებას მიაღწია სესხების პროცენტების გადავადებასთან დაკავშირებით.
განათლება – IMF-ის კვლევა დააკვირდა კავშირს განათლებასა და უთანასწორობას შორის. ზოგიერთ ქვეყანაში ჯინის კოეფიციენტის 10-ქულიანი ზრდა დაკავშირებულია განათლების სფეროში მიღწევების დაბალ მაჩვენებელთან ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. ამ ფაქტს შეუძლია შეამციროს ცხოვრებისეული შემოსავლები და ასევე გამოიწვიოს ამ პრობლემის მუდმივობა მომავალ თაობებშიც. რეკომენდაციის მიხედვით, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია უნდა ემსახურებოდეს არა მარტო დაწესებულებსა და დისტანციურ სწავლებას, არამედ – თავად განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
3. ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – სწორედ პანდემიის დროს გამოჩნდა ყველაზე უკეთ, რა დადებით მხარეები აქვს ციფრულ სამყაროს. პრიორიტეტია ასეთ ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის გაზრდა დაბალანაზღაურებადი დიასახლისებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაარეგულირონ დანახარჯები და უფრო პროდუქტიული ინვესტიციები განახორციელონ. რთულია ამ მხრივ არაფორმალურად დასაქმებულთა ხელშეწყობა, რომელთა რიცხვი 70% გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. თუმცა მათ ორ მესამედს აქვს წვდომა მობილურთან და ინტერნეტთან. ამის გათვალისწინებით, თუ სახელმწიფო რუტინულ გადასახადებს, რომლებსაც ხალხი ჩვეულებრივ ნაღდი ფულით იხდის, ანგარიშებზე გადაიტანს, შეძლებს აღურიცხავი შემოსავლების მქონე ადამიანების რაოდენობის შემცირებას. ამ ყველაფერთან ერთად სახელწიფომ ფინტეკის რისკებიც უნდა გაითვალისწინოს. საჭიროა რეფორმების გატარება ჯანსაღი კონკურენციის შესანარჩუნებლად, მომხამრებელთა უსაფრთხოების დასაცავად და ფულის გათეთრებასთან საბრძოლველად.