ტექნოლოგიური გიგანტები ხშირად მიუწვდომელ კორპორაციებად გვესახება – მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი აღიარებაა და ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, Forbes Woman-ის მკითხველი დაგვეთანხმება, რომ შეუძლებელი ნამდვილად არაფერია და ამის არაერთი ქართული მაგალითიც გვაქვს.
სალომე იმედაშვილი ახალ დეკადას სწორედ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით იწყებს – ის კომპანია ამაზონის მარკეტინგის უფროსი მენეჯერია. მარკეტინგის სფეროში გამორჩეული ტალანტით აღიარებულ სალომეს ბრიტანეთის მთავრობამ Global Talent-ის სტატუსი მიანიჭა 2020 წელს ტექნოლოგიების მარკეტინგში შეტანილი წვლილისთვის.
სალომემ პირველი ნაბიჯები მარკეტინგში საქართველოში გადადგა – სწავლობდა კავკასიის ბიზნეს სკოლაში, მაგისტრის კვალიფიკაცია კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში – სალომეს შთამბეჭდავი რეზიუმე და კარიერული გზა ბევრისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მაგალითი იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შრომით მიიღწევა და საბოლოოდ, წარმოუდგენელიც არაფერია.
მოგვიყევით როგორ აირჩიეთ პროფესია – თავიდანვე მარკეტინგს დაეუფლეთ, თუ შემდეგ შეიცვალა არჩევანი?
„ბიზნესის კუთხით წასვლა ბავშვობიდან ჩემს ხასიათში ჯდებოდა. ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი, მიყვარდა კომუნიკაცია, ორგანიზაციის უნარებიც საკმაოდ კარგი მქონდა. მარკეტინგი უკვე ბიზნეს სკოლაში სწავლის შემდეგ ავირჩიე, როგორც მიმართულება. 17 წლის ასაკში ძალიან რთულია გაიგო რა პროფესიას გინდა რომ დაეუფლო, ამიტომ ბუნებრივია, რომ ადამიანები ხშირად იცვლიან პროფესიას. მე ამ კუთხით ძალიან გამიმართლა და პრაქტიკაში მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო, შეეფერებოდა ჩემს ხასიათს და მომწონდა ის სფერო, რასაც ეს საქმე მოიცავდა.“
რატომ გადაწყვიტეთ ბრიტანეთში წასვლა და იქ დაფუძნება?
„ინგლისში წასვლა და დაფუძნება მთლიანად ჩემი მეუღლის კარიერული წინსვლის დამსახურებაა. გიორგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ხშირად უწევდა მოგზაურობა. 2014-ში მან გრძელვადიანი შეთავაზება მიიღო ბრიტანეთში და ოჯახური მიზეზით მოგვიწია აქ გადმოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ნოლიდან მომიწია ცხოვრების დაწყება, ლონდონში გადასვლა ჩემი კარიერისთვის ძალიან დადებითი გამოდგა.
როგორ დაიწყო თქვენი კარიერა – რა გზა გაიარეთ ამაზონამდე?
„ბრიტანეთში გადმოსვლიდან ორ თვეში უკვე მქონდა სამსახურეობრივი შემოთავაზება ტექკომპანია „რომონეტში“, რომელიც შემდეგ ამერიკულმა უძრავი ქონების კომპანია, CBRE-მ შეიძინა. ეს კომპანია კლიენტებთან მუშაობდა დატა ცენტრების ეფექტიანობის გაზრდაზე და ჩემი როლი ციფრული მარკეტინგისა და პროდუქტის განვითარება იყო. ვცდილობდი შემექმნა კომპანიის ბრენდი, განგვევითარებინა ახალი სერვისები და მოგვეძიებინა პოტენციური კლიენტები ევროპასა და ამერიკაში. ორი წლის შემდეგ გამომიჩნდა შემოთავაზება ავსტრიულ კომპანია Emarsys-ში, რომელიც ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელია მსოფლიოში. სწორედ აქ განვაგრძე მუშაობა, როგორც რეგიონალური მარკეტინგის მენეჯერმა, ჩემი დაფარვის არეალი თავდაპირველად მხოლოდ ბრიტანეთი იყო. ამ პერიოდში იწყებოდა კომპანიის ზრდის კრიტიკული ფაზა, რადგან ორგანიზაცია ბრიტანულ ბაზარზე კონკურენტული ადგილის დაკავებასა და ასევე ამერიკაში გაფართოებას გეგმავდა. ამ პოზიციაზე ძალიან წარმატებით შევასრულე ჩემი გეგმები, რასაც შემდეგ მოჰყვა ჩემი დაწინაურება ევროპის მასშტაბით კომპანიის მარკეტინგის დირექტორად. გაყიდვების გასამმაგების შემდეგ, ჩემი შემდეგი გამოწვევა მარკეტინგის ახალი მიმართულების, კლიენტების მარკეტინგის დეპარტამენტის შექმნა იყო. როცა საკმაოდ ბევრი ახალი მომხმარებელი შევიძინეთ, მენეჯმენტისა და ინვესტორების ფოკუსი მათ შენარჩუნებაზე გადაერთო და ამ მიმართულების განვითარება სწორედ მე მანდეს. იმის დასტური, რომ წარმატებით შევასრულეთ დასახული გეგმები, 2020 წლის სექტემბერში SAP-იმ Emarsys იყიდა და დღეს Emarsys-ის პლატფორმა SAP-ის პორტფელში შედის. ამის შემდეგ უკვე შევუერთდი ამაზონის გუნდს.
როგორ შეაფასებთ თქვენს მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებას და რა რჩევებს მისცემთ ქართულ კომპანიებს?
„მომხმარებელზე ფოკუსირება ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესის ზრდისთვის და სწორედ მომხმარებლის კმაყოფილებაზე აქცენტის გაკეთებას ვურჩევდი ნებისმიერ ქართულ ორგანიზაციას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი მარკეტინგული კამპანია გაქვს, რამდენ ბიუჯეტს დახარჯავ მარკეტინგულ გეგმაზე თუ საბოლოო ჯამში მომხმარებელი უკმაყოფილო იქნება, დააყენეთ თქვენი მომხმარებლები ბიზნესის ცენტრში და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღეთ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქნება მათი პროდუქტი მომხმარებლისთვის უკეთესი. ამაზონში ასეთი წესია, რომ ნებისმიერ სტრატეგიულ შეხვედრაზე, ხალხით სავსე ოთახშიც კი ერთი სკამი ყოველთვის თავისუფალია და ეს სკამი მომხმარებლებისთვისაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ახალი ქართული, თუნდაც პატარა ბრენდი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებლის აზრს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მცირე ბიზნესებს მწირი მარკეტინგული ბიუჯეტი აქვთ, მაინც ახერხებენ გაყიდვების გაზრდას მომხმარებლის მოსმენითა და სწრაფი რეაგირებით. ეს მე საკუთარ თავზეც გამომიცდია და თავად გავხდი რამდენიმე ქართული კომპანიის ერთგული მომხმარებელი. ძალიან მიხარია, რომ მომხმარებელზე არის ყურადღება და არა მხოლოდ მარკეტინგულ კამპანიებზე. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც ამაზონს შევუერთდი იყო ის, რომ ამ ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი არის მომხმარებლის კეთილდღეობა და ალბათ, ეს გვაჩვენებს კიდევაც, რომ ეს მოდელი ყველაზე კარგად მუშაობს.“
მოგვიყევით, როგორი იყო ამაზონისთვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენა – რა მოლოდინები ჰქონდათ თქვენ მიმართ?
„მნიშვნელოვანია ვახსენო ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პერიოდულად ყოველთვის ვცდილობდი ამაზონში დამეწყო მუშაობა. არაერთხელ გამიგზავნია CV, მაგრამ ალბათ სწორი დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ მათ შევემჩნიე. ჩვენი ურთიერთობა ძალიან სტანდარტული პროცესით დაიწყო, ვებ-გვერდზე ვნახე განცხადება და გავაგზავნე ჩემი მონაცემები, შემდეგ მოვძებნე დამსაქმებელი მენეჯერი და უბრალოდ ლინკდინის მეშვეობით დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ გავაგზავნე ჩემი CV და მოხარული ვიქნებოდი მათთან გასაუბრებით. დაახლოებით 1 თვის შემდეგ, როცა ყველანაირი იმედი უკვე გადაწურული მქონდა, დამიკავშირდნენ და დაიწყო მრავალეტაპიანი გასაუბრება. ამაზონს აქვს 14 ლიდერობის პრინციპი, რომლის გათვალისწინებითაც აჰყავთ სამსახურში ადამიანები ნებისმიერ პოზიციაზე. ისინი შენს პიროვნებასა და ლიდერულ თვისებებს უფრო აქცევენ ყურადღებას, რა თქმა უნდა, გამოცდილების გათვალისწინებით. იყო სატელეფონო გასაუბრებები, ტესტირებები მათემატიკასა და ლოგიკაში, გამოცადეს ჩემი წერის უნარებიც, იყო სიტუაციური კითხვებიც, რომ ენახათ რამდენად ვახდენ ამ ლიდერული პრინციპების რეალურ სიტუაციაში გამოყენებას და რამდენად ბუნებრივად მოდის ჩემთვის ამ პრინციპებით მუშაობა ყოველდღიურ საქმეში. გავიარე 5 საათიანი გასაუბრება 5 სხვადასხვა ადამიანთან და საბოლოოდ 7 ეტაპის გავლის შემდეგ ამიყვანეს.“
აკვირდებით თუ არა ქართულ მარკეტინგს – როგორ შეაფასებდით ახალგაზრდა ქართველი მარკეტერების პოტენციალს?
„ნამდვილად ვაკვირდები მათ მუშაობას და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დადებითი ცვლილებებია მარკეტინგში საქართველოში, ძალიან კრეატიული მარკეტინგ საზოგადოება გვყავს და თან საკმაოდ კრიტიკულიც, რაც ძალიან სასიხარულოა. თუმცა, ყოველ ჯერზე თვალში მხვდება არაპერსონალიზებული მასობრივი შეთავაზებები, მაგალითად ყველა ადამიანს მისდის ერთი და იგივე ტექსტური შეტყობინება, მიუხედავად იმისა ისინი არიან თუ არა ამა თუ იმ კომპანიის კლიენტები. მეტი შეტყობინების გაგზავნა არ არის კარგი მარკეტინგი და მას-კომუნიკაცია არ ზრდის გაყიდვებს. პირიქით, ჩემი აზრით, ეს აზიანებს მომხმარებლის თვალში კომპანიის იმიჯს და აკარგვინებს მომხმარებლის ნდობას.
დარწმუნებული ვარ, ციფრული მარკეტინგის განვითარებასა და ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად ეს სფეროც მოწესრიგდება. რადგან პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ პირადი მონაცემების და პატივი ვცეთ მომხმარებლის უფლებებს. ზოგადად შემიძლია ნამდვილად ვთქვა რომ გვაქვს პოზიტიური ნაბიჯებიც ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ბოლო პერიოდში პანდემიამ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დააჩქარა, თუმცა ვფიქრობ, რომ ქართულმა ბრენდებმა საკმაოდ სწრაფად აუღეს ალღო მას და გადაერთნენ მუშაობის ამ სისტემაზე. დასახვეწია ვებგვერდების მუშაობა, დღეს შეკვეთების უმეტესობა ფეისბუქით ხორციელდება. პროდუქციის დაბრუნების სერვისი ჯერ კიდევ არ დანერგილა, თუმცა მგონია რომ ესეც მალე იქნება და ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი საქართველოში eCommerce-ის მომავლის მიმართ.
ხშირად ტექნოლოგიური გიგანტები მიუწვდომელ კომპანიებად წარმოუდგენიათ – რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, ვინც სწორეთ ამგვარ კომპანიებში მუშაობას ისახავს მიზნად?
„ალბათ ჩემი გამოცდილება იქნება ყველასთვის მაგალითი იმისა, რომ წარმოუდგენელი არაფერია. თავის დროზე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო მსგავს კომპანიაში მუშაობა. მთავარია ადამიანმა, ნებისმიერ სფეროში, გამოცდილების მიღების პროცესში გაარკვიოს რისი კეთება სურს და რა არის მისი საბოლოო კარიერული მიზანი. დღეს იმდენი საინტერესო პროდუქტები და შესაძლებლობებია, რომ მარტივია დაკარგო ფოკუსი. თანმიმდევრულობასა და ხარისხიან მუშაობას კარიერაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ჩემი მთავარი ამოცანა არასდროს ყოფილა ტექნოლოგიურ გიგანტებში მუშაობა, უბრალოდ როდესაც ახალ პოზიციაზე გადავიდოდი ახალ კომპანიაში, ვცდილობდი, რომ ჩემი საქმე იმ წუთას კარგად შემესრულებინა, ვყოფილიყავი კარგი და განვვითარებულიყავი 360 გრადუსით. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ამაზონმა სამსახურში ამიყვანა. მრავალფეროვანი გამოცდილება შენ როგორც პროფესიონალს ყველა დამსაქმებლისთვის უფრო საინტერესოს გხდის.“
რა იქნება შემდეგ – რა გეგმებით იწყებთ ახალ დეკადას?
„ახალი დეკადა ჩემთვის ახალი გამოწვევებით დაიწყო და ჩემი მოკლევადიანი ამოცანაა თავი დავიმკვიდრო ამაზონში. პირველ რიგში მინდა გავერკვე პროცესებში და გავზარდო ამაზონის DSP-ის პოპულარიზაცია ევროპაში, რაც ვთვლი, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ამჟამად ჩემი ფოკუსი არის შევასრულო ჩემი საქმე კარგად და რადგან დეკადაზე ვსაუბრობთ ძალიან დიდი სურვილი მაქვს უახლოეს 10 წელიწადში მაინც საქართველოში ჩამოვიტანო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ალბათ ყველაზე კარგად ჩემი ნიშა ისევ ელექტრონული კომერცია იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საქართველოში ჩემი საქმის დაწყებას და გამოცდილების გაზიარებას. ძალიან ბევრი წარმატებული და შემდგარი ქართველი პროფესიონალი ცხოვრობს საქართველოს გარეთ და ვისურვებდი, რომ ისეთი ბიზნეს გარემო შეიქმნას ქვეყანაში რომ ყველა ამ ადამიანს თავისი ფასდაუდებელი გამოცდილებით ქვეყანაში დაბრუნება შეეძლოს, იმედგაცრუების გარეშე.