მენეჯმენტის განვითარების ინსტიტუტმა (IMD) გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების სია. სიის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობა, ხელისუფლების ქმედითობა, ბიზნესის ეფექტიანობა და ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საერთაშორისო ვაჭრობას, ინვესტიციებს, დასაქმებას, სოციალურ თანასწორობასა და განათლებას. წელს ახალ კრიტერიუმად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებიც დაემატა.
2020 წლის მონაცემებით ლიდერობენ შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები, როგორებიცაა სინგაპური, დანია, შვეიცარია და ნიდერლანდები. IMD მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ცენტრის დირექტორის აზრით, პატარა ეკონომიკების წარმატება მათ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობასა და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის უნართანაა დაკავშირებული. ნაწილობრივ, ეს ფაქტი იმითაც აიხსნება, რომ პატარა ქვეყნებში სოციალური კონსესუსის პოვნა შედარებით მარტივია.
სინგაპური მეორე წელია პირველობას ინარჩუნებს. მისი წარმატება განპირობებულია ეკონომიკური მდგრადობით, სტაბილური განათლების სისტემითა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით. დანია წლევანდელი მონაცემებით მეორე ადგილს იკავებს, რაც ძლიერი ეკონომიკის, შრომის ბაზრისა და ეფექტური ბიზნეს სექტორის დამსახურებაა. ამ ორ ქვეყანას მოსდევს შვეიცარია, რომელიც ბოლო სამ წელიწადში მეხუთედან მესამე პოზიციამდე დაწინაურდა.
დიდ ბრიტანეთს Brexit-მა კონკურენტუნარიანობის მხრივ დადებითი ცვლილებები მოუტანა – გაიზარდა ქვეყნის ბიზნეს-ეფექტურობა. მან 23-ე ადგილიდან მე-19-ზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინა წლის მონაცემებთან შედარებით მესამე ადგილიდან მეათე ადგილას გადაინაცვლა, ხოლო ჩინეთმა მეთოთხმეტედან მეოცეზე. სავაჭრო ომი ამერიკასა და ჩინეთს შორის, მათ კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახა.
სიაში ცვლილებები ნავთობის კრიზისითაცაა განპირობებული. არაბთა გაერთიანებული ემირატები 2019 წელს კონკურენტუნარიანი ქვეყნების სიაში მეხუთე ადგილს იკავებდა, წელს კი მეცხრეს.
მიღებული შედეგები შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ, რამდენად შეუძლიათ ქვეყნებს გამოწვევების საპასუხოდ მოქმედება და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.
მოცემულ რანჟირების სისტემაში 63 ქვეყანაა შეფასებული. მათ შორის ვერ მოხვდნენ საქართველო და რეგიონის პატარა ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება რუსეთსა და თურქეთს – რუსეთი რანჟირებაში 50-ე ადგილზეა, 2020 წელს მისი პოზიცია 5 პუნქტით გაუარესდა. ხოლო თურქეთის შემთხვევაში პირიქით, 5 პუნქტით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 51-ე პოზიციიდან 46-ეზე გადაინაცვლა.