კორონავირუსის გავრცელების ფონზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) გამოეხმაურა და არსებული მდგომარეობა ეკონომიკურ კრიზისად შეაფასა:
„ეს მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრისა და ეკონომიკური კრიზისია.“
ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის შედეგად შესაძლოა სამსახური 25 მილიონმა ადამიანმა დაკარგოს. ILO-ს მიხედვით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავედ კონკრეტულ ჯგუფებზე აისახება. ასეთ მოწყვლად ჯგუფებად ორგანიზაცია იმიგრანტებს, ქალებსა და ხანდაზმულ დასაქმებულებს ასახელებს, აგრეთვე, ადამიანებს, რომლებიც დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ.
ორგანიზაციის თქმით, უკეთეს შემთხვევაში დაახლოებით 5.3 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, თუმცა თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ეს რიცხვი 25 მილიონამდე გაიზრდება.
ILO ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს, რომლის დროსაც სამუშაოს გარეშე 22 მილიონი ადამიანი დარჩა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მძიმე შედეგების აცილება მხოლოდ მსოფლიოს ერთობლივი ძალისხმევითა და კონკრეტული ზომების შეთანხმებულად გატარებითაა შესაძლებელი.