ჯერ გაჩნდა იდეა. შემდეგ კი სივრცეს, რომელიც თანამედროვე ქართულ მოდას და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას გააერთიანებდა, სოფია გუგუბერიძემ და ანკა ციციშვილმა პეტრიაშვილზე, ღვინის ქარხანაში მიაგნეს. როგორც იხსენებენ, შესვლისთანავე მიხვდნენ, რომ სწორედ იქ მოხვდნენ, სადაც წარმოედგინათ. აქაურობა თავისი განწყობით, ესთეტიკით, აგურის კედლებით, მაღალი ჭერით ზუსტად ის იყო, რასაც ეძებდნენ და სადაც სულ ცოტა ხანში ქართველი დიზაინერების მრავალფეროვანმა კოლექციებმა მოიყარა თავი.
ბიზნესის გამოცდილება ორივეს ჰქონდა. უცხოეთში სწავლობდნენ და მუშაობდნენ. ორივესთვის ცხოვრების ნაწილი იყო მოდა, თუმცა გადაწყვეტილებას ‒ გაეხსნათ თბილისში ყველაზე დიდი კონცეპტუალური მაღაზია ‒ მაინც დიდხანს სჭირდებოდა ინსტრუქციები იმის შესახებ, რატომ და რისთვის ჩაიფიქრეს ყველაფერი ის, რაც გახდა „იერი“.
აქაურობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ ფაქიზ ესთეტიკაში არ გამოიხატება. ესეცაა, მომსახურების სრულიად განსხვავებული სტანდარტიც, მაგრამ გადამწყვეტი მაინც არჩევანის უდიდესი შესაძლებლობაა, რისი დამსახურებითაც ძალიან იოლია „იერში“ მიაგნო იმას, რასაც ეძებ.
ქალაქის შუაგულში მდებარე კონცეპტუალურ მაღაზიას, როგორც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს, ადგილობრივებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც მარტივად აგნებენ წამყვანი სამოგზაურო პლატფორმების დახმარებით, როგორებიცაა Conde Nast Traveller, Momondo და Airbnb. „იერი“ თბილისის უცხოელი სტუმრებისთვის პრაქტიკულად ნომერ პირველი მიმართულებაა საყიდლებისთვის. მაღაზიაზე წერენ ტურიზმის უცხოელი ბლოგერები.
როგორ გაჩნდა „იერის“ იდეა? რა იყო ჩანაფიქრი?
სოფია: ჩემი ოჯახი ქართული ხელოვნების კოლექციონერი და დიდი თაყვანისმცემელია. გვინდოდა თბილისში გაგვეკეთებინა ერთგვარი ცენტრი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამ იდეაზე რომ ვფიქრობდით, მივხვდით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რისგანაც შედგება საქართველო, ესაა ქართული სამოსი და მისი თანამედროვე გაგრძელება- კოლექციები, რომლებსაც ქართველი დიზაინერები ქმნიან. იმ დროისთვის უკვე ვმეგობრობდით ანკას ოჯახთან, ანკა კი ქართველ დიზაინერებთან მუშაობდა, კარგად იცნობდა მათ და თვითონაც ატარებდა მათ სამოსს. აქედან დაგვებადა იდეა, გაგვეერთიანებინა ჩვენი ბიზნესინტერესი და ანკას ხედვა, ცოდნა და გამოცდილება ქართული მოდის ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ასე დაიწყო ეს ამბავი 2018 წელს ჩვენი ჩანაფიქრისთვის შესაბამისი ადგილის ძებნით. ვნახეთ არაერთი საინტერესო შენობა, თუმცა საბოლოოდ ღვინის ქარხნის ისტორიული ნაგებობა აღმოჩნდა ზუსტად ის, რასაც ვეძებდით. აქაურობა სწორედ იმ პერიოდში იწყებდა ახალ სიცოცხლეს. ამ სივრცის რემონტის, მოწყობის პროცესში დღეები და ღამეები გვაქვს აქ გატარებული, ეს იყო ექვსთვიანი დაუვიწყარი პროცესი. 2019 წლის 3 მაისს ოფიციალურად გავხსენით „იერი“.
ანკა: გუგუბერიძეების ოჯახი უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს ქართულ მოდას. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, 10 წლის წინ მოსკოვში გავხსენით მაღაზია INDEXflat, ჩავიყვანეთ ქართველი დიზაინერები, წავიღეთ მათი კოლექციები. ჩემი მიზანი იყო, იქაურებისთვის წარმედგინა საქართველო, რადგან ამის დიდი გამოცდილება არ არსებობდა. როცა საქართველოში ჩამოვდიოდი, ვხვდებოდი, დიზაინერების ნამუშევრები მოსკოვში ჩემ მიერ უკეთ იყო წარდგენილი, ვიდრე თავად საქართველოში. არადა, აქ არჩევანიც, შესაძლებლობაც მეტი იყო. ამიტომ მოხდა ისე, რომ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. როცა ჩვენი ეს იდეები თანხვედრაში აღმოჩნდა ერთმანეთთან, ჩამოვედით თბილისში და დავიწყეთ ბაზრის შესწავლა, რაც გულისხმობდა მაღაზიებში წარმოდგენილი როგორიც ქართველი, ისე არაქართველი დიზაინერების კოლექციების გაცნობას, იმის განსაზღვრას, რა აქვთ ადგილობრივ დიზაინერებს და რისი შეთავაზება შეუძლიათ მათ მომხმარებლისთვის. პროდუქციის გაცნობის პარალელურად, თვალსაჩინოდ გამოჩნდა ის, რომ თითზე ჩამოსათვლელი იყო ადგილები კარგი მომსახურებით. ფაქტობრივად, არ იყო. მათ შორის, რამდენიმე ძალიან კარგ ბუტიკშიც კი. ამას ემატებოდა მცირე ასორტიმენტი, ზომების შეზღუდული არჩევანი. ჩვენი ჩანაფიქრი იყო შეგვექმნა სივრცე, სადაც მომხმარებელი მაღალი დონის მომსახურებას მიიღებდა და კმაყოფილი წავიდოდა. დიზაინერების მხრიდანაც ვიგრძენით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ეს მზადყოფნა რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ, ვერ დავიწყებდით. როცა ჩვენ გავიხსენით, იყვნენ დიზაინერები, რომლებმაც თუნდაც თბილისი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულით, თუნდაც რამდენიმე სხვა მაღაზიაში მიღებული გამოცდილებით, უკვე იცოდნენ როგორ უნდა ემუშავათ საერთაშორისო სტანდარტით. დიზაინერების ნაწილთან კი ბევრი მუშაობა მოგვიხდა იმისთვის, რომ ეს სტანდარტები გასაგები ყოფილიყო და მოვრგებოდით არა მოცემულობას, არამედ ჩვენს ჩანაფიქრს. გვინდოდა მიგვეღო მომსახურების უმაღლესი ხარისხი, გვქონოდა ასეთივე მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამართული ბიზნესმოდელი. იყვნენ დიზაინერები, რომლებსაც გავუზიარეთ ჩვენი ბიზნეს გამოცდილება, რამდენიმე ბრენდთან თავიდან ბოლომდე ვიმუშავეთ იგივე საფასო პოლიტიკის შემუშავების მოდელზე. მათ არ ჰქონდათ ეს ცოდნა. შეეძლოთ ხატვა, არაჩვეულებრივი პროდუქციის შექმნა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ ექციათ ეს საქმე ბიზნესად. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც კონსულტაცია გაიარეს და წავიდნენ, რადგან ჩვენი ხედვა არ დაემთხვა ერთმანეთს. ვიღაცას შესაძლოა ურჩევნია მონო ბრენდი იყოს და ესეც სრულიად გასაგებია.
როგორ სივრცედ იქცა „იერი“? როგორ შეაფასებთ, რაზე დგას მისი კონცეფცია?
სოფია: „იერი“ ‒ ამ მასშტაბის პირველი კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც საქართველოში გაიხსნა, დავუქვემდებარეთ ქართული სტუმართმოყვარეობის პრინციპს, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. სტუმარი, რომელიც შენთან მოდის, მთავარი ადამიანია სახლში. ანალოგიურადაა ამ ბიზნესშიც. მთელი ცხოვრება ლუქს-მომსახურების სფეროში ვმუშაობდი სხვადასხვა ქვეყანაში ‒ ლონდონიდან დაწყებული, ჰონგ-კონგით დამთავრებული ‒ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმის განურჩევლად, რას ყიდი, გაყიდვების 80 პროცენტს განსაზღვრავს ის მომსახურება და გამოცდილება, რომელსაც კლიენტი შენს ობიექტში იღებს. როცა შენ გაქვს სასიამოვნო ატმოსფერო, შესანიშნავი მომსახურება და ისტორია, რომელსაც ეყრდნობა ეს ყველაფერი, სტუმარს უჩნდება ოცნება და სურვილი ‒ გახდეს შენი მომხმარებელი. შესაბამისად, „იერი“ იქცა ისეთ პროექტად, რომელმაც შემოიტანა განსაზღვრული სტანდარტები: ესაა ხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც ვყიდით, იმ დიზაინერების იმიჯი, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და კიდევ უამრავი დამატებითი კომპონენტი. იმ წამიდან, როცა კლიენტი ამ თეთრ კარში შემოდის, იწყება მისი მომსახურება და ეს მომსახურება არ მთავრდება მაშინ, როცა მყიდველი მაღაზიას ტოვებს. ის გრძელდება ლოიალობის სისტემით და მოიცავს იმას, თუ როგორ ვულოცავთ ჩვენს კლიენტებს დაბადების დღეს, ვუგზავნით საჩუქარს, ვეპატიჟებით ჩვენს ღონისძიებებზე. საქართველოში, სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ნახავთ, განსაკუთრებით, კომერციულ პროექტებში. ჩვენ ახლოს ვართ მომხმარებელთან და თითოეულ ადამიანს, რომელიც აქ შემოდის, ისე ვხვდებით, თითქოს პირადად მას ველოდით მთელი დღე. ჩვენს გოგოებს, რომლებიც აქ მუშაობენ, შეუძლიათ სხვადასხვა თემაზე დაელაპარაკონ სტუმრებს, მათ შორის უცხოელებს, ურჩიონ მათ სად წავიდნენ, რა ნახონ საქართველოში, მოუყვნენ ქართველი დიზაინერების შესახებ, დაეხმარონ მთლიანი ლუქის შექმნაში… ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენი სტუმრები აბსოლუტურად ბედნიერები მიდიან აქედან. მათ უყვარდებათ ის ატმოსფერო, რომელსაც ვუქმნით და ეს განწყობა აქცევს მათ ჩვენს მუდმივ მომხმარებლებად. რაც უფრო თბილი და სასიამოვნოა ატმოსფერო, მით უფრო წარმატებით მუშაობს ბიზნესი.
ანკა: „იერი“ არაა უბრალოდ ტანსაცმლის მაღაზია. მხოლოდ ტანსაცმლის მაღაზია რომ გვნდომებოდა, სხვა ადგილს შევარჩევდით და გავხსნიდით ვიტრინიან სივრცეს, სადაც უბრალოდ გამოიფინებოდა და გაიყიდებოდა ტანსაცმელი. ჩვენ რაღაც მეტი გვინდოდა და ამისთვის გავაერთიანეთ მოდა და ბიზნესი ‒ ორი სფერო, რომელიც გვიყვარს და რისი კეთებაც შეგვიძლია. ეს ადგილიც ამიტომ ავირჩიეთ უყოყმანოდ. როცა რემონტის დროს გვითხრეს, რომ რაღაცებს ვერ შევეხებოდით როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ჩემი პასუხი იყო: გადასარევია! ეს უკვე ძალიან ჰგავდა იმას, რაც ჩავიფიქრეთ. გარდა იმისა, რომ ამ სივრცეს თავისი წარსული და ისტორია აქვს, ის რაც „იერშია“ წარმოდგენილი, ასევე ძალიან ქართულია. დიზაინერები, რომლებიც საოცარი კრეატიულობით მუშაობენ და ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევიან, მაინც ქართულ სულს დებენ თავიანთ ნამუშევრებში და ეს საგრძნობია.
როგორ გაუძლო თქვენმა ბიზნესმა პანდემიას – იმ რთულ პერიოდს, როცა არაერთი კომერციული ობიექტი დაიხურა? მით უფრო, რომ ეს იყო ახალი ბრენდი?
სოფია: ჩვენ გავიხსენით ტურიზმის ოქროს პერიოდში, როცა თბილისში წელიწადში 7 მილიონი ადამიანი ჩამოდიოდა. იმართებოდა გამოფენები, კონცერტები, მოდის კვირეულები… საუკეთესო პერიოდი იყო, ამიტომ გახსნის ღონისძიების შემდეგ ორი თვის განმავლობაში ინსტაგრამიც კი არ გამოგვიყენებია, იმდენი ადამიანი მოდიოდა, მათ შორის, უამრავი ტურისტი. ეს სივრცე მულტიფუნქციურია და, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ერთ სივრცეში თავმოყრილ არაერთი დიზაინერის ნამუშევრებს ვთავაზობთ, ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის, გავხსენით მოდის კვირეული, სადაც ჟურნალისტებს მოვუყევით დიზაინერებისა და ჩვენი მაღაზიის შესახებ. წავიკითხეთ ლექციები ქართულ მოდაზე. თებერვალში კი პანდემია დაიწყო, ყველაფერი დაიხურა და მათ შორის „იერიც.“ გამოვიდა, რომ, ფაქტობრივად, მთელი გუნდი უმუშევარი დარჩა. მაღაზიას არ შეეძლო მუშაობა. თუ არ გვექნებოდა გაყიდვები, ესე იგი, არ გვექნებოდა შემოსავალიც. ზუსტად იმ პერიოდში მივიღეთ დიზაინერებისგან ახალი კოლექციები. მარტის დასაწყისი იყო, რაღაც უნდა გადაგვეწყვიტა. დავფიქრდით და გამოსავლად მივიჩნიეთ ის, რომ ეს ჩვენი განსხვავებული, თბილი ატმოსფერო ონლაინ სივრცეში გადაგვეტანა. შეიძლებოდა, მაგალითად, გადავსულიყავით საშინაო ტანსაცმლის რეალიზაციაზე და დიზაინერებისთვის გვეთხოვა ჰუდების, პიჟამებისა თუ სხვა კომფორტული სამოსის შეკერვა დაეწყოთ. კიდევ უფრო იოლი გამოსავალი იქნებოდა კოლექციების გაუქმება, რადგან ვხვდებოდით, რომ კოქტეილის კაბები არავის სჭირდებოდა, მაგრამ გადავწყვიტეთ იმ ყველაზე კრიზისულ მომენტშიც მომავალზე, განვითარებაზე გვეფიქრა. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ გადავრჩებოდით და გუნდს შევინარჩუნებდით. გამოწვევა უამრავი იყო: ვიღაცას მკერავები გაუხდა ავად, ვიღაცას ნაჭრები გაეჭედა ევროპაში, მაგრამ პანდემია სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა, იქამდე კი ონლაინ გაყიდვებზე გადავერთეთ.
პარალელურად, „იერის“ საიტზე გაჩნდა ცალკე განყოფილება, სადაც ჩვენ დავიწყეთ იმის მოყოლა, ვინ ვიყავით, რას ვაკეთებდით, ვინ იყვნენ ჩვენი დიზაინერები. ამას მოჰყვა უკვე ქართული სამოსის ისტორია; რა დატვირთვა აქვს ქართულ მოდაში ფერებს, თუნდაც რატომაა შავი ფერი ყოველთვის აქტუალური და სხვა.
რატომ ირჩევს მომხმარებელი „იერს“?
ანკა: გვინდოდა ამ ყველაფერს ქართული იერი ჰქონოდა. საგრძნობი ყოფილიყო ქვეყნის, კულტურის სიყვარული. რეალურად, ეს ყველაფერი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზეა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ კულტურის აღქმა არ ყოფილიყო სტერეოტიპული. ვინც პოსტსაბჭოთა სივრციდანაა, მათ, როგორც წესი, იციან „მიმინო,“ ხაჭაპური, ხინკალი… როცა გავიხსენით, თანამედროვე ტურისტები ევროპიდან ჩამოდიოდნენ, ვთქვათ, „ბასიანის,“ ტექნოს გამო. ერთიანი სურათი, ისტორია ჩრდილში იყო. მათთვის ნამდვილი საქართველოს მიწოდება გვინდოდა. სივრცეც საშუალებას გვაძლევდა და დავიწყეთ ლექციების ციკლი საქართველოს ისტორიაზე, მათ შორის იმაზეც, თუ როგორი გავლენა ჰქონდათ ქართველებს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაზე. ამისთვის მერი შერვაშიძის მაგალითიც კი საკმარისად შთამბეჭდავია. თავიდანვე მკაფიოდ ვხედავდით იდეას, რომელზეც „იერის“ კონცეფცია დავაფუძნეთ. ამ იდეამ იმუშავა ყველა კრიზისის დროს. ჩვენ დიდხანს მივიჩნეოდით სტარტაპ პროექტად, რადგან 300 კვადრატული მეტრის ფართობის კონცეპტუალური მაღაზია, მაინც ექსპერიმენტული პროექტი იყო, შესაბამისად, ბევრი კითხვა ჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვიყავით, საიდან მოვედით ან რა გვინდოდა.
გახსნის დღიდან არაერთი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორებიც გავხდით. გავაკეთეთ საახალწლო საღამო ჩვენი მომხმარებლების შვილებისთვის. ეს იყო არგონავტების თემაზე შექმნილი ღონისძიება, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ და მათ ოქროს საწმისის დაბრუნება ევალებოდათ. მოვაწყვეთ ჩუბიკას პოეზიის საღამო, შოთა საგანელიძის არტ- პერფორმანსი, მოდის ჩვენება ჩვენი მომხმარებლებისა და მათი შვილების მონაწილეობით, დიზაინერებისა და მოდის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების საჯარო ლექციები. გამოვუშვით ორი გაზეთი, გავაკეთეთ პოპ- აპები „რესპუბლიკასა“ და წინანდალში, Radisson Collection-ში.
სოფია: ალბათ, სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობა განსაზღვრავს იმას, თუ რატომ ირჩევს მომხმარებელი „იერს“. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სავარაუდოდ, პროდუქციის დიდი სტილისტური არჩევანია. გვინდოდა „იერში“ წარმოდგენილი კოლექციები ყოფილიყო მრავალფეროვანი და კონტრასტულიც კი. მაგალითისთვის გამოდგება „სამოსელი პირველის“ კონსერვატიული, ტრადიციული სამოსი და მის გვერდით მოდის უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი კოსტიუმები თუ კაბები. ახალი კოლექციების პარალელურად, ზოგიერთ ბრენდს წარმოდგენილი აქვს მისი საიმიჯო, იკონური ნამუშევრები, რომლებიც კოლექციიდან კოლექციამდე გადადის და რომლებზეც მუდმივადაა მოთხოვნა. ქართული იერი განსხვავებულია და ჩვენს „იერშიც“ ეს განსხვავებულობა მოგვწონს. გარდა ამისა, მაღაზიაში წარმოდგენილია არამარტო ქართველი დიზაინერების კოლექციები, ასევე იმ უცხოელი დიზაინერების ნამუშევრები, რომელთა შთაგონებადაც საქართველო იქცა.
სიახლეებზე მუშაობთ?
ანკა: რა თქმა უნდა, მუდმივად. თუ განსხვავებულობის თემას მივუბრუნდებით, ჩვენი კონცეპტუალური მაღაზია დაკომპლექტებულია იმ დიზაინერებით, რომლებიც სრულიად ინდივიდუალურ, ერთმანეთისგან განსხვავებულ კოლექციებს ქმნიან. მთავარი, რაც მათ ყველას აერთიანებს, ესაა დეტალები, რომლებშიც საგრძნობია, რომ ყველა ეს დიზაინერი ქართველია და მათი შთაგონებაა საქართველო. აქ თავმოყრილი ბრენდები არ წარმოადგენენ დიდ წარმოებებს, სადაც მასობრივად იქმნება კოლექციები. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ფაქტობრივად, ხელითაა შექმნილი. ესაა პრემიუმ სეგმენტი, პრაქტიკულად ლუქსი და ოტ კუტიური, რომელიც ხელით იქმნება და რომელიც სხვანაირად ფასდება თუნდაც საფრანგეთში. აქ ჯერჯერობით სხვა ეტაპზე ვართ, მაგრამ ნელ-ნელა ამ ყველაფრის აღქმა ადეკვატური ხდება და ნაკლებად ჩნდება კითხვა, რატომაა ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ძვირი. გარდა იმისა, რომ გვაქვს ტანსაცმელი, ასორტიმენტი იზრდება, დავამატეთ ფეხსაცმელი, თავის მოვლის პროდუქცია. ნელ-ნელა წამოვიდა ის ხალხი, ვისაც საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით შეუძლია თავის მოვლის საშუალებების წარმოება. დაგვემატა პარფიუმერია, რომელიც იტალიელ პარფიუმერთან კოლაბორაციით იქმნება. თავიდანვე გვქონდა სახლის ნივთები, მათ შორის ხალიჩები. ახლა დავამატეთ კერამიკული ნაკეთობები. აქცენტი ტანსაცმელზეა, მაგრამ ნელ-ნელა გვინდა მოვიცვათ ყველა ის სეგმენტი, რაც არანაკლებ გვაინტერესებს.
სოფია: კოლექციების მრავალფეროვნების პარალელურად, რა თქმა უნდა, მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ყველაზე ბედნიერები მაშინ ვართ, როცა გვეუბნებიან, როგორი შთამბეჭდავი და სასიამოვნო მომსახურება ხვდებათ ჩვენთან. და როცა ამბობენ, რომ აქ ყიდულობენ არა მხოლოდ ცალკეულ ნივთებს, არამედ მთელ გამოცდილებას!