IDFI სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სწრაფი შესყიდვების კვლევას აქვეყნებს

ინფორმაციის თავისუფლები განვითარების ინსტიტუტმა მთავრობის მიერ 18 მარტიდან 15 აპრილამდე გამარტივებული და სწრაფი წესით განხორციელებული შესყიდვების კვლევა გამოაქვეყნა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა საჭირო პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას აღარ სარგებლობს ელექტრონული ტენდერების წესით. IDFI-ის კვლევა სახელმწიფოს მიერ პირდაპირი გზით განხორციელებულ ორი სახის შესყიდვებს ეხება – სამედიცინო მოწყობილობები და სასტუმრო მომსახურება საკარანტინოდ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირველი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიზნობრიობად კორონავირუსთან ბრძოლა იყო მითითებული, 18 მარტს გააფორმა. მას შემდეგ, დღემდე ჯამში განხორციელებულია 33 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ 520 ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შესყიდვებში როგორც ფასის, ისე რაოდენობის კუთხით, ჭარბობს პირბადეები. პირდაპირი გზით შესყიდულ პირბადეებში სახელმწიფომ 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ღირებულებით და რაოდენობით პირბადეებს მოსდევს სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი, ქირურგიული ხალათი და ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი. სამინისტრომ ასევე შეიძინა 30 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ეს შესყიდვა 18 მარტს განხორციელდა და ჯამში 616 ათას ლარზე მეტი დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ გარდა პირდაპირი გზით შესყიდვებისა, სახელმწიფოს ხელშეწყობით დაიწყო პირბადეების ადგილობრივი კერძო კომპანიების მიერ წარმოების ხელშეწყობა. პირბადეების წარმოების ნებისმიერ მსურველს რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეუძლია. ამ ეტაპზე სამინისტროს ვებ-გვერდზე 9 კომპანიაა დარეგისტრირებული. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით ერთი პირბადის ღირებულება ერთი ლარია, თუმცა სახელმწიფო სუბსიდირების გამო პირბადე ბაზარს 50 თეთრად მიეწოდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის 87 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონ 579 ათასი ლარია. ყველაზე დიდი თანხა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში “კურორტ საირმესთანაა” გაფორმებული, სახელმწიფოს 210 ოთახის (კვებით და დეზინფექციით) ორი თვით დაქირავება 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ყველაზე დაბალი თანხა თბილისის სასტუმრო “იბიზ სთაილს თბილისისთვისაა” გადახდილი, რომელშიც სახელმწიფოს მხოლოდ დეზინფექციის თანხის, 3,004 ლარის ანაზღაურება მოუწია, 100 ოთახისა და სამჯერადი კვების მომსახურება სასტუმრომ უსასყიდლოდ გაიღო. ანალოგიურად მოიქცა სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთიც”, სადაც 155 ოთახის ოთახი და მოქალაქეების სამჯერადი კვების მომსახურება უსასყიდლოდ გაიღო, სახელმწიფომ თანხა მხოლოდ დეზინფექციაში გადაიხადა, რაც ჯამში 7,500 ლარი დაუჯდა.

IDFI მიიჩნევს, რომ რადგან გამარტივებული შესყიდვების დროს არ არის დაცული კონკურენციის პირობები, არ ხდება შესყიდული პროდუქციის ხარისხის წინასწარი მონიტორინგი და ინფორმაცია შესყიდვის შესახებ მისი განხორციელების შემდეგ იტვირთება ოფიციალურ სისტემაში, აუცილებელია თითოეული ხელშეკრულების გაფორმებისას სახელმწიფომ წარმოადგინოს შესაბამისი განმარტება, რა პრინციპით ხდება სახელმწიფოს მიერ რომელიმე კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება, ხელშეკრულების გაფორმება ან შეწყვეტა, რის შემდეგაც იგივე პროდუქციის შეძენა სხვა კომპანიისგან უფრო მაღალ ფასად ხდება.

IDFI-ის შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვისა და აუცილებელია, როგორც ხელშეკრულების გაფორმების პირობების, ისე შესყიდული პროდუქციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი.

დეტალურად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.