სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Hyundai ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული Soft Bank-ის ერთეული კომპანია Boston Dynamics, რომელიც ულტრათანამედროვე რობოტების დამზადებაში სპეციალიზდება, 1.1 მილიარდ დოლარად შეიძინა.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის 80% Hyundai-ის საკუთრებაში გადავა, ხოლო 20% Soft Bank-ს მცირე ფილიალის სახით შეუნარჩუნდება. მოცემული გარიგება, იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერში Hyundai-ის აქტივები 1.6%-ით, ხოლო SoftBank-ის – 4.7%-ით დაეცა, ორივე მხარისთვის სასარგებლოა. კომპანიები ამჯერად ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე წარმოების, ლოჯისტიკის, რობოტიკისა და საჰაერო გადაადგილების სფეროებზე აპირებენ მუშაობას.
კონკრეტული შენაძენი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ Hyundai თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროში ცდილობს ინტეგრაციას. კომპანიის დამფუძნებლის, ჩუნგ ჯუ-იუნგის, განცხადებით, Boston Dynamics მათ რობოტიკის სფეროში ინტეგრაციას დაეხმარება, რაზეც Hyundai მომავალში გეგმავს სპეციალიზაციას. კომპანია ავტომობილების წარმოების 50%-მდე შემცირებას აპირებს, ხოლო წარმოებული პროდუქციის მეორე ნახევარს სწორედ რობოტიკა (20%) და ურბანული საჰაერო გადაადგილების ტრანსპორტი (30%) დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი პროფილის შეცვლის პროცესში Hyundai 35 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, ხოლო Boston Dynamics-ის შეძენა უდიდესი ინვესტიციაა, რომელიც Hyundai-მ 2019 წლის სექტემბრის შემდეგ განახორციელა.