15 წელზე მეტია პრაქტიკოსი იურისტია, კარიერის განმავლობაში ისტორიული პროცესების მომსწრე და მონაწილეც ყოფილა. ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიციაზე იმუშავებს, მისთვის მთავარია სულ გრძნობდეს საკუთარ საჭიროებას და იმას, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
„თეგეტაში“ მის მოსვლამდე იურიდიული დირექტორის პოზიცია არ არსებობდა. თამარ წიკლაური ჰოლდინგის პირველი იურიდიული დირექტორი ქალი გახდა.
სტერეოტიპებით სავსე გარემოსა და ეპოქაში, სტერეოტიპულად „არაქალური პროფესიით“ კარიერის შექმნის გზაზე, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა მაინც განათლების მიღება იყო, რომელიც საკუთარი შრომით და ემიგრანტი დის დახმარებით დაძლია.
საუბრისას ბევრჯერ ახსენა ‒ გამართლება, თუმცა ასეთი კარიერა გამართლებებით არ შენდება, მით უმეტეს ქალისთვის. ამ ბევრჯერ ნახსენებ სიტყვაში, ალბათ უფრო მადლიერების ამოკითხვა შეიძლება ‒ ოჯახის, მეგობრების, გარემოცვის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეხვდნენ და ამ გზის გაკვალვაში დაეხმარნენ, ან ხელი არ შეუშალეს.
მასზე ამბობენ, რომ იურისტებზე არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია, თუმცა მხოლოდ კომპანიაში არა ‒ ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. ამხელა გულწრფელობით, უშუალობით და გაზიარების სურვილით ანთებული რესპონდენტი ძალიან იშვიათია.
მით უფრო მაშინ, როცა შინაგანად ემზადები რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის იურიდიულ დირექტორთან ინტერვიუსთვის, რომელმაც ფლაერების დარიგებიდან მენეჯერულ პოზიციამდე ასვლას არც ისე დიდი დრო მოანდომა. და მაინც, თურმე ყველა თვისება დაიტოვა, რომელიც ფლაერების დარიგების დროს ჰქონდა.
ამიტომ ყველა სიტყვას ვიჯერებ.
ახალი ამბით დავიწყოთ – რას მოიცავს „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დირექტორის პოზიცია?
მას შემდეგ, რაც ჩემი ფუნქციები გასცდა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სტატუსიც შეიცვალა და გავხდი „თეგეტას“ იურიდიული დირექტორი. იურიდიული დეპარტამენტის და, ზოგადად, იურიდიული საკითხების გარდა, ამჟამად ჩემთან არის კომპანიის შიდა ბიზნეს პროცესების, შიდა რეგულაციების IშO სტანდარტებთან შესაბამისობის და საოფისე მიმართულება, რაც მოიცავს კანცელარიის და არქივის მართვის ნაწილს. ეს ოთხი მსხვილი მიმართულება ეტაპობრივად დამექვემდებარა.
როგორ აშენდა „თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული დირექტორის კარიერა, რა გზა გაიარეთ პროფესიის არჩევიდან დღემდე?
მაშინ, როცა მე ვაბარებდი უნივერსიტეტში, 2003 წელს, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი იყო საუკეთესო ადგილი იურიდიული მიმართულებით და ვფიქრობ, ხარისხიანი განათლება მომცა. შემდეგ საჭირო იყო მიღებული ცოდნის რეალიზაცია. ეს იყო ურთულესი გზა ‒ მრავალთვიანი, ანაზღაურების გარეშე სტაჟირებების, მოხალისედ მუშაობის, ძალიან დიდი შრომის და პარალელურად სწავლის. ვარიგებდით ფლაერებს, ვწერდით სტატიებს, ვალაგებდით არქივს, ყველაფერს ვაკეთებდით სტუდენტები, ოღონდ ვყოფილიყავით პრაქტიკოსი იურისტების წრეში.
პირველი შეხება რეალურ საქმეებთან იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ამას მოჰყვა ჩემი ყველაზე გრძელვადიანი სამსახური ‒ საჯარო რეესტრში, სადაც სტაჟირებით დავიწყე და სხვადასხვა პოზიციაზე, 9 წელი ვიმუშავე.
რატომ დარჩით 9 წელი ერთ უწყებაში?
საჯარო სამსახურს ახლავს ძალიან ძლიერი განცდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს აკეთებ. ეს სამსახური არის ერთდროულად საპასუხისმგებლოც და სასიამოვნოც.
პირადად ვიყავი ჩართული ბიზნესის რეგისტრაციის სისტემის შექმნაში, მათ შორის ონლაინ რეგისტრაციის განვითარების მიმართულებით. ეს იყო საქმე, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ის სისტემები, რაც საჯარო სამსახურში მუშაობის დროს ჯერ კიდევ 2009 წლიდან დავნერგეთ, ახლა ყოველდღიურობაში მადგება.
მუშაობის პარალელურად სულ ვიყავი სხვადასხვა ორგანიზაციის ტრენერი, ბიზნესსამართლის და უძრავი ქონების სამართლის მიმართულებით.
როდის დადგა თქვენს კარიერაში ცვლილების დრო და როგორ მიხვედით თეგეტამდე?
ეს იყო 7 წლის წინ, როცა მივხვდი რომ ძირეული ცვლილება უკვე საჭირო იყო და ერთ-ერთი ვაკანსიით დავინტერესდი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში გასაუბრებაზე იურისტის პოზიციაზე მივედი და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამიყვანეს.
2018 წლის ზაფხულიდან გადმოვედი „თეგეტაში“. ზუსტად ერთი წლის თავზე ჩავიბარე იურიდიული დეპარტამენტი. ამის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა ჩემი საქმიანობის სფეროები და ახლა იურიდიული დირექტორი ვარ.
თუ გავითვალისწინებთ სტერეოტიპულ გარემოს, პროფესიულ გამოწვევებს და, ზოგადად, ქალისთვის კარიერის შენების სირთულეებს, ალბათ უამრავი დაბრკოლების გადალახვაც დაგჭირდათ, რომ აქამდე მოსულიყავით.
ყველაზე მძიმე განათლების მიღების საკითხი იყო. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირადღირებულ ლექტორებთან მოვმზადებულიყავი. 20 საათი ვმეცადინეობდი. შევძელი და სტუდენტი გავხდი, მაგრამ შემდეგ იყო მუდმივი შიში ‒ მოვახერხებდი თუ არა მომდევნო სემესტრის გადასახადის დაფარვას და სწავლის გაგრძელებას.
ასეთ დროს ძალიან რთულია მოტივაციის შენარჩუნება. როგორ შეძელით ამ პრობლემის გადალახვა?
ჩემი და, რომელიც ესპანეთში წავიდა სამუშაოდ, იხდიდა ჩემი სწავლის საფასურს. ეს ძალიან დიდი თანხა იყო. როცა ამ ყველაფერს გიკეთებს და, რომელიც შენსავით ახალგაზრდაა და ცოტათი შენზე უფროსი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამან კიდევ უფრო მეტად გამიზარდა მოტივაცია. ჩემგან „რაღაც“ უნდა გამოსულიყო! კარგი სწავლით და შედეგებით, მისი შრომა უნდა ამენაზღაურებინა!
იურისტი ქალი საქართველოში – რა გამოწვევების წინაშე დადექით უკვე კარიერის შენების დროს?
7 წლის შვილი მყავს და დეკრეტული შვებულების მერე სამსახურში დაბრუნების ეტაპი იყო ძალიან რთული. 4 თვის იყო, როცა დავტოვე და სამსახურში გავედი. ბევრი ქალია, რომელიც კარიერას 1-2 წლით აპაუზებს და ბავშვი ბაღის ასაკამდე მიჰყავს. თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასე არ გამოვიდა. ბავშვი მოჰყავდათ ხოლმე მანქანით სამსახურის შენობასთან. ჩავდიოდი, ვაჭმევდი და უკან ვბრუნდებოდი.
არ იყო მარტივი, თუმცა მგონია, რომ ჩემს შვილს ენდომება, რეალიზებული დედა ჰყავდეს.
უამრავი წინაღობის გადალახვა მოგიწიათ, როგორც აბიტურიენტს და სტუდენტ გოგონას, როგორც დედას და ქალს – რა ძალაა თუ რა უნარია ის, რამაც აქამდე მოგიყვანათ?
ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, დაბრკოლებებს არ დავუსუსტებივარ ისე, რომ შემეწყვიტა მოქმედება. ასეთი მტკიცე ხასიათის და თვისებების გამოვლენის გარეშე რა მოხდებოდა ვერ გეტყვით. როგორ პოზიციონირებ და რამდენად ბრძოლისუნარიანი ხარ, არის უმნიშვნელოვანესი, სქესის მიუხედავად. წარმატების მისაღწევად კაცებსაც არანაკლები ძალისხმევა სჭირდებათ. თავს ზევით ახტომაა საჭირო.
როგორია თქვენი მართვის სტილი დღეს?
პირველად ვარ კლასიკურ კერძო კომპანიაში და აქ დავინახე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბიზნესს სჭირდება ‒ მოქნილობა.
ჩვენი ფუნქციაა, რისკების განსაზღვრა და სწორი მიმართულებების მიცემა ‒ გზის გახსნა. „თეგეტაში“ ზუსტად ის გუნდი ვართ, რომელიც გამოსავალზეა ორიენტირებული. თეგეტას დამფუძნებლისგან ასეთი შეფასება მაქვს მიღებული: „იურისტებთან საქმიანი ურთიერთობა არის სასიამოვნო“ ‒ ამით ძალიან ვამაყობ.
მე და ჩემს გუნდს ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული თეგეტაში. გუნდის დიდი ნაწილი ჩემი ფორმირებულია და გამიმართლა მათში. ჩვენ საქმისადმი პერფექციონისტული და გულიანი დამოკიდებულება გვაერთიანებს. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც კომპლიმენტებს გეუბნებიან მთლიან გუნდს, ამით გათამამებულები ვართ.
თქვენ რა გასწავლათ თეგეტამ?
თეგეტა თავისი შვილობილებით ძალიან მრავალმხრივი ბიზნესია. ჩვენ ამ კომპანიებს ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას, ვმართავთ საქმისწარმოების პროცესებს, ვაწესრიგებთ საარქივო საქმეს. ვქმნით მარეგულირებელ დოკუმენტებს და ვეხმარებით რეგულაციების აღსრულების პროცესში ‒ ამ მრავალფეროვნებას თავისი ხიბლი აქვს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც უნდა აბსურდულად გეჩვენებოდეს იდეა, თუ მოინდომებ და მოქმედებაზე გადახვალ, „თეგეტაში“ აუცილებლად კეთდება. ამ კომპანიაში ვნახე ძალიან დიდი წარმატების ისტორიები, დამწყები პოზიციებიდან დაწინაურებული და მაღალ თანამდებობამდე მისული ბევრი ადამიანი. და თვითონ კომპანიის ისტორია ‒ საიდან დაიწყო და რა დროში, რამხელა მასშტაბზე გავიდა. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მამოტივირებელია.
უახლოესი და შორეული მიზნები როგორია?
„თეგეტაში“ ვხედავ პროცესების გაუმჯობესების, აგრეთვე ერთგვაროვანი მიდგომების და სტანდარტების დადგენის საჭიროებებს.
ამასთან ვგეგმავთ გარკვეული მიმართულებების რობოტიზაციას, იურისტების საქმის განმუხტვის კუთხით, რაც ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება.
ამჟამად ვმუშაობთ დოკუმენტბრუნვის სისტემის აპლიკაციაზე, იმისათვის, რომ უკვე ტელეფონით შევძლოთ დოკუმენტაციის ვიზირება/ხელმოწერა.
ამხელა კომპანიის პირველი იურისტობა მარტივი არ არის. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ემყარება უდიდეს ნდობას კომპანიის მხრიდან.
რა თქმა უნდა, მინდოდა წარმატებული კომპანიის იურისტობა, არა ოცნების, არამედ აუცილებლად გასაკეთებელი საქმის ან მისაღწევი მიზნის ფორმატში. თეგეტაში კარიერის დაწყება ჩემი გეგმის ნაწილი იყო ‒ უნდა მიმეღო კერძო კომპანიაში იურისტად მუშაობის გამოცდილება. მერე იყო დიდი შრომა, კარგი შედეგები და აღიარება, რასაც მოჰყვა უდიდესი ნდობის გამოცხადება და ეს წინსვლა.
ახლა, ჩემს კარიერაში ყველა მიზანი და გეგმა მხოლოდ „თეგეტას“ უკავშირდება.