განვითარების ის გზა, რომელიც ერთი ფურგონით, 27 წლის წინ დაიწყო და დღეს ინდუსტრიის ლიდერობით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში გრძელდება, იმ 2700-მდე თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც „თეგეტა ჰოლდინგს“ ქმნიან. საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში წამყვანი კომპანიის ორგანიზაციულ განვითარებას ლიკა ბერუაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის გუნდის წევრობას ერთდროულად საპასუხისმგებლოდ, ამაღელვებლად და, რა თქმა უნდა, უაღრესად საინტერესოდ თვლის.
ათწლეულების მანძილზე „თეგეტას“ ქმნიან პროფესიონალი, პასუხისმგებლობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სჯერათ და რომლებიც ამაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. „თეგეტას“ ორგანიზაციული კულტურა, დროთა განმავლობაში, სწორედ ასეთი გუნდის მიერ შეიქმნა. ზემოაღნიშნულზე კი კომპანიის ფინანსურ თუ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული შედეგებიც მეტყველებს. ლიკა გვიზიარებს, რომ მისი „კომპანიის დნმ-შია ზრუნვა. ზრუნვა თანამშრომლებზე და მათთან ერთად საზოგადოების კეთილდღეობაზე, ქვეყნის განვითარებაზე, დაცულ სამუშაო გარემოსა თუ განათლების ხელმისაწვდომობაზე“.
ლიკა, მოგვიყევით ადამიანური კაპიტალის განვითარების რა სისტემები გაქვთ „თეგეტაში“ დანერგილი და სწავლებისა და განვითარების რომელ მოდელებს მოიცავენ ისინი?
ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიზანი არის ადამიანური რესურსების როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარება და მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ამის დასტურია „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება სწორედ თანამშრომელთა კეთილდღეობაა. თანამშრომლები ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია და ყოველდღიურად ვცდილობთ, განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ გარემო, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად 8 საათს ატარებენ. ჩვენთან თითოეული თანამშრომელი უსაფრთხოდ, დაფასებულად და ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს. სწორედ ამ მიზნით ვნერგავთ სხვადასხვა პოლიტიკას, პროცედურებს, ტრენინგებსა და ინიციატივებს.
გარდა ამისა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო „თეგეტა აკადემია“, რომელიც 2013 წელს დავაარსეთ და რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში დახმარებაა. „თეგეტა აკადემია“ დღეს ავტორიზებულ კოლეჯსა და მულტიფუნქციურ ტრენინგცენტრს წარმოადგენს და როგორც დამსაქმებელს, ძალიან გვეამაყება. აკადემიის ბაზაზე აქტიურად ვახორციელებთ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას როგორც ტექნიკური, ასევე ბიზნესის მიმართულებებით, რაც ჩვენს თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობას აძლევს.
2022 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. მათ შორის ერთ-ერთია „ელექტუდი“. მას USAID-თან ერთად ვახორციელებთ, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი ვართ საქართველოში. გვჯერა, რომ როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩვენნაირი დიდი კომპანიების პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ მსგავსი პროგრამებით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ავტოინდუსტრიის სფეროში. რაც, თავის მხრივ, ზოგადად ინდუსტრიასთან ერთად უშუალოდ ჩვენს დიდ გუნდსაც აუცილებლად გააძლიერებს.
„თეგეტა“ განვითარებაზე ორიენტირებული, მუდამ მზარდი ჰოლდინგია, სადაც პროფესიონალი და პასუხისმგებლობიანი ადამიანებისთვის კარი ყოველთვის ფართოდ არის ღია. „ელექტუდი“ არის სიმულაციური ონლაინსასწავლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 3 000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მიმართულებით. პლატფორმაზე შესაძლებელია გეიმიფიკაციით, მაღალი დონის ინტერაქციითა და სიმულაციებით ავტომობილის აგებულებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლა. Electude-ში ასევე შესაძლებელია სასწავლო მოდულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება მონაწილის პროფილის, გამოცდილებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად. აღნიშნული პროგრამის საშუალებით თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა მნიშვნელოვნად მაღლდება. „ელექტუდის“ უნიკალურობა კი ისაა, რომ ყველა სასწავლო მოდული ვიზუალურად აღქმადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეებს შეუძლიათ, სიმულაციურად ნახონ და აღიქვან ავტომობილის ამა თუ იმ აგრეგატის დანიშნულება და მუშაობის პრინციპი.
რა ცვლილებები განიცადა კომპანიაში კორპორაციული სწავლებისა და განვითარების მიდგომებმა ბოლო პერიოდში?
მას შემდეგ, რაც ჩვენს რეალობაში გამოჩნდა კოვიდპანდემია, შექმნილი მდგომარეობის გამო ზოგადად განათლების სფეროში გაჩნდა ტერმინი „დისტანციური სწავლება” და, ცხადია, ჩვენც შევეცადეთ, ფეხი აგვეწყო ამ ახალი გამოწვევისთვის. ჩვენი სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არ იყო მარტივი პროცესი, თუმცა იმ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების წინაშე დავდექით, შევეცადეთ, სწავლების ჰიბრიდული მოდელები დაგვენერგა და გამოწვევას ამ გზით გავმკლავებოდით. მიხარია, რომ დღეს დისტანციური სწავლების კრიტიკული საჭიროება აღარ გვიდგას, თუმცა დაგროვებული გამოცდილება მაძლევს საშუალებას გამოვთქვა ვარაუდი, რომ მსგავს გამოწვევებს სამომავლოდ ძალიან ეფექტიანად გავუმკლავდებით.
თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რატომ არის მნიშვნელოვანი, გვყავდეს ლოიალური თანამშრომელი? რა ფაქტორები ახდენს გავლენას თანამშრომლის ლოიალურობაზე?
ჩემი ხედვა ასეთია, რომ თანამშრომელი ვერ იქნება ვერც ლოიალური და ვერც მოტივირებული, თუ მას არა აქვს განცდა, რომ ის კომპანიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თანამშრომლებისთვის ორგანიზაციული კულტურა ასოცირდება მენეჯერის დამოკიდებულებებთან და მიდგომებთან მასთან მიმართებით. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მენეჯერმა, რათა მოტივირებული და ლოიალური თანამშრომელი შეინარჩუნოს. კარგი ხელფასი რომ სუბიექტური ცნებაა და ზოგადად მატერიალური მოტივაცია არამატერიალური მოტივაციის გარეშე არაფერია, ეგ უკვე დიდი ხნის წინ აჩვენა პრაქტიკამ. აქ უკვე შემოდის ორგანიზაციული კულტურისა და ღირებულებების საკითხი. თანამშრომლის ლოიალურობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მე რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვყოფდი, ეს გახლავთ: კომპანიის მიზნების გაზიარება, უკუკავშირი, აღიარება, მადლიერება და სამართლიანი შეფასება. ამ ჩამონათვალს სიტყვა „ზრუნვა“-ში გავაერთიანებ და ვიტყვი, რომ თუკი კომპანიასა და თანამშრომელს შორის ყველა შეხების წერტილი ზრუნვის ერთგვარი გამოხატულება იქნება, მჯერა, რომ ამით დამსაქმებელს გუნდში ლოიალობის გაზრდისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს.
რამდენად მჭიდრო კორელაციაა ორგანიზაციის განვითარების ტემპსა და თანამშრომლების კარიერულ ზრდას შორის?
გულწრფელად მჯერა, რომ კომპანიის გაძლიერებისა და თანამშრომლების მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისათვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების დაწინაურებასა და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა. ეს ორი კი, ვფიქრობ, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაციის მთავარი დასაყრდენი მასში დასაქმებული თანამშრომლები არიან. სწორედ ისინი ქმნიან იმ პროდუქტს, რომელიც განაპირობებს ორგანიზაციის განვითარებასა და წინსვლას. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების სწორად მართვას. წარმატების მისაღწევად ორგანიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლისა და მათი მისწრაფებების დაკავშირება კორპორაციულ ინტერესებთან. სწორედ ეს არის ადამიანური რესურსების მართვის ფუნქცია. იგი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია ორგანიზაციასა და მასში დასაქმებულ ინდივიდებს შორის; ჩვენი HR-დეპარტამენტის თანამშრომლების უპირველესი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა საკუთარი პოტენციალისა და მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში.