კომპანია PSP ძლიერი დამსაქმებლის პოზიციებს ამყარებს

მუდმივი ცვლილება, როგორც წარმატების წინაპირობა, PSP-ის ყოველდღიური ცხოვრების წესია. თითქმის 30 წელი ბაზარზე ინარჩუნებდე წამყვან პოზიციას და ქმნიდე სტანდარტს – მხოლოდ შეუჩერებელი მუშაობის, ინოვაციურობისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვითაა შესაძლებელი.

ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, თუმცა ადამიანური კაპიტალის მართვაში მიმდინარე ძირითად ცვლილებებზე გავამახვილებ ყურადღებას.

მაკა ხეცურიანი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი | ფოტო: ნათია ასანიძე / Forbes Woman Georgia

როგორც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, ინტენსიურად ვიზიდავთ ახალ კადრებს და მათ მუდმივ განვითარებაზე ვმუშაობთ. ყველა პირობას ვქმნით, რომ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. საჭირო განათლებისა და გამოცდილების გარდა, კანდიდატების შერჩევისას ყურადღება ექცევა ისეთ თვისებებს, როგორიცაა: კეთილსინდისიერება, საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და განვითარებისკენ სწრაფვა.

შერჩევისა და დაწინაურების პროცესი გამჭვირვალეა და სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ახალი თანამშრომლების შემოერთებით გუნდის განახლება და განსხვავებული ხედვის გაზიარება ხდება, რაც ასე მნიშვნელოვანია მუდმივად ცვალებად გარე სამყაროსთან სინთეზისთვის. თუმცა ვაკანტური ადგილების შევსებისთვის, პირველ რიგში, შიდა კადრების დაწინაურებას მივმართავთ. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, დააფიქსიროს პოზიციის ცვლილების სურვილი და თუკი მისი უნარები და შესაძლებლობები აკმაყოფილებს კონკრეტული პოზიციის მოთხოვნებს, გაივლის შერჩევის ეტაპებს და დაწინაურდება ან პარალელური რანგის სხვა პოზიციაზე გადაინაცვლებს. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ასე ყალიბდება ჩვენი აფთიაქების მენეჯერების დიდი გუნდი, ამგვარად დაწინაურდნენ რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებიც, აღარაფერს ვამბობ თანაშემწეებზე, რომლებიც ფარმაცევტებად გადაკვალიფიცირდნენ. მმართველ რგოლს კი ის თანამშრომლები წარმოადგენენ, რომლებიც წლების წინ საწყის პოზიციებზე დასაქმდნენ PSP-ში, კომპანიასთან ერთად გაიზარდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

თითქმის 20 წელია, PSP-ში ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციური ტრენერებით დაკომპლექტებული სასწავლო ცენტრი, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა, გამოცდილება დააგროვა და PSP აკადემიის სახელით დაფუძნდა. აქ ძირითადად წინა ხაზის თანამშრომლების გადამზადება ხდება. ჩვენი ფარმაცევტები, კონსულტანტები, აფთიაქის მენეჯერები ინტენსიურად გადიან ტრენინგებს მათი პროფესიის შესაბამის საკითხებში და მუდმივად ეცნობიან ფარმაციისა და მედიცინის სიახლეებს.

სატრენინგო პროგრამები და ფორმატი მუდმივად ვითარდება. ვითვალისწინებთ სიახლეებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ძლიერი და კვალიფიციური გუნდის მუდმივი განვითარება – ეს ფაქტორი საკვანძოა მომხმარებლის კვალიფიციური მომსახურების პროცესში.

როგორც აღვნიშნე, ჩვენს მუდმივ ფოკუსშია ლიდერობისა და მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების დანერგვა როგორც სათავო ოფისში, ისე ქსელშიც. 2022 წელს განვაახლეთ სატრენინგო პროგრამა და განვახორციელეთ ქსელში დასაქმებული ახალბედა მენეჯერების გადამზადების მასშტაბური პროექტი.

პროგრამა გულისხმობს მენეჯერული უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებას, სამუშაო პროცესში საჭირო ყველა ფუნქციის განმარტებას და შესწავლას. ტრენინგ-პროგრამას, შიდა ტრენერებთან ერთად, მოწვეული მაღალკვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელი გავიდა და ყველა გამოწვევა დაძლეულია, აუცილებლად უნდა შევეხო პანდემიის პერიოდს, სადაც კომპანიის მთავარ პრიორიტეტს, პირველ რიგში, დასაქმებულ ადამიანებზე ზრუნვა წარმოადგენდა. ქსელის უწყვეტად მუშაობა და ყველაზე კრიტიკულ პერიოდში მომხმარებლის წამლით უზრუნველყოფა ძალიან დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ღირსეულად გადალახა როგორც ქსელის თითოეულმა თანამშრომელმა, ასევე კომპანიამ.

მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, მედიკამენტების უწყვეტი მიწოდების შესანარჩუნებლად, ახალი აფთიაქების გახსნის საჭიროება წარმოიქმნა. 2020-2022 წლებში კომპანიამ 84 ახალი ობიექტი დაამატა და დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 1500-მდე ახალი კადრით გაზარდა.

ქსელის ზრდამ გვიჩვენა, რომ აუცილებელია რეგიონული სამსახურის გაფართოება და მისი როლის ფუნქციურად გამრავალფეროვნება. ჩატარდა საინტერესო სამუშაოები საკონსულტაციო კომპანიებთან, რაც შემდგომი პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვასა და შესაბამისი თანამშრომლების შერჩევაში დაგვეხმარა; განახლებული რეგიონული სამსახურისთვის შეიქმნა მათ საჭიროებასა და დაგეგმილ სტრატეგიაზე მორგებული გრძელვადიანი ტრენინგ-პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ენაცვლებოდა ცოცხალი, პირისპირ და ონლაინ შეხვედრები. ესეც საინტერესო გამოცდილება იყო, შედეგები ხელშესახებია, თუმცა, ტრანსფორმაცია გრძელვადიანი პროცესია და დრო გვიჩვენებს, კიდევ რა თემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

მაკა ხეცურიანი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი | ფოტო: ნათია ასანიძე / Forbes Woman Georgia

სააფთიაქო ქსელი PSP-ის ძირითადი ღერძია და კომპანიის წარმატების ხაზი სწორედ მასზე გადის. ამიტომ, ფოკუსირება მოვახდინეთ აფთიაქის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მმართველობითი უნარების განვითარებასა და აფთიაქების მართვაში პოზიტიური ცვლილებების შეტანაზე. ამისათვის, მოწვეულ ტრენერთან ერთად შემუშავდა და დაიგეგმა სპეციალური პროგრამა „თანამედროვე მართვის პროცესი და მენეჯერის როლი“. თბილისის მასშტაბით არსებული აფთიაქის ყველა მენეჯერი გადამზადდა. ისინი შეძენილი ახალი უნარებითა და მართვის მექანიზმებით ახორციელებენ ცვლილებებს მათ დაქვემდებარებაში მყოფ აფთიაქებში. Follow up-შეხვედრებს დაეთმო ცალკე დრო, სადაც მენეჯერები აქტიურად განიხილავდნენ შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გადატანის ქეისებს, პრობლემებსა და მიღწევებს. ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა და წარმატების ისტორიებს. მენეჯერებს ამ პროექტში დღემდე შეაქვთ ცვლილებები და შედეგები გვიჩვენებს, რომ ის წარმატებული იყო. ამიტომაც 2023-ში რეგიონებში არსებული აფთიაქების მენეჯერების გადამზადებაა დეგეგმილი, რასაც ყველა დიდი სიამოვნებით ელოდება.

დიდ კომპანიებში კომუნიკაციის გამართვა და მაღალ ნიშნულზე აყვანა რთული საკითხია. ამ მიზნით, პერსონალის ჩართულობის მეფინგი გავაკეთეთ. პანდემიამ ბევრი ღირებულება გადაგვაფასებინა და სხვა თვალით შეგვახედა მიმდინარე პროცესებისთვის. წინასწარ შედგენილი და დამუშავებული კითხვარის მეშვეობით ვიკვლიეთ თანამშრომლების მოტივაციის ხარისხი და PSP-ის უზარმაზარ გუნდში მათი სხვადასხვა როლი, იქნებოდა ეს სოციალური აქტივობა, პროფესიონალიზმი, პრობლემების გადაწყვეტის ინიციირება, კრეატიულობა თუ სხვა. შედეგებიდან გამომდინარე, განვახორციელეთ საჭირო ცვლილებები/გადანაცვლებები, გადავახალისეთ ფუნქციები. ამ პროექტმა დაგვანახა, რომ მსგავსი კვლევები კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლების მაჯისცემის შესაგრძნობად და კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო კლიმატის ჩამოსაყალიბებლად.

რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო თვალნათლად იკვეთება პროცესების ოპტიმიზების აუცილებლობა. დრო ძალიან ღირებულია და მომხმარებელი PSP-სგან ტრადიციულად სხარტ და ოპერატიულ მომსახურებას ელის. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მივუდექით და დავიწყეთ ბიზნესპროცესების თავიდან გააზრება, დეტალურად განხილვა. ამისათვის დაგვჭირდა ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მასში თანაკვეთაში მყოფი ყველა დეპარტამენტი მთელი ძალისხმევითაა ჩართული. შედეგად კი გვჯერა, რომ მივიღებთ გამარტივებულ, სწრაფ პროცესებს, ეფექტიან თანამშრომელსა და კმაყოფილ მომხმარებელს.

ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციამ, რაც, თავის მხრივ, დროითი და ადამიანური რესურსის დაზოგვისკენაა მიმართული, პროცესების გაციფრულება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად აქცია. ამისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტი კიდევ უფრო გაძლიერდა, შეემატა მაღალკვალიფიციური კადრები და უკვე განახლებულმა გუნდმა ძირითადი ბიზნესპროცესებისა და ქვეპროცესების გაციფრულებასა და გამარტივებაზე დაიწყო ზრუნვა.

სამუშაოს შესრულების გაზომვა, გამჭვირვალე შეფასება და წახალისება, როგორც მოტივაციის მეთოდი, კარგად მუშაობს და თანამშრომლებში სამართლიანობისა და სტაბილურობის განცდას აძლიერებს. ამ მიზნით დავიწყეთ შეფასების სისტემის გადახედვა და ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება. ეს ძალიან სიღრმისეული თემაა და სამუშაოს შეფასების ახალ მეთოდზე გადასვლამდე, კომპანიაში არსებული შიდა რესურსისა და ყველა შესაძლებლობის ანალიზს მოიაზრებს. 2022 წლის მანძილზე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებშიც ორგანიზაციის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყო ჩართული. კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, გადავალაგეთ სტრუქტურული მოწყობა, განვაახლეთ თანამშრომლების ფუნქციამოვალეობები კომპანიაში და დავნერგეთ განახლებული შეფასების სისტემა.

2023 წლის იანვარში დავასრულეთ წინა ხაზის თანამშრომლების სამოტივაციო სისტემის სრულყოფა. მსგავსი ცვლილებები PSP-სთვის არახალია და საბონუსე სქემა, საშუალოდ, სამ წელიწადში ერთხელ იცვლება. სახელფასო ცვლილებები შეეხო წინა ხაზის უკლებლივ ყველა თანამშრომელს. ხელფასების ზრდის პარალელურად, შემცირდა სამუშაო საათები. ამით კომპანია PSP ფარმაცევტულ სფეროში ყველაზე კონკურენტუნარიანი დამსაქმებელი გახდა.

ჩვენი დეპარტამენტის და ზოგადად კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი გუნდში არსებული ტალანტების აღმოჩენა და მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაა. ამ საკითხს საკმაოდ დიდ დროს უთმობს როგორც HR-გუნდი, ისე თითოეული მიმართულების ხელმძღვანელი.

კომპანიის გარეთ არსებული ტალანტების მოზიდვა და მათი პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა – უაღრესად საინტერესო თემაა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობების გამოვლენასა და საკუთარი თავის რეალიზაციაში დაეხმარება. HR-ისთვის რა უნდა იყოს ამაზე საინტერესო?

PSP-ის ბოლოდროინდელი კომუნიკაცია მომხმარებელთან მოიცავს ისეთ კამპანიებს, როგორიცაა: „ყველაზე მზრუნველი“. კამპანიის მიზანია, დაანახოს თითოეულ მომხმარებელს, რომ ჩვენ მხოლოდ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კი არ ვოპერირებთ, არამედ ვცდილობთ კომუნიკაციისა და სერვისების ისეთი ჯაჭვის აწყობას, რომელიც თითოეულ მათგანს გამორჩეულად აგრძნობინებს თავს. ასეთი პროექტების წინა ხაზზე ყოველთვის დგას ფარმაცევტი. მომხმარებელზე ზრუნვა და მისდამი განსაკუთრებული მიდგომა შეუძლია მხოლოდ მოტივირებულ და საკუთარ საქმეზე შეყვარებულ თანამშრომელს. სწორედ წინა ხაზზე მომუშავე ფარმაცევტი, კონსულტანტი, მენეჯერი თუ აფთიაქის სხვა თანამშრომელი ქმნის გარემოს, სადაც ნებისმიერი ვიზიტორი სასიამოვნო და მათ საჭიროებაზე მორგებულ სერვისებს იღებს. თანამშრომლის მოტივაციას კი, პირველ რიგში, დამოკიდებულება განაპირობებს – მადლიერება, დაფასება და მისი შრომის აღიარება. მოწესრიგებული სამუშაო სივრცე, მოქნილი გრაფიკები, სტუდენტებისთვის სამუშაოს სწავლასთან შეთავსება, სწავლის დაფინანსება, საცხოვრებელთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობა, შიდა დაწინაურების სქემა – ეს იმის მცირე ჩამონათვალია, რასაც PSP თავის თანამშრომლებს სთავაზობს. სწავლება და მუდმივი განვითარება როგორც შიდა რესურსების, ასევე მოწვეული ტრენერების ჩართულობით, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები და პირადი აღიარება, დღესასწაულების მილოცვა და სხვა ბენეფიტები ერთგვარი საშუალებაა, რომ კომპანიამაც გამოხატოს მადლიერება ჩვენი თანამშრომლების მიმართ და იზრუნოს მათზე.

PSP ყოველთვის გამოირჩეოდა კორპორაციული ივენთების სიხშირით და მუდმივი გასვლითი ღონისძიებებით: ყოველწლიური გრანდიოზული საახალწლო კორპორაციული საღამო უკლებლივ ყველას მონაწილეობით, საუკეთესო თანამშრომლების საჯარო დაჯილდოება, ახალბედა თანამშრომლებისთვის გუნდშეჭიდულობისთვის გამართული სპორტული ღონისძიებები, განტვირთვა ბუნებაში გასვლით, ექსკურსიები, პროფესიული დღის მილოცვა ფარმაცევტებისთვის, თანამშრომლების პირველკლასელი შვილებისთვის სკოლის დაწყებასთან დაკავშირებული გასართობი ღონისძიებები და თემატური საჩუქრები, ყველა დღესასწაულის ღირსეულად აღნიშვნა, და მრავალი სხვა. პანდემიამ, ამ თვალსაზრისით, ძალიან შეგვიშალა ხელი, თუმცა არ მომხდარა არცერთი მნიშვნელოვანი თარიღის უგულებელყოფა და უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია არცერთი თანამშრომელი. პანდემიის დასრულებისთანავე, პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენეთ და შევკრიბეთ თანამშრომლები შატო-მუხრანის გასვლით ღონისძიებაზე. ამას, ტრადიციულად, მოჰყვა სხვა აქტივობები, რომლებიც ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და „PSP ფარმას“ თანამშრომლების გაერთიანების კარგი წინაპირობაა.

წინ დიდი გეგმები გვაქვს და ისევ ცვლილებების ეპიცენტრში ვართ. ეს არ გვაშინებს, პირიქით, სტიმულია მომავალი და უწყვეტი განვითარებისთვის.

რუბრიკა: HR