მსოფლიოში დღეს არსებულმა მდგომარეობამ უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა ბიზნესის სფერო. არაპროგნოზირებად გარემოში, სხვადასხვა სცენარით ფუნქციონირებისთვის მზაობას არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა. სტრატეგიული მისია ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდასაჭერად სწორედ HR-ს აკისრია. ჩვენი კომპანიის HR-სტრატეგიაც დროისა და მოცემულობის შესაბამისად განიცდის ცვლილებებს. მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ხედვა, თუ რა მიმართულებებზე ფოკუსირება დაეხმარება ბიზნესს არსებულ რეალობაში ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.
ცვლილებების აუცილებლობის ინდიკატორი ჩვენთან არა მხოლოდ გარე ფაქტორები, არამედ შიდა ორგანიზაციული კლიმატის კვლევის შედეგებიცაა. კვლევას ყოველწლიურად ვატარებთ თანამშრომლებს შორის და შედეგები ნათლად გვაჩვენებს, თუ რა მიმართულებებია ცვლილებების სამიზნე HR-ისთვის.
შედეგად, წელს აქცენტს ვაკეთებთ ტალანტების გაძლიერებასა და კომპანიაში სამუშაო პროცესების ტრანსფორმაციაზე.
მომავლის ეკოსისტემა – ასე დავარქვით კომპანიაში არსებული პროცესების და მთლიანად სტრუქტურის რედიზაინს და დავიწყეთ საოპერაციო მოდელის ტრანსფორმაცია. გამოვყავით ბიზნესის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებები და ავაწყვეთ დიზაინი მათ გასაძლიერებლად, ნაკლები შრეებით და ნაკლები იერარქიით. ახალ ეკოსისტემაში ჩნდება დამოუკიდებლობისა და ძალაუფლების მინიჭების უფრო მაღალი ხარისხი და, შესაბამისად, ეს ხელს უწყობს, დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების დრო. უფრო მჭიდრო ხდება კროსფუნქციონალური თანაცხოვრება, იხსნება ბარიერები და მარტივდება სხვადასხვა მიმართულებაში დაგროვილი ცოდნისა და ექსპერტიზის ტრანსფერი. ამ ცვლილებებით სტრუქტურული როლები უფრო მეტად თავისუფალი და ღია ხდება ცვლილებებისთვის.
მუშაობის ახალი გზები – ცვლილებების სამიზნე ასევე აღმოჩნდა ჩვენი მუშაობის სტილი. კომპანიაში შექმნილია პროგრამა „სამუშაო, რომელიც მუშაობს“. ის ეხება მოქნილობას სამუშაო კულტურაში, რამაც უფრო მეტი აზრი უნდა შესძინოს თანამშრომლის როლს, მის პასუხისმგებლობას და ცხოვრებას, ვინაიდან მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად მუშაობ, არამედ ის, თუ როგორ მუშაობ. ჩვენი ხედვით, ტრადიციული ოფისების სივრცე გამოყენებულია მხოლოდ კოლაბორაციისთვის, კრეატიული სამუშაოსთვის და წარმატებების აღსანიშნავად. ეს არ არის სივრცე მეილების გასაგზავნად, დოკუმენტების შესაქმნელად და ზოგადად ინდივიდუალური სამუშაოს შესასრულებლად. აქ არ გვაქვს კონკრეტულ ადამიანებზე მიმაგრებული სამუშაო ადგილები. თანამშრომლებს არ უწევთ კვირაში 5 დღე ოფისიდან მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს შიში, რომ მსგავსმა მოქნილობამ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს თანამშრომლის ეფექტიანობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ამის დასტური იყო გასული წელი, საკმაოდ მაღალი თანამშრომელთა შეფასების რეიტინგებით და გამორჩეული ეფექტიანობით. რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომა მოითხოვს ფიქრს განსხვავებულად, სამუშაო პროცესების მართვას განსხვავებულად. თანამშრომელს თავად უწევს განსაზღვრა, თუ როდის, საიდან და რა გზებით შეასრულოს სამუშაო ეფექტიანად, რა უნდა შესრულდეს ოფისში და რა – ვირტუალურად. ეს მოქნილობა თავისთავად არის გამოწვევა და სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საჭირო ინსტრუმენტების პლატფორმა მუშაობის ახალ გზებზე გადასვლის მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავს უამრავ სესიას, ვებინარს სამუშაო ინსტრუმენტებისა და საკომუნიკაციო არხების ეფექტიანად გამოსაყენებლად, ასევე ექსპერტი ქოუჩის დახმარებას, თანამშრომლის მხარდაჭერის პროგრამას, რაც თავისთავად შედგება უამრავი ვებრესურსისგან. კომპანიაში ასევე მოქმედებს 24-საათიანი ფსიქოემოციური მხარდაჭერის ცხელი ხაზი თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. რესურსებს შორის თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, გამოსცადოს ერგონომიკული თვითშეფასების ინსტრუმენტი, რომელიც შეფასების შემდეგ ასევე იძლევა რეკომენდაციებს მოქნილი სამუშაოს ერგონომიკული გაუმჯობესების კუთხით. პროგრამაში შედის მედეგობის უნარის განვითარების სესიები და სხვა მრავალი მასალა.
როგორც ხედავთ, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს სამუშაოს ახალ სტილს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება თანამშრომლის კეთილდღეობის გაუმჯობესებული ხარისხი, უფრო ძლიერი კომპანია და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, დაზოგილი რესურსების კუთხით.
განვითარებაზე ფოკუსი — „პეპსიკოსთვის“ მუდმივად იყო საამაყო მიმართულება. თანამშრომელთა შეიარაღება ცოდნით ჩვენთვის ახალ ერაშიც მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ამ მხრივაც მიმდინარეობს ტრანსფორმაცია. პირველი და მთავარი ამოცანაა თანამშრომლების სრულად გადართვა ციფრულ სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც ყველა მოწყობილობაზე არის ადაპტირებული. გარდა ამისა, მოხდა კონტენტის სახეცვლილებაც, სასწავლო რესურსი უფრო მოქნილი და აღქმადი გახდა. მომავლის ეკოსისტემის ხედვამ წარმოქმნა აუცილებლობა, „პეპსიკოს“ განახლებული „ლიდერობის მოდელის“ ირგვლივ შეექმნა სხვადასხვა სასწავლო პროგრამა და მოერგო არა მარტო სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც და კიდევ უფრო გაეფართოებინა სამიზნე აუდიტორია. ასევე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ შრომის ბაზრისთვის დეფიციტური სამუშაო ძალა ტექნიკური სფეროს მიმართულებით. ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა სკოლის ჩამოყალიბების პროცესი „blended classroom‘-ის მოდელით, რომელმაც მომავალში უნდა უზრუნველყოს საჭირო ტექნიკური პერსონალის სწრაფად და ეფექტიანად გადამზადება. გარდა ამისა, გაჩნდა უნიკალური შესაძლებლობა ყოველი თანამშრომლისთვის, თავად შექმნას ნებისმიერი განხრით (ხელოვნება, კულინარია, მეცნიერება და ა.შ.) სასწავლო რესურსი და გაუზიაროს ის კოლეგებს (Peer-to-Peer Learning) ციფრული მასტერკლასის ფორმატში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიცვალა ხედვა თანამშრომლის ზრდისა და განვითარების კუთხით. დღეს თავად თანამშრომელი განსაზღვრავს მის განვითარებას, თავად ხაზავს წინსვლის მარშრუტს და ქმნის სამოქმედო გეგმას. ის სრულად არის პასუხისმგებელი საკუთარ პროგრესზე.
ვთვლით, რომ „პეპსიკო“ მოწინავეა თანამშრომელთა განვითარების ინსტრუმენტების დანერგვის კუთხით და ქმნის საქართველოს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიან ტალანტს. ამის დასტურად „PepsiCo საქართველო“ წელს კიდევ ერთხელ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად საერთაშორისო Top Employers Institute-ის მიერ. ტოპ-დამსაქმებელთა ინსტიტუტის სერტიფიცირების მთავარი კრიტერიუმებია: კომპანიებში ტალანტების მართვის სტრატეგია, პერსონალის დაგეგმვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლა და განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, ლიდერობის განვითარება, კარიერული განვითარება, კომპენსაცია და ბენეფიტები და კორპორაციული კულტურა. ეს მიღწევა საამაყოა, ხოლო შედეგების შენარჩუნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს.
ზემოთ გესაუბრეთ იმ პროცესების შესახებ, რომლებიც განიცდის დინამიკურ ტრანსფორმაციას „პეპსიკოში“ და რომელთა დადებით ეფექტებსაც უკვე ვგრძნობთ ბიზნესის გაძლიერებისა და თანამშრომელთა ჩართულობის თვალსაზრისით.
ბუნებრივია, ტრანსფორმაციას ყოველთვის ახლავს გარკვეული სირთულეები, თუმცა მისი ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშნელოვანია:
- დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა და პროგრესის სისტემატიური მონიტორინგი
- ლიდერებისა და მენეჯერების აქტიური ჩართვა პროცესში
- დროული და თანამიმდევრული კომუნიკაცია თანამშრომლებთან
- ეტაპობრივი უკუკავშირი და შედეგების ანალიზი.
მუდმივი ცვლილებების სამყაროში მნიშვნელოვანია, გავხსნათ ჩვენში მედეგობის უნარი, და მივუდგეთ ცვლილებებს მრავალფეროვანი შესაძლებლობებით.