ბოლო პერიოდის განმავლობაში ბიზნესს ბევრი გამოწვევა ჰქონდა. ცვლილება შეეხო ფაქტობრივად ყველა კომპანიას, ზოგი დაასუსტა კრიზისმა, ზოგიც პირიქით, გააძლიერა და ახალი შესაძლებლობები დაანახა. ეს იყო ცვლილებები, რომლებიც გარდაუვალი იყო და ბიზნესს მათთან ადაპტირება მოუწია. ბოლო რამდენიმე წელიწადმა გვაიძულა, ახალი რეალობა გვეღიარებინა და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პარალელურად, ორგანიზაციებში HR-ის როლის გადახედვის აუცილებლობა დადგა. დღეს ბიზნესი ბევრად მეტადაა თანამშრომელზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროს ბიზნესთან და უნდა აღინიშნოს, რომ სფეროს, გამოცდილებისა თუ მასშტაბის მიუხედავად, ყველა ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით გამოწვევების დაძლევა იქცა ბიზნესის წარმატების ძირითად მაჩვენებლად.
უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, პანდემიამ, მოკლე დროში და სწრაფად, უსაზღვრო ტექნოლოგიური ცვლილებების შესაძლებლობები დაგვანახა. აღნიშნული კი პირდაპირ კავშირშია დასაქმების ბაზართან და კვალიფიკაციასთან, რომელსაც ბიზნესი ითხოვს. ორი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტის წინაშე ვდგავართ – ერთი მხრივ, ქვეყანაში არის უმუშევრობა, ხოლო მეორე მხრივ, HR-ებს უჭირთ კანდიდატების მოზიდვა და შერჩევა.
რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა სამუშაო ძალის კრიზისი: პირველი დაკავშირებულია სამუშაო რეჟიმის ცვლილებასთან. პანდემიამ დაგვანახა, რომ შესაძლებელია, გამოიმუშაო ანაზღაურება სახლიდან გაუსვლელად, თავისუფალი გრაფიკით და ნაკლები დატვირთვით. ამან, ფაქტობრივად, ამოაყირავა ადამიანის წარმოდგენები ე.წ. „full time job”-ზე. ეს პერიოდი ყველასთვის დიდი გამოწვევაა, რამაც სინამდვილეში კი არ შეცვალა რამე, უბრალოდ დააჩქარა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მართალია, დღეს ეს რთულად გვეჩვენება, მაგრამ ბიზნესისთვის ეს ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი სოციალური არსებაა, მას სჭირდება ინტერაქცია, ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობები და, რაც მთავარია, გარემოს ცვლილება. 2018 წელს ერთერთ ჰოლდინგში ვმუშაობდი, სადაც გვქონდა ინიციატივა, თანამშრომლები გადაგვეყვანა დისტანციურ სამუშაოზე, რათა მათ ჰქონოდათ თავისუფალი სამუშაო რეჟიმი, ნაკლები სტრესი მიეღოთ საცობებში და დაეზოგათ დრო. გაოცებული დავრჩით, როცა კვლევა ჩავატარეთ და თანამშ რომელთა 78%-მა თქვა, რომ მათ არ სურდათ სახლიდან მუშაობა და ერჩივნათ, ჩვეულ რეჟიმში ევლოთ სამსახურში. საინტერესოა, რომ სულ მალე, იმ დროისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელი სამუშაო რეჟიმი სრულიად ბუნებრივი და სასურ ველიც კი გახდა ადამიანებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასაწყისში კომპანიები აქტიურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თანამშრომლების უმეტესო ბისთვის ეს მისაღები იყო და პოზიტიურ ფაქტორადაც მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მეტი კომპანია უბრუნდება საოფისე გარემოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომკომპანიები ძირითადად შერეულ სამუშაო რეჟიმს ირჩევენ და სრულად საოფისე რეჟიმზე მაინც უარს ამბობენ, თუ ამის აუცილებლობა არ არის.
მეორე ფაქტორი, რამაც რესურსების კრიზისი გამოიწვია, არის დასაქმების საზღვრების გაფართოება. თუკი პანდემიამდე დასაქმების ბაზარი ქვეყნის შიგნით ტალანტების მართვას გულისხმობდა, დისტანციური მართვის რეჟიმმა ეს საზღვრები მოშალა და ახლა კონკურენციაში ვართ გლობალურ სამყაროსთან. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი საქმდება საზღვრებს გარეთ როგორც ფიზიკურად, ისე დისტანციურად.
და მესამე ფაქტორი, რამაც კრიზისი გამოიწვია, სამწუხაროდ, არის კვალიფიკაციის შეუსაბამობა. განათლების სისტემა ვერ იქნება ისევე მოქნილი, როგორც ბიზნესი, ამიტომ წარმოიშვა ბუნებრივი კრიზისი. იმისათვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა პროფესია შეიძინოს, საჭიროა, სულ მცირე, ოთხი წელი. დღევანდელ ცვლილებების სამყაროში კი ოთხი წელი წარმოუდგენელი ვადაა, ამიტომ აქაც საჭიროა ადაპტაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარული შეკითხვა „რა გინდა გამოხვიდე?“ სულ უფრო და უფრო კარგავს მნიშვნელობას. დღევანდელი ადამიანი „ვალდებულია“, რაც შეიძლება ბევრ პროფესიას დაეუფლოს, რაც შეიძლება მაღალკვალიფიციურად და მოკლე დროში. იგი აღარ კმაყოფილდება ერთი პროფესიით, რომლითაც დაკავებულია 9:00-დან 18:00-მდე. დღევანდელ ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისთვის, სჭირდება რამდენიმე პროფესია, რამდენიმე ჰობი, რომლითაც განიტვირთება და საინტერესოს გახდის ცხოვრებას და, რა თქმა უნდა, დრო ამისთვის.
ჩვენ ვვარაუდობთ და კვლევებიც ადასტურებს, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით და ზუსტ მეცნიერებებზე მოთხოვნა გაიზრდება. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა, რომ ძირითადი აქცენტი მულტიფუნქციურ და ადვილად ადაპტირებად ადამიანებზე იქნება. სამომავლოდაც ვფიქრობთ, რომ ბაზარზე ასეთი პროფესიონალები დაიმკვიდრებენ ადგილს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი პროფესია უკვე საკმარისი აღარ არის. აქამდე ადამიანი ერთ პროფესიას ირჩევდა და მთელი ცხოვრება ამ პროფესიით იყო დაკავებული, დღეს ეს რეალობა შეიცვალა და ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ პროფესიას დაეუფლონ, დამატებით მეტი რამ ისწავლონ. ამის ხელშემწყობი ფაქტორი სწავლის ხელმისაწვდომობაც არის, თუმცა, სულ მალე, განათლების სექტორიც დიდი ტრანსფორმაციების საჭიროების წინაშე დადგება და ფეხს აუწყობს ბიზნესისა და გლობალური განვითარების მოთხოვნებს.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა შევეხოთ საკითხს, რომელიც გულისხმობს დიგიტალიზაციას და მართვის დისტანციურ სისტემებს – ეს არის რეალურად ბიზნესის მომავალი. ბიზნესის მომავალი ავტომატიზაციის პროექტებია. ალბათ ამას წლები დასჭირდებოდა, რომ კომპანიები გადასულიყვნენ ონლაინსისტემებზე და ვფიქრობთ, პანდემიამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააყენა ბიზნესი. მათ იძულების წესით მოუწიათ, სასწრაფოდ გამოსავალი მოეძებნათ და ბევრმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. პანდემიაზე დაკვირვების პერიოდში ერთი რამ აღმოვაჩინე: საინტერესოა, რომ დედამიწაზე ერთადერთი რამ არის, რასაც ადამიანივით აქვს მიზანი, ღირებულებები და კულტურა – ეს არის ორგანიზაცია. ორგანიზაცია, ისევე როგორც მისი თანამშრომლები, განიცდის გარემოებების ცვლილებას, მანაც გადაიტანა პანდემია, ბევრი რამის შეცვლა მოუწია. იგი ძალიან მგრძნობიარეა და, შესაბამისად, პროცესი, რომელიც გადარჩენის და განვითარების მოთხოვნებს აყენებს, ორმხრივია. მოთხოვნა იქნება ადამიანებზე, რომლებიც განივითარებენ ტექნოლოგიურ ცოდნას, გადარჩებიან კომპანიები, რომლებიც ფეხს აუწყობენ ტექნოლოგიებს და მოთხოვნა იქნება HRპროცესებზე, რაც ხელს შეუწყობს ამ განვითარებას.