ადამიანური რესურსების დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა ინდუსტრიის კომპანიებში, თუმცა მისი როლი ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებით კრიტიკულია. ჯანდაცვის ინდუსტრიის წინაშე მდგარი სირთულეების გამო, სასიცოცხლოდ საჭიროა ადამიანური რესურსების ძლიერი გუნდის შექმნა, რომელიც სხვადასხვა გამოწვევას გაუმკლავდება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ სფეროში მომუშავე კომპანიები იძულებული გახდნენ, შეეცვალათ საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურები და ადაპტირებულიყვნენ იმ სწრაფად ცვლად ტენდენციებთან, რომლებსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი გარემო აწესებს.
„ევექსი კლინიკების“ ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მეფარიძე გვიყვება გამოწვევებსა და ტენდენციებზე, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს შეეხო.
„არსებულ რეალობაში, როდესაც სამყარო უწყვეტი ცვლილებების რეჟიმშია, როდესაც გლობალიზაციის გავლენა ყველა მიმართულებით იგრძნობა, როდესაც ინტენსიურად ხდება ინფორმაციულ-ტექნოლოგიური არხების განახლება, როდესაც მასშტაბური ეკონომიკური ძვრები მიმდინარეობს, ეს ყოველივე აისახება შრომის ბაზრისა და სამუშაო ძალის ფორმირებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ორგანიზაციების მზაობა, დროულად ადაპტირდნენ ახალ მოცემულობასთან.
ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია დიგიტალიზაციაა და ვხედავთ, რომ კომპანიების კიდევ უფრო დიდმა ნაწილმა დაიწყო გაციფრულება. 2023 წელს ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება სერვისებისა და შიდა პროცესების გაციფრულება, მათ შორის HR-ის მიმართულებითაც.
მაშინ როდესაც მსოფლიო ვითარდება, ორგანიზაციის განვითარებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საჭიროა არა მხოლოდ ცვლილებებთან ადაპტირება, არამედ მომავალზე ორიენტაციაც. ორგანიზაცია თავისი ინოვაციურობით მიმზიდველი უნდა იყოს როგორც გარეთ (მომხმარებლისთვის), ასევე შიგნით, თავისი თანამშრომლებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლის კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ამასთანავე, თანამშრომელს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, სურვილი და მზაობა, რომ თავად შეიტანოს ღირებული წვლილი ორგანიზაციის განვითარებაში. ეს არის ორგანიზაციის ჯანსაღი ფუნქციონირების ციკლი, რომელიც აუცილებლად ორმხრივია – ორგანიზაცია ზრუნავს თანამშრომლის განვითარებაზე, ხოლო თანამშრომელი – ორგანიზაციის პროგრესზე.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა თანამშრომლის მხარდაჭერა სწავლებისა და განვითარების პროცესში. „ევექსი კლინიკები“ სწორედ ის კომპანია, რომელიც მუდმივად დებს ინვესტიციას ამ მიმართულებით და სთავაზობს თანამშრომლებს სხვადასხვა საინტერესო და ღირებულ სასწავლო პროგრამაში ჩართვას.
მესამე ტენდენციად კი თანამშრომლის კეთილდღეობაზე ზრუნვას ასახელებს – „სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილება და INTERNAL BRANDING და შიდა კომუნიკაციის განყოფილება გავაძლიერეთ HR & OD -ში – ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტში. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტრუქტურული ცვლილებით სიღრმისეულ, შინაარსობრივ ცვლილებას გამოვიწვევთ და გავხდებით კიდევ უფრო მეტად ადამიანებზე ორიენტირებულები“.
ამ გამოწვევებსა თუ ტენდენციებთან გასამკლავებლად თეა მეფარიძე ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს თითოეული თანამშრომლის, მათ შორის ლიდერის როლის მნიშვნელობას.
თეას თქმით: „კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი კულტურის მოდელირება თავის თავში მოიცავს ისეთი ღირებულებითი სისტემის ფორმირებას, რომელიც შეესაბამება თანამშრომლის შინაგან კულტურას და მორალს. ეს არ არის მხოლოდ ის ქცევები, რომლებიც განპირობებულია ე.წ. ორგანიზაციული ნორმებით და რომლებიც გვიკარნახებს „რა შეიძლება და რა არ შეიძლება“, ეს არის მიკუთვნებულობის განცდა, რომ შენ ამ მთლიანობის ორგანული ნაწილი ხარ.
კულტურა ვლინდება როგორც ფიზიკურ გარემოსა და კლიმატში, ასევე მართვის სტილსა და ურთიერთობებში. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული თვალსაჩინო იყოს როგორც შიგნით, ასევე გარეთ, ანუ ეს ყველაფერი აუცილებ ლად უნდა იყოს ბრენდთან ასოცირებული. მაგალითად, მომხმარებელი, მასთან ურთიერთობისას, უნდა გრძნობდეს, რომ გათვალისწინებულია აღნიშნული კულტურის მთავარი მახასიათებელი ზრუნვა სერვისის მიღების პროცესში, ასევე თვითონ პროდუქტის შინაარსიც მსგავსი ღირებულების მატარებელი უნდა იყოს.“
პროცესის სირთულიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე თვლის, რომ მისი კომპანია ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის ფაზაში იმყოფება, ხოლო ამ პროცესში ლიდერები ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ კულტურაზე.
„ისინი თავისი კარიერული იდენტობით მაგალითს აძლევენ თანამშრომლებს, თუ როგორ აწარმოონ პროფესიული საქმიანობა და ამავდროულად იყვნენ კულტურის გამტარები/გამავრცელებლები.
„ევექსი კლინიკების“ ორგანიზაციული კულტურის მხარდამჭერ ღონისძიებად დაიგეგმა პოზიტიური ლიდერობის განვითარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი გუნდის მენეჯერების საერთო მახასიათებლისა და ღირებულების ქვეშ გაერთიანებას/შეკავშირებას, პოზიტიურ ლიდერებად გარდაქმნას, ტრანსფორმაციას.
ორგანიზაციის მთავარი ხედვა და ფილოსოფია ლიდერისგან მოდის, მან ყველაზე კარგად იცის, როგორი ორგანიზაციის შენება უნდა, რა ძირითად ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი საქმიანობა და რა ერთი ფასეულობის გარშემო ვართ გაერთიანებულები. ის თავის მმართველ გუნდთან ერთად ცდილობს, სტრატეგიასთან სინქრონიზებულად გაატაროს ორგანიზაციული პოლიტიკა და დაიცვას მთავარი კულტურული პრინციპი, იმისათვის, რომ შეთანხმებულად ვიაროთ წინ.
მთავარია, თითოეული ჩვენი თანამშრომელი იზიარებდეს ამ კულტურას, რაც ავტომატურად უზრუნველყოფს კულტურის ენერგიის ბუნებრივ დინებას. ცხადია, ვიცით, რომ ორგანიზაციული კულტურის ქსელურად გავრცელება კოლექტიურად არ ხდება და შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით გავლენიანი იყოს ამ მიმართულებით. აუცილებელია, ისინი სტრუქტურაში სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პოზიციაზე იმყოფებოდნენ. მაგალითად, დღეს ჩვენს კომპანიაში არსებობენ როგორც მენეჯერულ, ასევე არამენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანები, რომლებიც არიან „ევექსი კლინიკების“ კორპორაციული კულტურის გამავრცელებლები“ – გვიზიარებს თეა.
„ევექსი კლინიკებში“ იციან, რომ სწორედ იმ ადამიანებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა, ვისთვისაც ეს ორგანულია და, შესაბამისად, ისინი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ბუნებრივად ავრცელებენ ამ კულტურას. კომპანია თავის მხრივ ცდილობს გუნდის დაკოქმპლექტებას ზუსტად ასეთი შინაგანი კულტურისა და ღირებულების მქონე ადამიანებით.
თეასთან საუბრის დროს ნათლად დავინახე, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იგი თანამშრომლების ბედნიერებას.
„ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, ბედნიერი თანამშრომელი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ამ სოციალურ გარემოში გრძნობს თავს რეალიზებულად, დაფასებულად, მნიშვნელოვნად და აქვს ჯანსაღი, პოზიტიური ურთიერთობები კოლეგებთან. მისი პროფესიული თუ პიროვნული მდგომარეობის ბალანსზე ზრუნვა კომპანიის ერთ -ერთი მთავარი მიზანია. ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერი თანამშრომელი პირდაპირპროპორციულად ნიშნავს პროდუქტიულ შრომას, რაც საბოლოდ კომპანიის მიღწევებში აისახება.
„ევექსი კლინიკებში“ დღეისათვის მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომლებიც კომპლექსურია და მოიცავს რიგ აქტივობებს თანამშრომლების კეთილდღეობისთვის (well-being), როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს, სოციალურსა თუ კარიერულს“, – გვიყვება თეა.
იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიის დროს ყველაზე დიდი დატვირთვა სამედიცინო სექტორზე აკუმულირდა. „ევექსი“ კი, როგორც პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელი ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია საქართველოში, სრული შემადგენლობით, საერთო მიზნით გაერთიანებული, 3000 -მდე თანამშრომლით, 24/7 -ზე, მაღალი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით მაქსიმალურად ზრუნავდა სერვისის დროულად მიწოდებაზე, პაციენტების მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერაზე.
„ცხადია, ჩვენი გუნდის შეჭიდულობა, ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და კომუნიკაცია/კოორდინაციის პროცესი გართულდა, ამას თან ახლდა სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის დარღვევა და „სამუშაო გადაწვა“, მაგრამ ჩვენ, საერთო ღირებულებებით გაერთიანებულებმა, სწრაფად შევძელით ახალ რეალობასთან ადაპტირება და კოვიდპანდემიის პროცესის ხარისხიანად მართვა.
გარდა იმისა, რომ ჩვენმა ექიმებმა პაციენტების უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურება და მხარდაჭერა აწარმოეს, ჩვენ ამავე დროს მათი კეთილდღეობისთვის ვქმნიდით პროგრამებს, როგორც მათი და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ასევე მათი ემოციური კეთილდღეობის სტიმულირებისთვის. მაგალითად, განვახორციელეთ გუნდური შეკავშირების ყველაზე მასშტაბური ონლაინშეკრება (Team Building), რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი ერთობის ძალა.
პანდემიის შემდეგ კეთილდღეობაზე ზრუნვა ცალკეულ თანამშრომელზე ფოკუსირებას გასცდა და დღეს უკვე მოიცავს ზრუნვის პაკეტს, რომელიც 2023 წლიდან ხელმისაწვდომია მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ორგანიზაციაში გვაქვს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამა „ევექსელის ბენეფიტი“, რომელიც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს და დღეს უკვე მათი ოჯახის წევრებსაც, ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით როგორც უფასოდ, ასევე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
კომპანია სისტემატურად უწევს ორგანიზებას გუნდის შემაკავშირებელ შეხვედრებს, რომელთა მიზანია თანამშრომლების მეტი ჩართულობა და ანალიზი იმისა, რომ ყველა ინდივიდუალურად ერთ მთლიანობას ქმნის და რომ ჩვენ ყველა ერთ საქმეს, ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვემსახურებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ზრუნვით იქმნება განწყობა და სწორედ ზრუნვის ხელშეწყობა ქმნის ძლიერ, პროდუქტიულ და მოტივირებულ გუნდს, რომელსაც ჩვენ პროფესიულ განვითარებაში ვეხმარებით“, აღნიშნავს თეა.
„ჩვენი თანამშრომლები ასევე მუდმივად არიან ჩართულნი პროფესიული თუ პიროვნული განვითარების სხვადასხვა ტრენინგში, კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ სხვა საკვანძო კომპეტენციების შეძენის მიზნით. ვზრუნავთ როგორც მათი შრომითი პროდუქტიულობის გაზრდაზე, ასევე მხარს ვუჭერთ მათ კარიერულ რეალიზაციას“.
„ევექსში“, კომპანიის შიგნით არსებული ტალანტების იდენტიფიცირება არა მხოლოდ პირდაპირი ფუნქციებისა და სამუშაო ამოცანების მიმართულებით, არამედ ე.წ. პარალელური კომპეტენციების აღმოჩენითა და წახალისებითა ხდება.
თეას თქმით, „ჩვენ გჯერა ადამიანის ტალანტების მრავალფეროვნების და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, თანამშრომელმა სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოს საკუთარი თავი. ასეთი მრავალმხრივი კომპეტენციების არქივიზაციის შედეგად ორგანიზაციებს ცოდნის გაზიარების შიდა სისტემის დანერგვა შეუძლიათ. ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში ცოდნის გამზიარებელი თავის თავს აღმოაჩენს ახალ როლში და მას აქვს შესაძლებლობა, ამავე კომპანიაში გაიმრავალფეროვნოს სამუშაო რუტინა“.
„ევექსის“ სწავლებისა და განვითარების სისტემა ეყრდნობა ე.წ. გაზიარებული პასუხისმგებლობის მიდგომას, სადაც HR -თან ერთად სწავლების „დამკვეთი“ კიდევ უფრო ჩართულია საჭიროებების განსაზღვრასა თუ სწავლების პროგრესის მონიტორინგის ნაწილში. გაზიარებული პასუხისმგებლობა ზრდის როგორც პროცესის ღირებულებას, ასევე მხარს უჭერს სწავლებისა და განვითარების უწყვეტ ციკლს, რომელიც იწყება და მთავრდება ანალიზით.
„10:20:70 – პროპორციულობის ის ჩარჩოა, რომელსაც თეა და მისი გუნდი სწავლების პროცესის მართვისთვის ეყრდნობა. აქედან 10% ფორმალურ ტრენინგებზე მოდის, 20% – მენტორინგზე, 70% კი სამუშაო გარემოში სწავლებას ეთმობა. საკვანძო კომპეტენციების განვითარების შესაბამისი სასწავლო გეგმის შემუშავება ყველა აღნიშნულ ფაზას ითვალისწინებს.
თეასთვის ცხადია – „რომ სწავლებისა და განვითარების ეფექტიან პროცესს მულტიმეთოდური მიდგომა სჭირდება, სწავლებისა და განვითარების ეს გზა (ე.წ. Learning Journey) მრავალფეროვანია: ბაზისური ტრენინგი და სამუშაო ადგილზე მენტორის მხარდაჭერის შემდეგ სანამ ე.წ. რეტრენინგი დაიგეგმება, კვლავ ანალიზი და საჭიროებების სწორად განსაზღვრაა საჭირო. აქ შეიძლება იყოს მომხმარებლის სურვილების კვლევა, თვითონ თანამშრომლის ხმა და მენეჯერის/მენტორის უკუკავშირი. ეს ის სამკუთხედია, რომელიც გვაძლევს სრულ წარმოდგენას შემდეგი სასწავლო პროგრამის დიზაინისთვის. ეს ყველაფერი არის სწავლების პროგრესის მენეჯმენტი“.
„საბოლოოდ, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად „ევექსი კლინიკების“ მთავარი საყრდენია: გუნდურობა, სწავლებისა და განვითარების მხარდაჭერა, და, ბოლოს, ყველაზე მთავარი – თანამშრომელთა კეთილდღეობაზე მუდმივი ზრუნვა“.