სამშენებლო კომპანია „დაგი“ უკვე 20 წელია, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნავს და დღეს საქართველოში წამყვანი სამშენებლო კომპანიების რიგებშია. ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომელი, მისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება კომპანიისთვის ფუნდამენტურ ღირებულებად იქცა.
„დაგი“ ასობით ადამიანს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. ამ ოჯახზე კი, უკვე თითქმის ორი ათწლეულია, თამარ ჩხეტია, კომპანიის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი ზრუნავს.
თამარისთვის ყველაფერი ჟურნალისტიკით დაიწყო, თუმცა მშენებელმა მამამ თავისი გავლენა იქონია – „სამშენებლო მტვერი“ მეც ჩავისუნთქე და სრულად შევცვალე სამუშაო გარემო. „დაგი“ ჩემ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ როდესაც აქტიურად ჩავერთე მის საქმიანობაში, გადაწყდა, ადმინისტრაციული მიმართულება ამეღო საკუთარ თავზე და უდიდეს პრიორიტეტად ადამიანებზე ზრუნვა დავისახე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ადამიანური რესურსი კომპანიის ყველაზე ძვირფასი კაპიტალია“, – მიამბობს თამარი.
უკვე 15 წელია, ამ სფეროშია და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მშენებლების კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. კომპანიაში მოსვლისთანავე მიზნად სამშენებლო სფეროს პოპულარიზაცია დაისახა.
„მოგეხსენებათ, იყო დრო, როდესაც არსებობდა რამდენიმე პოპულარული პროფესია და ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი მხოლოდ ამ მიმართულებებს ირჩევდა. შესაბამისად, სამშენებლო სფეროში გვყავდა მშენებლობაში გამოცდილი და მცოდნე კადრები, რომლებმაც არ იცოდნენ კომპიუტერი, უცხო ენები. უდიდესი რესურსი ჩაიდო ისეთი კადრების მოძიებასა და გადამზადებაში, რომლებსაც ექნებოდათ, მათ შორის, ზემოაღნიშნული ცოდნა. დღემდე აქტიურად ვმუშაობ, რომ ახალგაზრდები სამშენებლო სფეროთი დავაინტერესო“, – გვიყვება თამარი.
თამარ, რამდენი წელია, რაც თქვენი კარიერა „დაგის“ უკავშირდება, როგორი იყო თქვენი კარიერის დასაწყისი და რატომ არის კონკრეტულად HR-მიმართულება მნიშვნელოვანი და საინტერესო?
ყველაფერი ჟურნალისტიკით დაიწყო, თუმცა მშენებელმა მამამ თავისი გავლენა იქონია – „სამშენებლო მტვერი“ მეც ჩავისუნთქე და სრულად შევცვალე სამუშაო გარემო. „დაგი“ ჩემ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ როდესაც აქტიურად ჩავერთე მის საქმიანობაში, გადაწყდა, ადმინისტრაციული მიმართულება ამეღო საკუთარ თავზე და უდიდეს პრიორიტეტად ადამიანებზე ზრუნვა დავისახე, ვინაიდან ვთვლი, რომ ადამიანური რესურსი კომპანიის ყველაზე ძვირფასი კაპიტალია. უკვე 15 წელია, ამ სფეროში ვარ და ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო მშენებლების კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში. მოსვლისთანავე მიზნად დავისახე სამშენებლო სფეროს პოპულარიზაცია. მოგეხსენებათ, იყო დრო, როდესაც არსებობდა რამდენიმე პოპულარული პროფესია და ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი მხოლოდ ამ მიმართულებებს ირჩევდა. შესაბამისად, სამშენებლო სფეროში გვყავდა მშენებლობაში გამოცდილი და მცოდნე კადრები, რომლებმაც არ იცოდნენ კომპიუტერი, უცხო ენები. უდიდესი რესურსი ჩაიდო ისეთი კადრების მოძიებასა და გადამზადებაში, რომლებსაც ექნებოდათ, მათ შორის, ზემოაღნიშნული ცოდნა. დღემდე აქტიურად ვმუშაობ, რომ ახალგაზრდები სამშენებლო სფეროთი დავაინტერესო.
როგორია „დაგის“ ადამიანური კაპიტალი – რამდენი თანამშრომელი გყავთ ამჟამად?
კომპანიამ საქმიანობა ათამდე კადრით დაიწყო. იყო ბევრი დაბრკოლება თუ წახალისება. ვამაყობთ, რომ დღეს ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი სამშენებლო ბაზარზე და სხვადასხვა პოზიციაზე გვყავს 1500-მდე თანამშრომელი. ხანდახან ხუმრობით ვამბობთ ხოლმე, რომ „დაგით“ „მოწამვლა“ ადვილად არ იკურნება. არაერთი შემთხვევაა, როდესაც ჩვენგან წასული კადრი ძალიან მალე გვიბრუნდება უკან. ახალი მოსული თანამშრომლებიც ძალიან მალე და მარტივად ადაპტირდებიან ჩვენთან. ხშირად უთქვამთ, რომ „დამწყების ღელვა“ კარის ზღურბლზე გადმობიჯებისთანავე ქრება.
საშუალოდ რამდენი წელი მუშაობენ „დაგიში“ ადამიანები? როგორც ვიცით, კომპანია საკმაოდ დიდ რესურსს დებს თანამშრომლების განვითარებაში.
„დაგიში“ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის დაარსების დღიდან მუშაობენ ჩვენთან. კადრების დიდი ნაწილი თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში – ისინი კომპანიაზე ისე ზრუნავენ, როგორც საკუთარზე. საქმისა და ერთმანეთის განსაკუთრებული სიყვარული „დაგიში“ ნამდვილად იგრძნობა, რაც, პირველ რიგში, კომპანიის დამფუძნებლის, გოგი გულორდავას და შემდეგ თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. გვყოლია არაერთი სტაჟიორი, რომლებიც, მათი ცოდნისა და მონდომების გათვალისწინებით, გადაგვიყვანია საქმეთა მწარმოებლების პოზიციაზე, ხოლო დღეს პროექტის მენეჯერები არიან. აი, მაგალითად, უშუალოდ სამშენებლო მოედანზე დასაქმებული ხელოსანი ისე განვითარდა, რომ დღეს სამუშაოთა მწარმოებელია. ზოგადად, ვაკანსიის არსებობის დროს უპირატესობას ვანიჭებთ არსებული თანამშრომლების დაწინაურებას, რაც მათთვისაც სტიმულია. ასევე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ვაფინანსებთ მათთვის სხვადასხვა ტრენინგსა თუ გადამზადების კურსებს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
რამდენი მიმდინარე პროექტი გაქვთ ამჟამად?
დღეს გვაქვს დაახლოებით 60-მდე ობიექტი, რომლებიც განაწილებულია საქართველოს 23 ქალაქში. სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დიზაინ-ბილდის მეთოდით ხორციელდება სამუშაოები საქართველოს 16 ქალაქში. სამეწარმეო მშენებლობიდან – საგანმანათლებლო სფეროს ჩათვლით ყველა სახის სამშენებლო სამუშაოს ვასრულებთ. თითოეულ პროექტზე მუშაობს შესაბამისი სამშენებლო გუნდი, რომელიც კონტროლდება როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე ტექნოლოგიური, ხარისხისა და მოცულობების კუთხით. გუნდის თითოეულ წევრს უდიდესი წვლილი შეაქვს პროექტის დროულად, ხარისხიანად და წარმატებით დასრულებაში. ქვეყნის განვითარების პარალელურად, ვითარდება ინფრასტრუქტურაც. ბაზარი კონკურენტუნარიანია, რაც საშუალებას გვაძლევს, არ მოვდუნდეთ და მუდმივად ვეცადოთ სწორი მიმართულებით განვვითარდეთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებსა და სამშენებლო ტენდენციებს. უფრო ხშირად ხდება, რომ სამუშაოების წარმოება მზა პროექტის მიხედვით გვიწევს, თუმცა, როცა თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამკვეთი მონდობილი, ბევრად დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი თავისუფლებაც გვეძლევა და მუშაობის პროცესიც მეტად შემოქმედებითი ხდება.
როგორია დღეს დასაქმების ბაზარი? რა კატეგორიის კადრებზეა უფრო მეტად მოთხოვნა სამშენებლო სფეროში?
სამშენებლო სექტორი წარმოადგენს მუდმივად ზრდად სფეროს, სადაც ზედმეტი არასდროს არის კვალიფიციური მშენებელი, ინჟინერი, კონსტრუქტორი, ხარჯთაღმრიცხველი და ა.შ. ბოლო პერიოდში ასევე გაიზარდა მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების მენეჯერებზე. 2015 წელს ჩვენი კომპანია იყო საქართველოში პირველი, ვინც მიიღო აისო-სერტიფიკატი შრომის უსაფრთხოების სფეროში. შესაბამისად, სახელმწიფო რეგულაციებამდეც გვქონდა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ვნერგავდით აისო-სტანდარტებს. თავდაპირველად, დასაქმებულების უსაფრთხოებისთვის გატარებულმა ზომებმა დიდი პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია, ვერ ხვდებოდნენ სამშენებლო ობიექტზე ჩაფხუტის, ხელთათმანისა თუ სპეციალური ფეხსაცმლის აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, შრომის უსაფრთხოების მენეჯერებმა ეს ომი მოიგეს და დღეს ხელოსნები უკვე თავად ითხოვენ შესაბამის აღჭურვილობას სამშენებლო ობიექტზე შესვლამდე. ალბათ ამან განაპირობა, რომ არ გაგვიჭირდა არც კოვიდრეგულაციების დაცვა ობიექტზე; პირველივე დღიდან მკაცრად კონტროლდებოდა ტემპერატურა, პირბადის სწორი ტარება, დეზინფექცია და უზრუნველყოფილი იყო თანამშრომლების ტრანსპორტირება რეგულაციების სრული დაცვით.
როგორ ინარჩუნებს „დაგი“ კვალიფიციურ და გამოცდილ კადრებს?
როგორც ყველა წარმატებული კომპანია, ჩვენც ვცდილობთ, კარგი, კვალიფიციური კადრები შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ამის საუკეთესო გზა სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა, წახალისება და ბევრი საინტერესო სამშენებლო პროექტია. მოცული გვაქვს მშენებლობის თითქმის ყველა სფერო, როგორიცაა სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტი, ოპერა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სპორტული დაწესებულებები, აეროპორტები, ქარხნები, საოფისე შენობები, რეკრეაციული სივრცეები, მელიორაციული პროექტები და ა.შ. შესაბამისად, პროექტის დასრულება არ ნიშნავს პროექტზე დასაქმებულ თანამშრომლებთან ურთიერთობის დასასრულს. გვყავს არაერთი კადრი, რომლებიც 10-15 წელია, ჩვენი დიდი ოჯახის წევრები არიან. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ კადრის მოთხოვნები სამშენებლო ტერიტორიისა თუ სფეროს მიმართულებითაც.
რა არის „დაგის“ წარმატების ფორმულა?
პირველ რიგში, გამოვყოფდი გუნდური მუშაობის პრინციპს. მეორე – „დაგი“ არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც გულთბილად იღებს ახალ წევრებს და აფასებს თითოეული მათგანის „დადებულ აგურს”. იმისთვის, რომ მეგობრული, ოჯახური გარემო შეიქმნას და გამყარდეს, ხშირად ვაწყობთ არაფორმალურ შეხვედრებს. მაგალითად, ჩვენი გუნდი ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას World Run-ში, ვაწყობდით ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, აქტიურად ვმონაწილეობდით ინტელექტუალურ „რა, სად, როდის“ თამაშში, გვყავს ფეხბურთის გუნდები, რომლებიც ასპარეზობენ როგორც შიდა, ისე გარე ტურნირებში. 2015 წელს წამოვიწყეთ სამაგიდო თამაშების ტურნირი, რომელიც დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. გუნდურობამ და ოჯახურმა გარემომ გამოცდა წარმატებით ჩააბარა პანდემიის პერიოდში. კოვიდმა იძულებული გაგვხადა, მოგვეხდინა კადრების გადათამაშება, მაგალითად, როდესაც ოფის-მენეჯერს კოვიდი დაუდასტურდა, ბუღალტერი, იურისტი, ტექნიკური დირექტორი და დამფუძნებლები ვატარებდით წერილს, ვაღებდით კარს, ვპასუხობდით ზარებს, ვაწარმოებდით ტემპერატურის აღრიცხვას და ა.შ.
რა იქნება 2023 წელს თქვენი მთავარი გამოწვევა?
გასულ წელს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი დავასრულეთ, ისეთები, როგორიცაა ხაშურის პროფესიული სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, „განახლებული რეგიონების” პროექტის პირველი ეტაპი. არც 2023 წელი ჩაივლის საინტერესო პროექტების გარეშე, რადგანაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთაწმინდის საბაგიროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სათავო ოფისის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთიდან დაწყებული ბათუმით დამთავრებული, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა. ასევე, 2023 წელს დასრულდება მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების რეაბილიტაცია. „დაგის“ ოჯახში ფუსფუსი არასდროს წყდება და ნელდება, ერთად ვაშენებთ საქართველოს თანამედროვე ინფრასტრუქტურას და, შესაბამისად, გამართულ მომავალს.