ქეთი ახვლედიანი – ალდაგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისა და საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი
„ალდაგი“ 32-წლიანი წარმატების მქონე კომპანიაა, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში დღესაც წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს. ეს წარმატება, ჩვენი ხედვით, გუნდის მუდმივმა განვითარებამ და გაუმჯობესებისკენ სწრაფვამ განაპირობა. ჩვენი გამოცდილებით, თანამშრომლებზე ზრუნვის პროცესი უწყვეტი და გულწრფელი უნდა იყოს. სწორედ ამ მიდგომას ვუკავშირებთ „ალდაგის“ მრავალწლიან წარმატებას.
დღეს, საქართველოს სადაზღვევო ბიზნესში, „ალდაგის“ ადამიანური კაპიტალი ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს იმ მიდგომების დამსახურებაა, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიყენებთ. ჩვენი მიზანია, რომ „ალდაგის“ თანამშრომლები იყვნენ პროდუქტიულები, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულები, შემოქმედებითები და იმ პიროვნულ ღირებულებებზე ფოკუსირებულები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის შენარჩუნებას.
გასულ წლებში ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ „ალდაგში“ კორპორაციული ურთიერთობების თვალსაზრისით ჯანსაღი გარემოა. გვინდა, რომ ასეთი გარემოს შენარჩუნებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი – როგორც ახალი თანამშრომლების მოზიდვის, ისე მათი შენარჩუნებისა და განვითარების პროცესში. მუდმივად ვეძებთ ახალ, გამოცდილ ადამიანებს, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა იყოს ჩვენი ღირებულებების შესაბამისი. მეორე მხრივ, ვცდილობთ, დავაფასოთ თანამშრომლები და დავეხმაროთ მათ განვითარებაში – გადავუხადოთ გუნდის წევრებს მადლობა, ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც კომპანიისთვის მნიშვნელოვან აქტივს ქმნიან, ვიფიქროთ გუნდის თითოეული წევრის ფინანსურ თუ არაფინანსურ მოტივაციაზე და მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევის გუნდურად გადასალახად. ერთ-ერთი მთავარი, რასაც „ალდაგი“ არ ღალატობს, თანამშრომელთა დაწინაურებისთვის წამახალისებელი გარემოს შექმნაა. შესაბამისად, კომპანიაში თანამშრომლების განვითარებისა და წინსვლის არაერთი მაგალითი გვაქვს.
სტანდარტული მიდგომების მიღმა, ვცდილობთ ვიპოვოთ გზები, რომლებიც, ერთი მხრივ, თანამშრომლების მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს და, მეორე მხრივ, ჩვენს მთავარ ღირებულებას, გაზიარების კულტურას გაამყარებს. მაგალითად, ორგანიზაციის შიგნით გვყავს ბიზნესტრენერები, რომლებიც კოლეგებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარებიან, შიდა ბიზნესტრენერის დახმარებით „ალდაგის“ თანამშრომელს შეუძლია გაიაროს ტრენინგი მარკეტინგში, ფინანსებში, იურიდიულ საკითხებში და, თავისთავად, დაზღვევის საკითხებში. ეს გვეხმარება, ერთი მხრივ, არასტანდარტულად მივუდგეთ ცოდნის გაზიარების საკითხს და, მეორე მხრივ, მეტად დავაფასოთ გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები. გარდა ამისა, სპეციალურად „ალდაგის“ თანამშრომლებისთვის ვნერგავთ პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ორგანიზაციაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებასა და თანამშრომლების ემოციურ მდგრადობაზე.
როგორც 32 წლის გამოცდილების მქონე კომპანია, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიმართულებითაც და ამიტომ გვაქვს CPD (continuous professional development უწყვეტი პროფესიული განვითარების) პროგრამა, რომლითაც ვცდილობთ, სადაზღვევო ბიზნესში ახალი თაობების ცნობიერება ავამაღლოთ.
ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, ასევე, თანამშრომლებთან კომუნიკაციაა, რასაც დიდი ყურადღებით ვეკიდებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თანამშრომელი იყოს პირველი, ვინც კომპანიის განვითარების, პრიორიტეტებისა თუ გამოწვევების შესახებ ფლობს ინფორმაციას. ამისათვის კომპანიის შიგნით გვაქვს რეგულარული შეხვედრების ფორმატები, სადაც თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, დასვან კითხვები და მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ მენეჯმენტისგან.
რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, სულ უფრო მეტ კონცენტრაციას ვაკეთებთ სტრატეგიული ბიზნესპარტნიორის მოდელზე. ეს მოდელი გულისხმობს ადამიანური რესურსების დანაყოფის სრულად ფოკუსირებას ბიზნესის თითოეული მიმართულების საჭიროებაზე. ამისათვის, პირველ რიგში, ვსწავლობთ ბიზნესის სურვილებსა და საჭიროებებს, რათა ადეკვატურად შევძლოთ ნავიგაცია და ინდივიდუალურად ვუპასუხოთ თითოეული მიმართულების ამოცანებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო წლების განმავლობაში და გავაგრძელებთ მომავალშიც.
გასულ წელს მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ ჩვენი ბრენდის სტრატეგიისა და კორპორაციული ღირებულებების იდენტიფიკაციის კუთხით. ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო სესიებისა და კვლევების შემდეგ შეიქმნა კორპორაციული ღირებულებების სახელმძღვანელო და უკვე წელიწადია, ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ღირებულებები ერთნაირად გვესმოდეს და მათ განვასახიერებდეთ, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.
გასული წელი სექტორისთვის რთული იყო, თუმცა წინ მივიწევთ და მუდმივი გაუმჯობესების ამბიციით, ჩვენს გუნდთან ერთად, ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლის სურვილები და მოლოდინები