დღეს, 31 მაისს, HR Hub-მა King David-ის სივრცეში ადამიანური რესურსებით დაინტერესებული პროფესიონალი და არაპროფესიონალი ადამიანები შეკრიბა, რომელთაც ცოდნის გაზიარებისა და აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა მისცა. სწორედ აღმოჩენა იყო HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპიკერების სიტყვებს, პანელ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. ღონისძიებას დაესწრო 500-მდე ადამიანი, რომელთა შორისაც უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.
ღონისძიება PSP-ს წარმომადგენელმა სოფიო ლებანიძემ გახსნა, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა HR-ების საპასუხისმგებლო საქმიანობას, როგორც ადამიანური რესურსების, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტალის, მაგენერირებელ ძალას. სპიკერების გამოსვლამდე, ღონისძიების ორგანიზატორებმა პრიზი – Black Sea Arena-ს ბილეთები – გადასცეს გოგონას, რომელმაც პირველმა შეიძინა HR ბიზნეს სამიტი 2019-ის ბილეთი.
სპიკერების გამოსვლის დროც მოვიდა. ღონისძიების განრიგში წარმოდგენილი თემები საკმაოდ კრეატიული და საინტერესო იყო. პირველი სპიკერი “ნიკორა ტრეიდის” HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ნოზაძე იყო თემით – „რავა ყველას უნდა ეფერო?!“ სპიკერმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებები გაუზიარა HR სფეროში, ხაზი გაუსვა გუნდურობის, მოტივაციის, რეალობის აღქმისა თუ თავდაჯერებულობის აუცილებლობას და რაც ყველაზე მთავარია, ცოდნის გაზიარებას. სწორედ ცოდნაა ის, რისი გაზიარებაც ხელმძღვანელს უკან აუცილებლად ნაყოფიერად უბრუნდება.
ადამიანური რესურსების სფეროში გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ღირებულებების გაზიარებაც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამაზე ისაუბრა “აჭარა ჯგუფის” HR დირექტორმა ნინა ბართაიამ თემით „ჩემი ხელით დაკრეფილი იები“. ეს სათაური არა მეტაფორა, არამედ ნამდვილი ისტორიაა, რომელიც გვიყვება, რომ ზოგჯერ ხელმძღვანელის ხელით „დაკრეფილი იები“ საუკეთესო მოტივატორი შეიძლება აღმოჩნდეს თანამშრომლებისთვის.
ადამიანურ რესურსებზე, როგორც ღირებულებების გაზიარების სფეროზე შემდეგმა სპიკერმა, სერგო ნოზაძემაც ისაუბრა თემით – „კადრია ადამიანი?!“ ,,კრისტალის” ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა HR გაშიფრა არა როგორც Human Resources, არამედ როგორც Human Rights და Human Relationships. საინტერესო დეტალია ის, რომ ამ გამოსვლამ აუდიტორიას კომპანია დაანახა ისეთ გარემოდ, რომელიც მომხმარებელზე მორგებულობისთვის, საჭიროა პირველ რიგში თანამშრომლებს მოერგოს და შეუქმნას ხელსაყრელი, კომფორტული სივრცე.
მომდევნო გამომსვლელი კომპანია „საბვეის“ წარმომადგენელი, გივი ორდენიძე იყო, რომელმაც ძირითადი აქცენტი პიროვნულ შესაძლებლობებსა თუ კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე გააკეთა და აღნიშნა რომ ზოგჯერ სწორედ ეს ყველაფერია გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე მნიშვნელოვანი.
შემდეგი სპიკერი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვებისგან. ის საქართველოს რაგბის გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰაიჰი გახლდათ. ბუნებრივია მას HR-ობის გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ამ სფეროს წარმომადგენლებს გუნდური მუშაობისთვის რჩევები მისცა და განსაკუთრებული ყურადღება სწორად არჩეული კომუნიკაციის ტიპს მიანიჭა.
თამარ ქლიბაძე, რომელიც “ევროპაბეთის” HR-ია, ყველაზე განსხვავებული გამოდგა და საკუთარი გამოსვლა დარბაზის აცეკვებით დაიწყო, შემდეგ კი აუდიტორიას განუცხადა, რომ ნებისმიერ პროფესიაში მთავარია ცვლილებები. შესაძლოა, აუდიტორიის წინ მდგარმა უეცრად სიტყვით გამოსვლის ნაცვლად, ცეკვა მოინდომო და ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, რადგან ცვლილებებს სიახლის, სწავლებისა და გამოცდილების გავლით განვითარებამდე მივყავართ.
მომდევნო გამომსვლელმა ახალი მუხტი შესძინა აუდიტორიას და „ბრენდამიანზე“ ისაუბრა. ეს ტერმინი ალექსი ჩიქოვანმა, რომელიც სააგენტო “LIVE-ის” დამფუძნებელი და ბრენდინგ კონსულტანტია, იმისთვის გამოიყენა, რომ აღეწერა სიტუაცია, სადაც თითოეული თანამშრომელი კლიენტთან ურთიერთობისას ბრენდის სახე და თავად ბრენდიც კი ხდება.
სპიკერების გამოსვლის ნაწილი იან სტეფანმა დაასრულა, PWC აკადემიის ევრაზიის ლიდერმა, რომლის თემაც იყო „Workforce of the future – the competing forces shaping 2030“. ის ისეთ დიად მიზნებსაც შეეხო, როგორიცაა მსოფლიოს უეთესობისკენ შეცვლა და მთავარი რჩევა HR-ებს ნიჭიერი ადამიანების მოფრთხილების შესახებ მისცა.
სპიკერების საუბრის პარალელურად სხვადასხვა ოთახში დაიწყო ვორქშოპები, სადაც კომპანიის წარმომადგენლები უნიკალურ გამოცდილებას უზიარებდნენ და რჩევებს აძლევდნენ აუდიტორიას. ვორქშოპებში წარმოდგენილნი იყვნენ „პსპ დაზღვევა“, „დეველორი“ და „გრანთ თორნთონ საქართველო“. Networking-ის ოთახებში კი შეხვდებოდით „პალიტრა მედია ჰოლდინგს“, „Teamboat“-სა და “M2 Rent“-ს. ვორკშპების გარდა გაიმართა პანელ დისკუსიაც თემით „ქართული მენეჯმენტის თავისებურებები“.
საბოლოოდ, ღონისძების ფარგლებში HR-ის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა ნეთვორქინგ აქტივობასა თუ დისკუსიაში მონაწილეობით შესაძლებლობა მიეცათ ადამიანურ რესურსებში არსებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გაეღრმავებინათ.
მთლიანი ღონისძიების განმავლობაში წარმოდგენილი ყველა სპიკერი საბოლოოდ რამდენიმე ძირითადი თემის ირგვლივ გაერთიანდა. მათ სრულიად უგულებელყვეს საბჭოური ტერმინი „კადრი“, რომელიც ჩაანაცვლეს უბრალო სიტყვით „ადამიანი“, რამაც თავისთავად HR სფეროში წინ წამოწია ღირებულებები, ურთიერთობები და მეგობრული კორპორატიული გარემო. გამოიკვეთა ისიც, რომ ადამიანური რესურსები არის სფერო, რომელშიც ცოდნასა და პროფესიონალიზმს ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამუშაო გარემოდან აგროვებს. დღეს უკვე შემდგარი და პროფესიონალი HR კარიერულ საფეხურებს, შესაძლოა, დღეს წარმოდგენილი სპიკერების მსგავსად, დაცვის სამსახურით (ნინა ბართაია), ან საბაჟოზე მუშაობით (სერგო ნოზაძე) იწყებდნენ.
მთავარი ადამიანური ურთიერთობებია.