Hotel Coste, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, საქმიან სტუმრებს თბილისში საერთაშორისო მასშტაბით მასპინძლობდა. ბუნებრივია, კრიზისი მის ფუნქციონირებაზეც უარყოფითად აისახა, თუმცა, ეპიდსიტუაციის შემსუბუქებასთან ერთად, სამუშაო პროცესებიც აღდგა.
ახალი გამოწვევებისა და რთულ ვითარებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, გთავაზობთ ინტერვიუს თამარა ბაღდავაძესთან.
როგორ ჩაიარა სასტუმროს გახსნამ?
სასტუმრო Coste, კალენდრის მიხედვით, მოგვიანებით უნდა გახსნილიყო, თუმცა აკრძალვები შემსუბუქდა, თარიღმა გადმოიწია და, წინასწარ დაანონსებული თარიღების მიუხედავად, ორი კვირით ადრე დავიწყეთ მომსახურება.
თავდაპირველად რესტორნის ღია სივრცეები გავხსენით, სასტუმროს აქვს ორი ვერანდა და დავტვირთეთ გარე სივრცეები. პირველ ორ კვირაში საკმაოდ მაღალი მიმოსვლა გვქონდა, ბევრი სტუმარი მოვიდა – ალბათ, მონატრებულები სოციალურ ურთიერთობებს და ერთმანეთის ნახვას. 8 ივნისიდან რესტორნის შიდა სივრცეც გაიხსნა.
ხანგრძლივ პაუზას, ალბათ, თან ახლდა სირთულეებიც, რა პრობლემებთან მოგიწიათ გამკლავება?
ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად, სამსახურში თანამშრომელთა მხოლოდ 30%-ის შენარჩუნება მოვახერხეთ. სამწუხაროდ, სხვაგვარად მოგვიწია „გადალაგება“, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, პირველი ივლისიდან, როდესაც საზღვრები გაიხსნება და სასტუმროში ჯავშნები გაჩნდება, მეტ თანამშრომელს აღვიდგენთ და ფეხზე უფრო მყარად დავდგებით.
გვაქვს მოლაპარაკებები ბევრ ტურისტულ კომპანიასთან, მაგრამ „გაიდლაინები“, ჯერჯერობით, მათთვისაც არ არის ნათელი. არ იციან დაზუსტებით, თუ რა პირობებით გაყიდონ ტურისტული პაკეტები, ბუნდოვანია, თუ რა მოთხოვნები უნდა გაიარონ საზღვარზე ტურისტებმა, რათა უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ ქვეყანაში.
როგორი მოლოდინები გაქვთ უახლოესი მომავლისგან?
ამჟამად ძალიან რთულია წინასწარი პროგნოზების გაკეთება, თუმცა საკმაოდ პესიმისტური მოლოდინები გვაქვს. გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ყველაზე საინტერესო უნდა ყოფილიყო სასტუმროებისთვის და, ფაქტობრივად, უკვე ჩავარდნილად შეიძლება მივიჩნიოთ. საერთოდ, მიმდინარე წლის მაჩვენებლებს ძალიან დაბალს ველოდებით და 2021-დან, თუ არ განმეორდა, ვირუსის მეორე ტალღა, ვფიქრობ, კალაპოტში დაიწყებს ჩადგომას ეს ბიზნესი. წელს კი ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ გუნდის შენარჩუნება და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებაა. თუმცა, ჩვენი ჯგუფის მიმდინარე ახალი პროექტები ოდნავ შეფერხებით, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება შემდეგი წლიდან.
რა სახის დახმარება გაგიწიათ სახელმწიფო სტრუქტურებმა?
უნდა ითქვას, რომ საკმაოდ საინტერესო პაკეტები შეიქმნა ტურიზმის სექტორის დასახმარებლად – ქონების გადასახადი მთლიანად მოიხსნა, საშემოსავლოს გადასახადის ნაწილი სუბსიდირებული იქნება და გადაწეულია ცხრა თვით. ასევე, გაჟღერდა წინადადება სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციების მხრიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის დღგ-ის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. ევროპაში არის გამოცდილება, როდესაც რესტორნებისთვის 5%-ც კი არის შემცირებული დღგ-ის გადასახადი. აქ კი იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ 18%-ის ნაცვლად, რესტორნებს დღგ 9% დაეკისროს, თუმცა ამაზე ჯერ დადებითი პასუხი არ მიგვიღია.
რა არის თქვენი მთავარი ორიენტირი და პრინციპები კრიზისულ ვითარებაში წონასწორობის შესანარჩუნებლად?
ჩვენ ბევრი გამოწვევა გველის წინ და, ვცდილობთ, ხარისხი არ დავკარგოთ. აუცილებლად საუკეთესო ხარისხს შევთავაზებთ სტუმრებს. ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით მივყვებით და შევასრულებთ, რათა სტუმრებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ჩვენ გვესმის, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დადებითად უნდა შევინარჩუნოთ და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მომსახურების სფეროს. რა თქმა უნდა დანახარჯები გაზრდილია, მაგრამ ჩვენ არ ვაძვირებთ მომსახურებას, ვინაიდან, მგონია, რომ უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ ამ ვითარებაში.
ჩვენი სურვილია, საქართველოს პოზიციონირება, როგორც ტურიზმისთვის ხელსაყრელი და მიმზიდველი ქვეყნისა, არ ჩამოიშალოს და შევინარჩუნოთ ღირსეული ბალანსი. სასტუმრო Coste თბილისში მდებარეობს და, ძირითადად, საქმიანი ვიზიტორები გვსტუმრობდნენ. საქმიანი კონფერენციები აქ ხშირად ტარდებოდა, ახლა კი ყველა მსგავსი შეხვედრა Zoom-ში იმართება. ფაქტობრივად, Zoom-მა მომსახურების ამ სეგმენტს დიდი კონკურენცია გაუწია და მომავალშიც გაუწევს მსოფლიო მასშტაბით.