ჰონგ-კონგი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. სწორედ ამ მიზნით, ქალაქში ელექტრონული სამაჯურების ტარება სავალდებულო ხდება. რამდენიმე დღის წინ (16 მარტს) ჰონგ-კონგმა დააანონსა, რომ 19 მარტიდან აბსოლუტურად ყველა, ვინც საერთაშორისო მოგზაურობიდან დაბრუნდება, 2-კვირიან კარანტინს გაივლის.
სამაჯურები უკავშირდება სმარტფონებში ჩატვირთულ სპეციალურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც მთავრობა დანამდვილებით გაიგებს იმას, თუ რამდენად დაიცვა ადამიანმა საკარანტინო წესები.
აღნიშნული წესის შემოღებამდე, ჰონგ-კონგში ჩასული თითოეული ადამიანი ავსებდა ფორმას, რომელშიც უთითებდა, რა გზით სურდა მთავრობისათვის ლოკაციის გაზიარება – მესიჯების პლატფორმით (იქნება ეს WeChat, WhatsApp, სხვ.), თუ ელექტრონული სამაჯურით. 19 მარტიდან კი მათ არჩევანის საშუალება აღარ ექნებათ, რადგანაც სამაჯურების ტარება სავალდებულო ხდება.
აღსანიშნავია, რომ ვინც სამაჯურის ტარების წესებს დაარღვევს, დაჯარიმდება $650-ით და 6-თვიანი პატიმრობით. ჰონგ-კონგი ამჟამად 60 000 ელ.სამაჯურს ფლობს, საჭიროების შემთხვევაში კი, როგორც მთავრობა აცხადებს, მათ რაოდენობას აუცილებლად გაზრდის.