საშინაო სკოლა და რჩევები მშობლებისთვის კემბრიჯის ექსპერტებისგან

პანდემიის დროს უამრავმა ადმიანმა აღმოაჩინა, რომ ძალიან რთულია აკეთო შენი საქმე სახლიდან იმ დროს, როცა ბავშვი სწავლობს და მეცადინეობს.

ბრიტანული საგანმანათლებლო ორგანიზაციის – The Sutton Trust–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელი მშობლების მხოლოდ 42% გრძნობს თავს თავდაჯერებულად, თავიანთ შვილებს სახლშივე ასწავლონ და მისცენ განათლება.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ერთ ღამეში ვერ გახდებიან კვალიფიცირებული მასწავლებლები, არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით. კემბრიჯის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ხუთი მკვლევარი გთავაზობთ მარტივ გზებს, რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია ხელი შეუწყოს ბავშვთა განათლებას, მიუხედავად არსებული გამოცდილებისა.

ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან, ადრეული ასაკიდანვე ცდილობენ შეისწავლონ თავიანთი გარემო და სვამენ შეკითხვებს. საშინაო სკოლა საშუალებას აძლევს მშობლებს უფრო მეტად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში.

თვითგამორკვევის თეორიის თანახმად (Self-Determination Theory), ყველა ადამიანი ბუნებრივად მომართულია განვითარებისკენ, ასაკის მიუხედავად, თუმცა ამ განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელია სამი ძირითადი პირობის დაკმაყოფილება:

  • კომპეტენცია: ადამიანებთან ურთიერთობის დროს ეფექტურობის განცდისა და გამოცდილების ქონა, თავდაჯერებულობა საკუთარ იდეებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით.
  • ავტონომია: იმის განცდა, რომ საკუთარ ქცევებს ვაკონტროლებთ და თავად ვირჩევთ.
  • კავშირი: სხვებთან ურთიერთობისა და კავშირის დამყარების შეგრძნება, სხვებისადმი ზრუნვა და მათი მოვლა-პატრონობა.

ამგვარად, იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ განვითარების საშუალება, კარგად გრძნობდნენ თავს და იყვნენ მოტივირებულები სწავლისთვის, უნდა დავრწმუნდეთ, სრულდება თუ არა ეს პირობები.

ეძლევა თუ არა ბავშვებს ისეთი დავალება, რომელიც ესმით და თავს კომპეტენტურად გრძნობენ? ამჩნევენ თუ არა პროგრესს? ფიქრობენ, რომ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას? ხედავენ, რომ მათზე ზრუნავენ?

ეს ყველა პირობა ხშირად ისედაც სრულდება; მშობლები სვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ, როგორ გრძნობენ თავს სასკოლო დავალებებთან მიმართებაში, აქებენ, როცა შეიმჩნევა პროგრესი, არ აკრიტიკებენ შეცდომის დაშვების შემთხვევაში და აჩვენებენ, რომ ეს შეცდომები სწავლის პროცესის ნაწილია – და იმედგაცრუების შეგრძნება ნორმალურია.

მშობლებსა ასევე შეუძლიათ შვილებს არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცენ, თუ როგორ უნდა გააკეთონ საქმე თავიანთი ინტერესების შესაბამისად.

მშობლების უმეტესობას აქვს ტენდენცია, რომ სრულიად თავიანთ თავებზე აიღონ სასკოლო კურიკულუმის დაფარვა და შესრულება, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების ჩართულობა მათემატიკის სწავლის პროცესში ყოველთვის არ იწვევს გაუმჯობესებულ შედეგს. ხშირად მშობლების ზედმეტ მონდომებას საპირისპირო შედეგიც კი აქვს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მშობლებს ყოველთვის არ აქვთ საჭირო უნარები და ცოდნა, მათემატიკის დარგში იყვნენ ეფექტური მენტორები. მაგალითად, უბრალოდ, ამოცანის ამოხსნა, სწორი პასუხის მოძებნა ან სპეციფიკური მეთოდის გამოყენება, ხშირად არ უწყობს ხელს საგნის გაგებას და საბოლოოდ, სწავლისა და განვითარების თვალსაზრისით უფრო მეტ ზიანს აყენებს ბავშვს, ვიდრე სარგებელს.

კვლევის მიხედვით, სწავლების ეფექტურობისთვის შეიძლება დამხმარე საშუალებად ტელევიზია და რადიოც მივიჩნიოთ.

ასევე, საგნების შესწავლის პროცესში ყოველივე ზემოთქმულის კომბინირება თამაშთან და მსგავს ხერხებთან შეიძლება ბავშვებისთვის სასარგებლო იყოს – იქნება ეს მათემატიკის, ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკის, ისტორიის თუ სხვა საგნის შესწავლის პროცესი, მთავარია ბალანსის დაცვა.

მიუხედავად წინარე ცოდნისა და საქმიანობისა, ნებისმიერ მშობელს შეუძლია სახლში სწავლების პროცესი წარმატებულად წარმართოს – და ეს პროცესი ბევრად უფრო სახალისო, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

წყარო: University of Cambridge