1945 წლის 8 მაისი. ომი დასრულდა. ქუჩებში გამოფენილი ხალხი ფაშიზმის ბოროტების დამარცხებას ზეიმობს. ერთი ქალი გზას მიიკვლევს ამ თვალუწვდენელ ნაკადში და იდუმალი ღიმილი დასთამაშებს ბაგეზე. სხვებზე მეტად ეზეიმება, რადგან იცის, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის თავისი აღმოჩენის წყალობით. ხელში უჭირავს უცნაური ფორმის მოლეკულური სტრუქტურა ‒ პენიცილინის სამგანზომილებიანი სივრცული მოდელი, რომლის აგებასაც მრავალი წელი შეალია. რენტგენული კრისტალოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სპეციალისტი მიაბიჯებს ბრბოში და თან სიხარულს ვერ ფარავს. საკუთარი აღმოჩენა უნდა აჩვენოს კოლეგებს, ერნსტ ჩეინს და ფლორის. ამ მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს ‒ რვა თაგვს ორგანიზმში შეუყვანეს ბაქტერიის სასიკვდილო დოზა, მაგრამ ოთხ მათგანს პენიცილინის ინექციაც გაუკეთეს. ოთხი თაგვი გადარჩა, ოთხი კი მოკვდა. მრავალი მეცნიერი ცდილობდა პენიცილინის სტრუქტურის გაშიფვრას, თუმცაღა, ხელი აიღეს ამ საქმეზე; შეუძლებელ მისიად მიიჩნიეს, რამეთუ კრისტალოგრაფია არ იყო განვითარებული. ამ დიდ აღმოჩენამდე მისვლა დაისახა მიზნად დოროთი ქროუფუთ ჰოჯკინმა და ხელით შეასრულა ყველა ურთულესი მოლეკულური კალკულაცია, პატერსონის გარდაქმნის ფუნქცია, დახატა ატომთა განლაგების თვალსაჩინო სურათი, რენტგენული დიფრაქციის წყალობით მიღებული გამოსახულებები გარდაქმნა უცხადეს სივრცულ მოდელად და გაშიფრა იმხანად ყველაზე საჭირო ანტიბიოტიკის, პენიცილინის აგებულება. იმ მეცნიერებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პენიცილინი მხოლოდ ბაქტერიოლოგებისათვის გახდებოდა საინტერესო, არ ექნებოდა დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა და ვერ გადაარჩენდა ბაქტერიული ინფექციებით დატანჯულ ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე დაშავდნენ. დოქტორმა ქროუფუთმა დაამტკიცა, რომ ბაქტერიის მკვლელი პენიცილინის სამედიცინო მიზნებით გამოყენება დიდი გარღვევა იქნებოდა მედიცინაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა. ამ აზრს იზიარებდნენ ჩეინი და ფლორი, მაგრამ არ დაუწყიათ სტრუქტურის გასაშიფრად მუშაობა. დოროთიმ აღმოაჩინა, რომ ეს ნივთიერება ბეტა ლაქტამს შეიცავდა.
ჰოჯკინს, ამ ამბიციურ ახალგაზრდა მეცნიერ ქალს, რომელიც მოღვაწეობდა იმ დარგში, რომელშიც მამაკაცები დომინირებდნენ, სწორედ შეუძლებლის ჩადენა იზიდავდა. გასაშიფრად ირჩევდა იმ მოლეკულებს, რომელთა სტრუქტურის ამოცნობაც სხვა სწავლულებს სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, ან მრავალჯერ უცდიათ კიდეც, მაგრამ ხელი მოსცარვიათ. მიყოლებით ირჩევდა ერთმანეთზე რთულ ბიომოლეკულებს. არათუ არ ერიდებოდა სიძნელეებს, არამედ გამალებით დაეძებდა.
ალბათ, სწორედ ეს შემართება, საკუთარი თავის ურყევი რწმენა და ნებისყოფა იყო ის, რაც ბავშვობიდანვე გამოარჩევდა 1910 წლის 12 მაისს, კაიროში დაბადებულ დოროთის. ათი წლის იყო, როცა ქიმიამ გაიტაცა და კრისტალური სტრუქტურების მშვენიერებამ მონუსხა. საკუთარი სახლის სხვენში მოაწყო ლაბორატორია, მშობლების მეგობარ ქიმიკოსებს უხმო და მათი დახმარებით ჩაატარა ცდები. როცა ხელში ჩაუვარდა სახელმძღვანელო, რომელშიც რენტგენული დიფრაქცია და კრისტალური სტრუქტურები იყო აღწერილი, გადაწყვიტა, ამ დარგში ეცადა ბედი. სკოლაში სწავლისას აღმოაჩინა, რომ გოგონებს არ ჰქონდათ ქიმიის გაკვეთილებზე დასწრების უფლება. მხოლოდ ბიჭები სარგებლობდნენ ამ პრივილეგიით. დოროთიმ დაიჟინა, აუცილებლად ვეწევი საწადელსო და თხოვნით მიმართა სასწავლებლის დირექციას. აი, ასე გახდა პირველი გოგონა, რომელსაც ქიმიის შესწავლის ნება დართეს იმ სკოლაში. დოროთის დედა, გრეის მერი ქროუფუთი, ამხნევებდა და მოუწოდებდა, არ დანებებულიყო. თავად არქეოლოგი იყო და იცოდა, რომ მეცნიერი ქალები გამუდმებით ხდებოდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი.
გამოხდა ხანი და ქროუფუთი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. წარჩინებით დაამთავრა ქიმიის ფაკულტეტი. როცა კემბრიჯის კვლევითი სტიპენდია მოიპოვა, გაიცნო მემარცხენე პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებთან დაახლოებული მეცნიერი, ჯონ დესმონდ ბერნალი, რომელიც მისი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი გახდა. ბერნალი იმ თვალსაზრისითაც იყო გამორჩეული, რომ ხელს უწყობდა მეცნიერ ქალებს და არ იყო პატრიარქალური და სექსისტური ცრურწმენებით შეპყრობილი. ეს კაცი თავიდანვე აღაფრთოვანა დოროთის ჭკუა-გონებამ; შეამჩნია, რომ ახალგაზრდა არ უფრთხოდა არავითარ სირთულესა და მძიმე შრომას. ბრწყინავდა იქ, სადაც სხვები ფარ-ხმალს ყრიდნენ. ოსტატურად იყენებდა პატერსონის ე.წ. „სუპერპოზიციის მეთოდს“, განსაზღვრავდა კრისტალში ატომთა განლაგებასა და ატომთა შორის სივრცეს.
სადოქტორო ნაშრომის დაცვის შემდეგ მან გააგრძელა სტეროლთა კვლევა, ქოლესტეროლ იოდიდის სტრუქტურა გაშიფრა რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეშვეობით და დაწვრილებით აღწერა თითოეული ატომის მდებარეობა კრისტალში.
მათმა მონუმენტურმა საავტორო სტატიამ, რომელიც პეპსინს ეხებოდა და ჟურნალ „Nature“-ში დაიბეჭდა, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა პროტეინულ კრისტალოგრაფიას.
ოქსფორდის სომერვილის კოლეჯში დაბრუნების შემდეგ დოროთიმ საკუთარი ლაბორატორია მოაწყო. 1934 წლის ოქტომბერში ის გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც რენტგენული კრისტალოგრაფიის მეთოდის დახმარებით მიიღო ინსულინის კრისტალიზებული ფორმის დიფრაქციული სურათები.
მისი ლაბორატორია ერთი ძველი, გოთური სტილის შენობის ბნელ სიღრმეში, ერთფანჯრიან ოთახში იყო მიმალული. კარიც კი არ ჰქონდა. მორყეული, პატარა კიბით შედიოდა შიგნით და გარეთ გამოსვლაც ასე უხდებოდა. ძლიერ უჭირდა საფეხურებზე ასვლა-ჩამოსვლა, რადგან რევმატოიდული ართრიტი აწუხებდა. რაკი ქალი იყო, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ აძლევდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართვის უფლებას. სრულიად მოწყვეტილი იყო აკადემიურ ცხოვრებას. სქესის გამო არ აღიქვამდნენ სერიოზულად. როცა ლექტორად დანიშვნის თხოვნით მიმართა დირექციას, უარით გაისტუმრეს. რიგიანი დანადგარებიც კი არ ჰქონდა ლაბორატორიაში და მეტად მძიმე პირობებში შრომობდა. ყოველნაირად ცდილობდა დაფინანსების წყაროს პოვნას, რათა უკეთესი აპარატები შეეძინა. ოქსფორდმა დააწესა ლიმიტი და არა მხოლოდ ლექტორი ქალების, არამედ სტუდენტი გოგონების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეზღუდა. აი, ამგვარ დაბრკოლებებს უქმნიდნენ მათ კარიერულ გზაზე. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტ ჰოჯკინს არასოდეს დაუყრია ფარ-ხმალი. მუდამ მტკიცედ სწამდა, რომ უთუოდ მიაღწევდა დასახულ მიზანს.
როცა დოროთიმ ვიტამინ B12-ის გაშიფვრა დაისახა მიზნად, იცოდა, ეს ბევრად უფრო ძნელი შეიქნებოდა, ვიდრე ქოლესტეროლ იოდიდისა და პენიცილინის კვლევა, რადგან ამ ვიტამინს მეტისმეტად რთული აგებულება გამოარჩევდა. ამ ნივთიერებას გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა სიცოცხლისათვის საშიში ანემიის მკურნალობის საქმეში. როცა ხელში ჩაუვარდა ეს ლამაზი, წითლად შეფერილი კრისტალები, სხივთტეხის ახალი აპარატის წყალობით გადაუღო ფოტოები და განსაზღვრა მოლეკულური მასა. მიუხედავად იმისა, რომ კრისტალები არსებობდა, მეცნიერებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ B12-ის სტრუქტურაზეც და ქიმიურ შემადგენლობაზეც. ქალმა აღმოაჩინა, რომ მოლეკულა კობალტის ატომს შეიცავდა; გააცნობიერა, რომ ვერ გაშიფრავდა ორგანზომილებიანი პროექციებით; რომ სამგანზომილებიანი დიაგრამები უნდა შეედგინა და პატერსონის გარდაქმნის მეთოდს მიჰყოლოდა. შეისწავლა მოლეკულის ოპტიკური მახასიათებლები და აღმოაჩინა, რომ იგი შეიცავდა შთანთქმის დიდი შესაძლებლობის მქონე სიბრტყით ჯგუფებს და ამ ჯგუფების ქიმიური შემადგენლობაც თავადვე განსაზღვრა. ამ ვიტამინის აგებულების ამოცნობა უდიდესი გამოწვევა იყო (თუკი გავითვალისწინებთ იმ ეპოქის ტექნიკურ პროგრესსა და კრისტალოგრაფიის განვითარების დონეს). აღწერა ამ ნივთიერების ასზე მეტი ატომის განლაგება და თვალსაჩინოდ გარდასახა ეს მონაცემები სამგანზომილებიან სივრცულ მოდელად. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი სრული ქიმიური სინთეზი. პრეპარატს დიდი სამედიცინო დატვირთვა მიეცა და შეუცვლელი როლი ითამაშა მომაკვდინებელი დაავადების, მეგალობლასტური ანემიის მკურნალობის საქმეში. რენტგენული კრისტალოგრაფიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და ნობელიანტმა, ლოურენს ბრეგმა, ბგერითი ბარიერის გარღვევის ტოლფასი მოვლენა უწოდა მის მიღწევას.
პრესამ ზარ-ზეიმით აუწყა საზოგადოებას ამ აღმოჩენის შესახებ და ეს ალექსანდრ ტოდის მიღწევად გაასაღა. დოროთის კოლეგები იხსენებენ: „ტოდი იყო პირველი, ვინც ისაუბრა ამ სტრუქტურის შესახებ 1955 წელს… ბოლოს, დოროთი წამოდგა და ნათლად განმარტა, ვინ რა აღმოაჩინა. ტოდი უბრალო ტექნიკოსებად მიგვიჩნევდა და ვერც კი ხვდებოდა, რა გავაკეთეთ!“
იძულებული გახდა, თავგამოდებით დაეცვა საკუთარი აღმოჩენა, რომლის მისაკუთრებასაც ცდილობდა კონკურენტი. მის ყველა ლექციას ესწრებოდა, განმარტავდა, ვინ იყო ნამდვილი აღმომჩენი. ჰოჯკინმა უთხრა თანამშრომლებს, რომ ტოდი და მისი ლაბორატორიის წევრები აპირებდნენ ევროპაში გამგზავრებას, ლექციების ჩატარებასა და ამ ღვაწლის მითვისებას. პროფესორმა დაარიგა ყველანი, რომ გაჰყოლოდნენ, დასწრებოდნენ მის ყოველ მოხსენებას, სიტყვის დასასრულს კი წამომდგარიყვნენ და ყველასთვის აეხსნათ, ვინ მოჰფინა ნათელი ვიტამინ B12-ის სტრუქტურასა და ქიმიურ ფორმულას. ის და მისი კოლეგები მუდამ ხაზგასმით აღნიშნავდნენ ყოველივე ზემოხსენებულს, მაგრამ მოგზაურობისას ხალხი ეკითხებოდა ჰოჯკინს, რას ფიქრობთ ვიტამინ B12-ის სტრუქტურაზე, რომელიც ტოდმა გაშიფრაო.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერი იკვლევდა ლაქტოგლობულინის, პეპსინისა და თამბაქოს მოზაიკური ვირუსის აგებულებას. როცა შეუდგა ინსულინის გასაშიფრად მუშაობას და კრისტალიზებულ ჰორმონს პირველად გადაუღო ფოტო, როგორც თავადვე აღნიშნა, ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი წუთი. დაიწყო პატერსონის სუპერპოზიციის მეთოდის დახმარებით გამოთვლა, 35 წელი შეალია ამ მოლეკულურ კალკულაციებს და 1969 წელს მიაღწია მიზანს ‒ ნათელი მოჰფინა ინსულინის სტრუქტურას. დოროთი დადიოდა უცხოეთში, სიტყვით გამოდიოდა სამეცნიერო კონფერენციებზე, ყველას უამბობდა მიღწეული პროგრესის შესახებ და აცხადებდა, რომ ინსულინს გადამწყვეტი როლი ექნებოდა დიაბეტის მკურნალობის საქმეში. რაკი აპარატი მოიკოჭლებდა, დოროთიმ თითქმის ოცდაათი წელი დაუთმო ტექნიკური დანადგარების დახვეწას, რათა მაღალი ხარისხის სურათები გადაეღო. ამბობდა, რომ ინსულინის აგებულების ამოცნობა მისი ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო. ამ მოდელის გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ინსულინის სამედიცინო მიზნებისათვის სინთეზირება. ამ მონაპოვარმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დიაბეტის მკურნალობის დონე.
1964 წელს, როცა ქროუფუთმა ნობელის პრემია მოიპოვა ქიმიის დარგში, პრესამ ხაზი გაუსვა არა მის აღმოჩენებს, არამედ სქესს. ასეთი სათაურებით აჭრელდა გაზეთები: „ბრიტანელმა ქალმა ნობელის პრემია მიიღო! სამშვილიანმა დედამ £18,750 მოიპოვა!“; „ერთ ოქსფორდელ დიასახლისს ნობელი მიანიჭეს!“; „სათნო იერის დიასახლისმა დაიმსახურა ნობელი ერთობ არადიასახლისური უნარისათვის“. ლონდონის სამეფო საზოგადოებამ სამეფო მედლითა და ქოფლის მედლით შეამკო. ჰოჯკინი გახდა მეორე ქალი, რომელსაც დამსახურების ორდენი გადასცეს.
ქალი იღვწოდა სოციალური თანასწორობის მისაღწევად, გმობდა ატომური იარაღის გამოყენებას, იბრძოდა მასობრივი განადგურების საშუალებათა შექმნის შესაჩერებლად, ესწრაფოდა კონფლიქტების აღმოფხვრას, ილაშქრებდა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, დაუფარავად აკრიტიკებდა ამერიკას ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე თავდასხმის გამო… ამ მიზეზით და მემარცხენე წრეებთან დაახლოების გამო, შეერთებული შტატების საელჩომ ვიზა არ მისცა, როცა დოროთიმ სამეცნიერო კონფერენციაზე დასწრება მოისურვა. განაწყენებული ქიმიკოსი ბერნალთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში, იქაურ მეცნიერებთან შესახვედრად. საბჭოთა კავშირმა დიდი პატივით მიიღო და ორი საპატიო ჯილდოც გადასცა: ლომონოსოვის ოქროს მედალი და ლენინის სახელობის პრემია. ბულგარეთის მთავრობამ დიმიტროვის პრიზით დააჯილდოვა. რუსმა მეცნიერმა ქალმა, ლუდმილა კარაჩკინამ, აღმოაჩინა ასტეროიდი 5422 და მის პატივსაცემად უწოდა ჰოჯკინის ასტეროიდი. კრისტალოგრაფი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრადაც აირჩიეს. 1975–1988 წლებში, ქროუფუთი „პაგუოშის კონფერენციების“ თავმჯდომარის ტიტულს ატარებდა. ეს სივრცე აერთიანებდა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ მეცნიერებს, რომლებიც ემხრობოდნენ განიარაღების პოლიტიკას და იბრძოდნენ მშვიდობის დასამყარებლად. ქალი იაზრებდა, რომ მეცნიერებას სოციალური პასუხისმგებლობაც ეკისრებოდა და სწავლულთ ძალ-ღონე არ უნდა დაეშურებინათ ადამიანთა ტანჯვის დასასრულებლად და უკეთესი სამყაროს შენების საქმეში წვლილის შესატანად. მარგარეტ ტეტჩერმა, რომელიც დოროთის სტუდენტი იყო ოქსფორდში სწავლისას, მიუხედავად მისი პოლიტიკური იდეებისა და მემარცხენე წრეებთან აფილირებისა, ამ გამოჩენილი მეცნიერის პორტრეტი ჩამოკიდა დაუნინგ- სტრიტზე.
რევმატოიდული ართრიტი იყო დიაგნოზი, რომელიც ახალგაზრდობაში დაუსვეს ქიმიკოსს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ითმენდა ხელების, ფეხებისა და სახსრების ტკივილს. ისე უსივდებოდა კიდურები, ფანქრის აღებაც კი უჭირდა, თუმცა, არ კარგავდა მხნეობას და განაგრძობდა მუშაობას. როცა მოხუცდა, ისე გაუმწვავდა დაავადება, ეტლს მიეჯაჭვა. თითქმის დავრდომილი წერდა სამეცნიერო სტატიებს. 1993 წელს, ეტლში ჩამჯდარმა გადაწყვიტა პეკინში გამგზავრება, რათა კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირის კონგრესს დასწრებოდა. კოლეგები აღფრთოვანდნენ მისით. ერთი წლის შემდეგ, 1994 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა ილმინგტონში.
ამ პიონერმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მეცნიერების მრავალი დარგის განვითარებაში; ფოტოგრაფიულ ფირზე აღბეჭდილი, პაწია ლაქები და ბუნდოვანი მათემატიკური ფორმულები გარდაქმნა თვალსაჩინო მოდელებად. იმხანად, მრავალწლიანი ჯაფა იყო საჭირო ამ საქმის დასასრულებლად, დღეს კი კომპიუტერი ელვის სისწრაფით შეასრულებს ამ მოლეკულურ კალკულაციებს. სამაგალითოა მისი თავდადება და შეუპოვრობა, რადგან წარმატებას მიაღწია მაშინ, როცა მისმა მეტოქეებმა მარცხი იწვნიეს რთული მოლეკულების გაშიფვრისას. დაადასტურა თავისი იდეები, სამუდამოდ შეცვალა ქიმიის, ფიზიკური ქიმიისა და კრისტალოგრაფიის ისტორია. მისი გამორჩეულობის ნიშანი სწორედ ისაა, რომ არასოდეს სჯერდებოდა მიღწეულს, არ კმაყოფილდებოდა არსებულით და უფრო და უფრო მაღალი მწვერვალებისაკენ მიისწრაფვოდა.