მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტანსაცმლით მოვაჭრე შვედურმა კომპანიამ H&M განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 250-მდე მაღაზიის დაკეტვას გეგმავს. გეგმა მომავალი წლის ბოლომდე შესრულდება, როდესაც, Covid-19 პანდემიის გამო, გაცილებით მეტი მომხმარებელი გადაინაცვლებს ონლაინ მაღაზიებში.
Photo credits to Business of Fashion
სექტემბერში H&M-ის გაყიდვები ნაწილობრივ აღდგა, თუმცა, გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან შედარებით, წლევანდელმა გაყიდვებმა 5%-ით იკლეს.
ცნობისთვის, შვედურ ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით სულ 5,000 მაღაზია აქვს და დასაქმებული ჰყავს 126,380-მდე ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება საქართველოში მდებარე H&M-ის სამ მაღაზიას.
კომპანიის განხცადებით, ამ ეტაპზე ძნელია იმ ქვეყნებისა თუ ქალაქების დასახელება, რომლებშიც აღნიშნული პოლიტიკა განხორციელდება. ყველა ქვეყნის ბაზარი ერთმანეთისგან განსხვავდება და, შესაბამისად, განხსვავდება მოთხოვნაც. ამიტომ H&M-ის ანალიტიკოსები აქტიურად შეისწავლიან სხვადასხვა ბაზარს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მისი სპეციფიკიდან გამომდინარე მიიღებენ.
BBC-ისთან ინრეტვიუში ეკონომიკური ანალიტიკოსი რიჩარდ ლიმი აცხადებს, რომ პანდემიისას ადამიანები ნაკლებად სტუმრობენ ქუჩებში განთავსებულ მაღაზიებს და ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის მოზომვისგან თავს იკავებენ. ძირითადად, მომხმარებლები სავაჭრო ბაზრობებსა თუ ინტერნეტ მაღაზიებში ყიდულობენ სასურველ პროდუქტებს. სწორედ ამ ახალ ტენდენციას ეფუძნება H&M-ის გადაწყვეტილებაც მაღაზიების დახურვასთან დაკავშირებით.