“Heart-Based Leadership-ის” ძალა | ინტერვიუ მარი რაიგ ფლორენსასთან

კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალმა, Ad Black Sea-მ, ბათუმში მეშვიდე სეზონი დაასრულა. სამდღიანმა ღონისძიებამ წელს, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან 1300-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი ლიდერების გამოსვლებში, პანელურ დისკუსიებში, ვორქშოფებსა და დაჯილდოების ცერემონიალში. წელს, გრანპრი აზერბაიჯანულ Endorphin-ს ერგო.

წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული მომხსენებლებით გამოირჩეოდა, მათ შორის იყვნენ ‒ რორი საზერლენდი, მარკ პოლარდი, რიკარდო ვოლფი, აგა იონსდოტირი და მათ შორის ჩვენი რესპონდენტი, ე.წ. “Heart-based” ლიდერშიფის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ცნობილი ექსპერტი მარი რეიგ ფლორენსა. კრეატიულ ინდუსტრიებში ორ ათწლეულზე მეტი სამუშაო გამოცდილებით, მარის არატრადიციული და ერთობ ინოვაციური მიდგომა ადამიანურ ღირებულებებს, კრეატიულობასა და გულს შორის სიღრმისეული კავშირის შესწავლით, ლიდერობის ახალი განსაზღვრების პოვნას ისახავს მიზნად.

ფოტო: Ad Black Sea, Marie Reig Florensa

მარი წლების განმავლობაში ცდილობს დაგვანახოს, თუ როგორ შეუძლია გულზე დაფუძნებულ ლიდერობას უზრუნველყოს ორგანიზაციებისა და ინდივიდების მდგრადი განვითარება, ხელი შეუწყოს როგორც სრულფასოვანი კავშირების ჩამოყალიბებას ასევე, მიზნებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

მარის მისია ნათელია: ღირებულებებისადმი ერთგულების შენარჩუნებასთან ერთად, მხარი დაუჭიროს კრეატიულ ლიდერებს, გუნდებს და ორგანიზაციებს საკუთარი პოტენციალის სრულად მიღწევაში. კრეატიულ ინდუსტრიებში 20 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, მარიმ დახვეწა გულზე დაფუძნებული ქოუჩინგის მეთოდოლოგია, მისი ფილოსოფია ეყრდნობა ექსპერტ-პრაქტიკოსთა ნამუშევრებს, თანამედროვე აკადემიურ და სამეცნიერო კვლევებსა და ანტიკურ კულტურათაშორის არსებულ სულიერი ფილოსოფიის საფუძვლებს.

სანამ ინტერვიუს ძირითად კითხვებს ჩავუღრმავდებით, მარის Ad Black Sea-ის პერსპექტივისა და რეგიონსა და ქვეყნისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ვკითხეთ.

„მიმაჩნია, რომ Ad Black Sea ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურად დაგეგმილი ღონისძიებაა. ფესტივალი ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული სულისკვეთებით, რომელსაც ის დასაბამიდან აფრქვევს. ფესტივალის მიდგომა საკუთარი ხედვის, მისიისა და ღირებულებების გადმოცემაში ჩემთვის, როგორც გარეშე პირისთვის, შთამბეჭდავია, რაც ღონისძიებაზე მომუშავე გუნდის პროფესიონალიზმსა და სწორ ღირებულებებში ითარგმნება. დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც სავსეა გამოწვევებით, ეს ინდუსტრია გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში“, – გვიყვება მარი.

ფლორენსას აზრით, Ad Black Sea-ი წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მთლიანად ინდუსტრიის სტანდარტებს მაღლა სწევს, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურ დონეზე.

ამ სფეროში, მარის მოგზაურობა მსოფლიო მშვიდობაზე ფიქრით დაიწყო, რომელიც მის გონებას პატარა ასაკიდან იკავებდა. ამ თანდაყოლილმა ცნობისმოყვარეობამ და სამყაროს მდგომარეობის შესახებ შფოთმა, გაუღვივა ინტერესი ადამიანის ბუნებისა და მისი როლის გააზრებაში სამყაროს დიდ სქემაში. ასაკის მატებასთან ერთად, მისმა დაუშრეტელმა მონდომებამ იგი ჰუმანისტი და ცოდნის მაძიებელი გახადა. ადამიანი, რომელიც სამყაროს უკეთ შეცნობისთვის, სხვადასხვა ძირძველი სიბრძნისა და ტრადიციებს შორის კავშირების პოვნას გამუდმებით ცდილობს.

ფოტო: Ad Black Sea, Marie Reig Florensa

„ცნობისმოყვარეობამ მიბიძგა გავმხდარიყავი ჰუმანისტი, რომელიც სამყაროს უკეთ შესაცნობად, სხვადასხვა სიბრძნისა და ცოდნის სისტემების დაკავშირებას ცდილობს. როდესაც კარიერას კრეატიულ ინდუსტრიის ერთ-ერთი მიმართულებით, ტელევიზიაში ვაგრძელებდი, ლიდერობის უნიკალური სტილი აღმოვაჩინე, რომელიც რეზონანსული აღმოჩნდა როგორც კლიენტებთან, ასევე ჩემს გუნდთან მუშაობისას. მივხვდი, რომ სიყვარულით, განსჯის გარეშე ვხელმძღვანელობდი და ენერგიების დონეზე ვუკავშირდებოდი სხვებს. ამ ყველაფრის გაცნობიერებამ ლიდერობის სიღრმისეული შესწავლისკენ მიბიძგა. ჩემი მიზანი ძველი სიბრძნეების თანამედროვე კვლევებთან შერწყმა და კავშირების პოვნა იყო, რაც გულზე დაფუძნებული ლიდერშიფის ჩემეული მიდგომების ჩამოყალიბებით დასრულდა“, – მიზიარებს ფლორენსა.

რამდენჯერმე ახსენეთ კრეატიულ ლიდერებთან მუშაობა, ტერმინი, რომელიც ზოგიერთისთვის შესაძლოა ახალი იყოს. კონკრეტულად, ვინ არიან შემოქმედებითი ლიდერები?

„კრეატიული ლიდერები შეიძლება იყოს ყველა, ვინც უძღვება შემოქმედებით გუნდს ან შემოქმედებით პროექტებზე მუშაობს. თანამედროვე სამყაროში შემოქმედებითი ლიდერობა ვრცელდება ტრადიციულად განსაზღვრული შემოქმედებითი ინდუსტრიების მიღმაც, ნებისმიერ ლიდერზე, რომელიც ინოვაციებზე ან ცვალებადი გარემოებების ადაპტაციაზეა ორიენტირებული. თუ თქვენ ხელმძღვანელობთ გუნდს, რომელიც ქმნით რაიმე ახალს ან ინოვაციურს, თქვენ კრეატიული ლიდერი ხართ. კრეატიული ლიდერის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს იდეების ხელშესახებ რეალობად გარდაქმნას“, – მპასუხობს მარი.

დაწვრილებით რომ აგვიხსნათ რას გულისხმობს გულზე დაფუძნებული ლიდერობის პრინციპები და როგორ შეუძლიათ კომპანიებს შეაფასონ ამ პრინციპების გავლენა ორგანიზაციის საერთო პერფორმანსზე?

„გულზე დაფუძნებული ლიდერობა არ არის ტექნიკა, არამედ ლიდერობის ჰოლისტიკური მიდგომაა, რომელიც ჩვენი, ადამიანური ბუნების შემეცნებაზეა დაფუძნებული. იგი ოთხი განზომილებისგან შედგება: ეთიკური (ღირებულებები და მიზნები), ემოციური (ემოციური ცნობიერება და ემოციების მართვა), ბიოლოგიური (ენერგეტიკული მართვა) და სულიერი (ინტუიცია და თვითრეალიზაცია)“, – მიხსნის მარი.

ეთიკური განზომილება: ეთიკური განზომილება ორიენტირებულია ჩვენი რწმენის, ხედვის, მისიის, ღირებულებებისა და მიზნების სიცხადეზე. საუბარია იმაზე, რომ გადაწყვეტილებები ძლიერ ეთიკურ საფუძველზე დაყრდნობით მივიღოთ.

ემოციური განზომილება: უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანები ემოციური არსებები ვართ. ემოციები არ კლასიფიცირდება დადებითად ან უარყოფითად, არამედ როგორც მაღალი ან დაბალი სიხშირის მქონე ენერგიებად, სასიამოვნოდ ან უსიამოვნოდ. ემოციები ამ გზით, ღირებულ ინფორმაციას გვაწვდიან. ეფექტურმა ლიდერებმა უნდა მართონ საკუთარი ემოციები და ხელი შეუწყონ პოზიტიურ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს საკუთარ გუნდებში.

ბიოლოგიური განზომილება: ბიოლოგიური განზომილება განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ გულს, როგორც ენერგეტიკულ ცენტრს. ლიდერობისთვის ენერგიის ეფექტურად მართვა და ამ ენერგიის მუდმივი შევსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენი აზრები და ემოციები მაღალი სიხშირით გამოირჩევა, ჩვენი ფიზიკური გული თანმიმდევრულად ფუნქციონირებს, რითაც საშუალება გვეძლევა სწორი ენერგიით დავიმუხტოთ.

სულიერი განზომილება: მიენდეთ ინტუიციას ‒ გამოიყენეთ თქვენში არსებული ღრმად ჩაფლული ინტუიცია, როგორც ინდივიდუალური, ასევე თქვენი ლიდერული მიზნების მისაღწევად. კრეატიული ლიდერები უსმენენ საკუთარ ინტუიციას და სხვებსაც იმავეს გაკეთებაში ეხმარებიან, რაც პიროვნულ და კოლექტიურ ზრდას უწყობს ხელს.

ფოტო: Ad Black Sea, Marie Reig Florensa

კომპანიებს გულზე დაფუძნებული ლიდერობის ინტეგრირება ამ განზომილებების მათ კულტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გათვალისწინებით შეუძლიათ. საუბარია ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თანამშრომლებს ორგანიზაციის მიზნებთან, ღირებულებებთან და ხედვასთან კიდევ უფრო დაახლოების შესაძლებლობა მიეცემათ. ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გულზე დაფუძნებულ ლიდერობას, თანამშრომლების კმაყოფილების, ინოვაციების და ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტურობის ზრდის მოწმენი ხდებიან.

ფლორენსას თქმით, არსებითად, გულზე დაფუძნებული ლიდერობა აერთიანებს ინდივიდებს, გუნდებსა და ორგანიზაციებს, რათა შეძლონ სინერგიული მუშაობა, ავითარებს მათ სრულ პოტენციალს გამოწვევების ნავიგაციისთვის, გადაწყვეტილებების მისაღებად და მიზნების მისაღწევად. აღნიშნული, ლიდერშიფის სტილი ეხმარება ლიდერებს გახადონ ორგანიზაციები მდგრადი, რომლებიც საკუთარ მიზნებს გაცილებით სწრაფად უახლოვდებიან და მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვთ, როგორც თანამშრომლებზე, ასევე გარემოზე.

მარი ამ პროცესებში ემოციების მართვის მნიშვნელობასაც განმარტავს ‒ „როდესაც ემოციურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ ემოციების დადებით და უარყოფით კლასიფიკაციაზე. ემოციები უნდა აღვიქვათ როგორც ენერგიად და ინფორმაციად, რომელსაც შემდგომში სწორი მართვა სჭირდება. საკუთარი ემოციების შემეცნება და მათი ინდივიდუალურად მართვა ორგანიზაციის შიგნით ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესების გასაღებია. ემოციები შეიძლება იყოს გადამდები, იმოქმედოს ურთიერთობებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციების ერთმანეთში გაცვლის მაღალი ხარისხის შენარჩუნება, ემოციური ხახუნის შესამცირებლად და სინერგიის გასაძლიერებლად.

ცოდნის ეკონომიკაში, სადაც ციფრული ურთიერთობა ჭარბობს, ემოციური ხახუნის მინიმუმამდე შემცირება და ურთიერთობების ხარისხის მაქსიმიზაცია აუცილებელია. ენერგიის მდგრადი დონეების შენარჩუნება გადამწყვეტია ემოციების ეფექტური მართვისთვის. ენერგიის მაღალი დონე აადვილებს ემოციების მართვას, ხოლო დაღლილობა აფერხებს ემოციების კონტროლს. როდესაც ენერგიის დონე მაღალია, პრობლემების გადაჭრა გაადვილებულია და თანამშრომლობა კი უფრო პროდუქტიული.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ გარკვეული სიხშირის ემოციური ხახუნი ადამიანური ურთიერთობების თანდაყოლილი ნაწილია. ემოციური ხახუნი შეიძლება იყოს ზრდისა და ადაპტაციის ნიშანიც. ამრიგად, ლიდერის მიზანი არ უნდა იყოს ემოციური ხახუნის სრულიად გაქრობა, არამედ მისი მართვა და შემცირება, რაც ორგანიზაციის შიგნით სინერგიას უწყობს ხელს“.

დღეს რიგი კომპანიებისა ამაყობს საკუთარი ღირებულებებითა და თვალისმომჭრელი მიზნებით, თუმცა არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც იგივე კომპანიები ივიწყებენ მათთავე გაცხადებულ ღირებულებებს. რა რჩევას მისცემდით ლიდერებს, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარი მიზნებისა და ღირებულებების ერთგულნი დარჩნენ?

„რა თქმა უნდა, ორგანიზაციებისთვის გულზე დაფუძნებული ლიდერობის მიდგომაზე გადასვლა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, უპირველეს ყოვლისა, კულტურული და ქცევითი ცვლილებების საჭიროების გამო“, ‒ მარი განმარტავს ‒ „თუმცა, ღირებულებებისა დაცვა და მიზნებისკენ სწრაფვა თვითრეფლექსიას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მუდმივ კონტროლს მოითხოვს. პირველ რიგში, როდესაც „გულიდან მართვას“ განვიხილავთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს მიდგომა სულაც არ არის რბილი, არამედ დღევანდელ ბიზნეს ლანდშაფტში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა გაურკვევლობისა და გამოწვევების გადასალახად. საუბარია კომპანიის სამუშაო პროცესში მაღალ ჩართულობასა და ეფექტურობის მიღწევაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კომპანიის განვითარებას და მომგებიანობას“.

მარის აზრით ‒ „გზა, რომელსაც კომპანია საკუთარი მისიისა და მიზნის მისაღწევად გადის, არ არის სტატიკური, არამედ უწყვეტი პროცესია. კომპანიის ფასეულობებისა და მისიის დეკლარაცია მხოლოდ დასაწყისია და აუცილებელია, რომ ლიდერმა ისინი აღიქვას, როგორც პროცესი, რომელიც საჭიროებს მუდმივ ტრანსფორმაციას. კომპანია მუდმივი განვითარების პროცესშია, რათა უფრო კარგად მოერგოს მისსავე გამოცხადებულ ღირებულებებს, მისიას და მიზანს. ეს ტრანსფორმაცია კი სიღრმისეულ თვითრეფლექსიას მოითხოვს.

ფოტო: Ad Black Sea, Marie Reig Florensa

კომპანიის გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ ღირებულებების, ხედვის, მისიისა და მიზნების ორგანიზაციის კედლებზე ასახვას, არამედ მათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სრულ ინტეგრაციას აქვს. ჩემი რეკომენდაციაა, გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ თავს გარკვეული დრო მისცეთ და კარგად დაფიქრდეთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ღირებულებები ამ პროცესში წინა პლანზეა. როდესაც აფასებთ ბიზნეს შესაძლებლობებს ან გამოწვევებს, ყოველთვის იფიქრეთ გრძელვადიან მიზანზე და კომპანიის ფუნდამენტურ ღირებულებებზე.

იფიქრეთ იმაზე, თუ რას გამოიწვევს თქვენი გადაწყვეტილება კომპანიის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი მიზნების მიმართებაში. როგორ შეესაბამება თქვენი ქმედებები თქვენს და თქვენი კომპანიის ღირებულებებს ამ კონკრეტულ მომენტში? ამ მიდგომის თანმიმდევრული პრაქტიკით, თქვენ უფრო მეტად მოერგებით თქვენს მიზნებს. ეს ფიგურის გასაუმჯობესებლად ფიტნეს დარბაზში რეგულარულად სიარულს ჰგავს; საუბარია არა მხოლოდ სავარჯიშო დარბაზის წევრობაზე, არამედ აქტიურ ვარჯიშზე, რომელსაც დროთა განმავლობაში შედეგი მოაქვს.

ეს კონცეფცია ეხება ბიზნესის ან ორგანიზაციის ეთიკურ კომპონენტებსაც. თქვენი კომპანია არ გახდება ეთიკური, ეთიკური პრინციპების მხოლოდ ჩამოწერით; ეს არის პროცესი და მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას, რაც საბოლოო ჯამში პიროვნულ, კოლექტიურ და ორგანიზაციულ ზრდას იწვევს. წარმატებული კომპანიები, რომლებიც ათწლეულებს უძლებენ, აცნობიერებენ კომპანიის ქმედებების შესაბამისობის მნიშვნელობას კომპანიის ღირებულებებთან და მიზანთან. ხოლო, კომპანიაში მომუშავე ინდივიდებს კი, კომპანიის მიზნების მიღწევის გრძელვადიან პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მუდმივად აძლევენ“.